რას ითხოვენ ცნობილი ქართველები ხელისუფალისგან

რას ითხოვენ ცნობილი ქართველები ხელისუფალისგან

სამშობლოს წინაშე ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია. მოქალაქეობრივ ვალს მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ვერ მოიხდი. ამ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა; თითქოს გარდატეხა მოხდა. თუ ერთი თვის წინ პოლიტიკაზე ლაპარაკი არავის უნდოდა, დღეს საკუთარი აზრის გამოთქმაზე უარს აღარავინ ამბობს. როგორი გინდათ იყოს თქვენი ქვეყნის ხელისუფალი? რას ურჩევდით მას? არის თუ არა პოლიტიკა ბინძური საქმე? - ეს და სხვა კითხვები ცნობილ ადამიანებს დავუსვი. აღსანიშნავია, რომ ისინი საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა დაფიქსირებას არ მოერიდნენ.

გუჯა ბურდული, მსახიობი:

- ბატონო გუჯა, რას ურჩევთ ხელისუფალს?
- სინდისი და ნამუსი ჰქონდეს, ქვეყანას და თითოეულ ადამიანს გაუფრთხილდეს. უშეცდომოდ ვერც ერთი ხელისუფალი ვერ მართავს ქვეყანას, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ხელისუფალს ვურჩევ, ფრთხილი იყოს, თორემ აღარაფერი ეპატიება. პარლამენტიდან მაჟორიტარი დეპუტატის გამოწვევის ინიციატივას მივესალმები. არჩევის უფლება თუ მაქვს, გადარჩევაც უნდა შემეძლოს.

- ქვეყნის მართვაში საზოგადოების როლი რამდენად დიდი უნდა იყოს?
- საზოგადოებამ ზედმეტი რაღაცების უფლება არც ერთ ხელისუფალს არ უნდა მისცეს.

- სააკაშვილის მთავრობის ყველაზე დიდ შეცდომად რას მიიჩნევთ?
- ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, ყველაფერს ნუ ჩამომათვლევინებთ.

- მიიჩნევთ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა?
- ცოტა რთული სათქმელია... ისე, კარგი პოლიტიკოსის ხელში ბინძური რატომ უნდა იყოს? ერი, რომელსაც კარგი ხელისუფალი ჰყავს, აუცილებლად ბედნიერი იქნება. ყველა პოლიტიკოსს გაუმარჯოს, რომელიც ამომრჩევლის ნდობას გაამართლებს.

- თავად პოლიტიკაში ჩართვა არასდროს გიფიქრიათ?
- მე მსახიობი კაცი ვარ!

- ხელოვანები პოლიტიკაში ხშირად მიდიან...
- ჩემს ქვეყანას რამეში თუ დავჭირდები და გამოვადგები, ამაზე კარგი რა უნდა გავაკეთო? მე ბურდულების წინამძღოლი ვარ. საკმაოდ დიდი გვარია და მათი წინამძღოლობა ადვილი საქმე არ არის.

ზურა ცინცქილაძე, მსახიობი:

- ჩვენ რუსთაველის ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გვმოძღვრავდა: "ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხესა ნედლად". ხელისუფალს მინდა ვურჩიო, რომ იყოს სამართლიანი მმართველი. უტიფრობა, ადამიანების ჩაგვრა-დაშინება, თავზეხელაღებულობა - ეს ხელისუფალის საკადრისი არ არის. არადა, დიდი ხანია, რაც სიტყვები - "როგორ გეკადრებათ" და "არ ვიკადრებ" აღარ გამიგონია. ამ ქვეყანაში უკადრებელი აღარაფერია. ძალადობის ზეიმი უნდა დამთავრდეს, ეს საშინელებაა! რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გახლდით. დადიანების ეზოში ვიჯექი. იქ სრული სიჩუმე იყო, მყუდროებას არავინ არღვევდა. კიბეზე ჩამოვჯექი და ფიქრებმა გამიტაცა. დადიანების მეგრულ-ლაზური დიალოგები გამახსენდა: "მობრძანდით, აგერ დაბრძანდით". "რა გესიამოვნებათ?" "იქნებ ამჯობინოთ"... მინდა, ადამიანებს შორის პატივისცემა დავიბრუნოთ. ამას ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი.

