არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ციხის უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი კადრები დაინიშნა. როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა გურიის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები არიან.
გურიის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ცირეკიძე, რომელმაც ბაჩო ახალაიას მოსვლისთანავე დატოვა თანამდებობა (როგორც წესი, განცხადება ნებაყოფლობით დაწერა), ორთაჭალის საპყრობილის უფროსად დაინიშნა.
მის მოადგილედ დანიშნეს გურიის მთავარი სამმართველოს უბნის რწმუნებულების უფროსი, ალეკო ბითველიშვილი.
კიდევ ერთი ძალოვანი გურიის რეგიონიდან – ურეკის პოლიციის უფროსი ბიჭია ჩხაიძე კი გეგუთის ციხის უფროსი გახდა.
ბირთველიშვილის ადგილი, გურიის მთავარი სამმართველოს უბნის რწმუნებულების უფროსის თანამდებობაზე უკვე დაიკავა გურამ ასათიანმა, რომელიც მანამდე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დეტექტივად მუშაობდა.
გეგუთის ციხის უფროსი ბიჭია ჩხაიძეა, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ერთი კვირის წინ დაინიშნა.
ახალი უფროსი ჰყავს ურეკის პოლიციის განყოფილებასაც, უჩა ჩაგუნავა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გურიის სამხარეო სამმართველოდან გადავიდა.
საკადრო გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბარში ორთაჭალის საპყრობილის უფროსის მოადგილე ალეკო ბირთველიშვილი ადასტურებს.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ორთაჭალის საპყრობილის უფროსმა დავით ცირეკიძემაც. ამ თანამდებობამდე იგი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამმართველოს, უფრო ადრე კი გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
ბიჭია ჩხაიძე და ალეკო ბითველიშვილი დავით ცირეკიძის კადრები არიან. ბიჭია ჩხაიძე წყალტუბოს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც ჯერ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორად მუშაობდა, შემდეგ კი ურეკის განყოფილების უფროსად გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ჩხაიძე წყალტუბოს პოლიციის უფროსის პოსტიდან „ნარკოტრანზიტის საქმის“ სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს. მაშინ, ამ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც თავად პრეზიდენტმა გააპიარა, ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადეს, რასაც არაერთი საკადრო ცვლილება მოჰყვა. მაშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი, კოტე არჩაია, სოდ-ის ქუთაისის განყოფილების უფროსი, ბაქარ ბაბუხადია და არჩაიას მოადგილე, შალვა ბოლქვაძეც.
რაც შეეხება გურიის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცირეკიძეს, მისი გურიაში მუშაობის დროს, ბევრი ყაჩაღობა და საქონლის გახშირებული ქურდობები იყო, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გაიხსნა. ცირეკიძემ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება განახორციელა გურიის პოლიციაში. თითქმის ყოველ თვე, სამსახურიდან ათავისუფლებდა და აქვეითებდა პოლიციელებს. უფრო მეტიც, სისტემიდანაც ძალიან ბევრი თანამშრომელი დითხოვა და გურიაში, თითქმის ყველა თანამდებობაზე, თავისი კადრები დანიშნა