- თქვენი აზრით, ჩვენში ეს ყველაფერი რატომ დაიკარგა?
- ვირტუალურმა ურთიერთობებმა ბევრი რამ შეცვალა. ინტერნეტით ვიღაცას ესაუბრები ან მასთან მიმოწერა გაქვს, მერე მოგბეზრდება, დააჭერ ღილაკს ხელს და ისე "გააქრობ" შენი ცხოვრებიდან, რომ არც დაემშვიდობები; მერე მეორეს დაუწყებ ლაპარაკს. ეს ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ვირტუალურ სამყაროში როგორც იქცევი, მერე ის ჩვევები მოგყვება რეალურ ცხოვრებაშიც და ასე ბევრი ძვირფასი რამ იკარგება. თავად არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ადამიანს ელაპარაკები, ამ დროს მის მობილურზე ზარი შემოვა და უპასუხებს. მისთვის რატომღაც, ტელეფონის ზარი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ის ადამიანი, რომლის წინაც დგას. მთავარია, სამართლიანობის განცდა დაბრუნდეს ქვეყანაში. შეიძლება, მუდმივად იმ განცდით იცხოვრო, რომ გისმენენ? შეიძლება არც გვისმენენ, მაგრამ კომპლექსები გაგვიჩინეს. ვფიქრობ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ და მგონია, ვეფხვსაც შევებრძოლები, მაგრამ ტელევიზიით ციხის კადრები რომ უჩვენეს, ვერ ვუყურე. ვერ აღგიწერთ, რა დამემართა... ამ ყველაფრის მერე თავხედი ადამიანები გამოდიან და თავაწეულები, მორალს გვიკითხავენ. მე მათ ვეკითხები, - სირცხვილის გრძნობა აღარ გაგაჩნიათ? თავი მაინც დახარეთ. ისე, ცნობისათვის, ეს ადამიანის თვისებაა, ოღონდ - კეთილშობილი (ახლა ამ სიტყვასაც იშვიათად გაიგონებთ) ადამიანის.

- ხშირად ამბობენ, - პოლიტიკა ბინძური საქმეაო. ეთანხმებით?
- ბინძური ადამიანი ბინძურად აკეთებს პოლიტიკასაც, კინოსაც და კერძსაც.

- თქვენ პარლამენტის წევრი უკვე იყავით...
- პარლამენტის წევრი 1995-98 წლებში ვიყავი. თუმცა, ბოლო დროს პოლიტიკოსობაზე მართლა აღარ მიფიქრია. ქვეყანაში ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა: პოლიტიკაში მაინცდამაინც პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა მოხვიდე. მე მინდა, ჩემი აზრი ხალხს პარლამენტის გვერდის ავლით მივაწოდო. ყოფილ პარლამენტართა კავშირის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს გარეთ ვიმუშავებთ.

- თქვენ გვერდით ვინ შეიძლება ვიხილოთ?
- ყოფილი პარლამენტარები, რომლებსაც სიცრუე უტიფრად არ ულაპარაკიათ.

- რას ურჩევთ სამოქალაქო საზოგადოებას?
- აქტიურობას, ერთმანეთის გვერდით დგომას; არ უნდა გავთითოკაცდეთ, არ უნდა შევშინდეთ! ხელისუფლების ყოველ მცდარ ნაბიჯზე მყისიერი რეაქცია უნდა გვქონდეს და ეს აუცილებლად, ჩვენს მომავალზე აისახება. თუ თითოეული ჩვენგანი უკეთესი გახდება, უკეთესობისკენ შეიცვლება ჩვენი ქვეყანაც.

ნანუკა ხუსკივაძე, მსახიობი:

- მომავალ ხელისუფალს ვურჩევ სიბრძნე და გონიერება გამოიჩინოს. ქართველებს ასეთი მმართველი გვჭირდება. ეს ჩვენ ძალიან გვაკლია.

- მიიჩნევთ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა?
- რაც დღემდე მინახავს, იმის გათვალისწინებით, ამ გამონათქვამს ვეთანხმები, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, - იქნებ ასე არ იყოს-მეთქი?!

- სამოქალაქო საზოგადოებამ რა როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის განვითარებაში?
- საზოგადოება მნიშვნელოვანი სექტორია. ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვაკეთოთ ის, რაც კარგად გამოგვდის.

- დღეს ქართველი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზეა?
- ვფიქრობ, მოწოდების სიმაღლეზე ვართ.

ნიკუშა შენგელაია, მხატვარი:

- ხელისუფალს ვურჩევ, საზოგადოების მაჯისცემა არ დაკარგოს; ყოველთვის იცოდეს, რას ფიქრობს და რა სურს ხალხს. ხელისუფალი ადამიანებს უნდა ემსახუროს და არა - იმსახუროს. პოლიტიკა ქვეყნის მართვის მეცნიერებაა. თუ ადამიანები სამშობლოს გულწრფელად ემსახურებიან, მაშინ აღარავინ იტყვის, - ეს საქმე ბინძურიაო. ხელისუფალმა შეიძლება ყველაფერი ისე ვერ გააკეთოს, როგორც თავად სურს, შეიძლება კომპრომისზე წასვლაც მოუხდეს, მაგრამ საკუთარი კეთილდღეობა სამშობლოს ინტერესებზე წინ არ უნდა დააყენოს.

- რას ფიქრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე?
- სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქვეყანას აშენებს ხალხი და არა მხოლოდ პოლიტიკოსები. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია. როცა 4-5-მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი (ქვეყნის მასშტაბით) ადამიანი გამოდის და არსებულ რეჟიმს აპროტესტებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი აქტივობაა. მჯერა, ქართველი საზოგადოება უსამართლობას არ შეეგუება.

- ამის იმედი რატომ გაქვთ? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ წლების მანძილზე თვალი არაერთ უსამართლობაზე დავხუჭეთ...
- იმედი მაქვს, რომ ეს აღარ გამეორდება. ხომ ნახეთ, რამდენი სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში?! ეს სერიოზული ტალღაა. ქართველი საზოგადოება გამოფხიზლებულია. ხალხი მიხვდა, რომ არ შეიძლება სხვისი ტკივილი არ გაიზიარო, ჩაგრულს არ თანაუგრძნო, უსამართლობის გამო ხმა არ ამოიღო. ისედაც ცოტანი ვართ, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ.

ვერიკო ტურაშვილი, მომღერალი:

- როგორი გინდა იყოს ხელისუფალი, რომელიც შენი ქვეყნის მმართველი იქნება?
- პირველ რიგში, სამშობლო უნდა უყვარდეს, სამართლიანი იყოს და ადამიანებს არ გაუუცხოვდეს. მგონია, მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის წევრების ბრალი არ არის ის, რაც ჩვენს თავს ხდება; ამ ყველაფერში ცოტაოდენი ბრალი ყველას მიგვიძღვის, მაგრამ თანამდებობის პირებმა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

- რიგითი მოქალაქეების ბრალეულობას რაში ხედავ?
- ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე დავრწმუნდი, რომ ჩვენ სხვისი ტკივილის განცდა ნაკლებად შეგვიძლია. გამიჩნდა კითხვა: აუცილებელია, შენი შვილი იჯდეს ციხეში, რომ გეტკინოს ის, რაც იქ ხდებოდა?..

- ანრი ჯოხაძის პოლიტიკური პორნოგრაფია - "მიეცი" თუ ნახე? თავად ამბობს, რომ ეს კლიპი პროტესტის ნიშნად გადაიღო.
- დღეს დილით ვნახე. ანრი ჩემი მეგობარია. მან დროულად იცის ხოლმე გააქტიურება.

- ამ კლიპს ქართველი საზოგადოება როგორ მიიღებს?
- იმ კადრების გამო, რომელიც კლიპშია, არა მგონია, კარგად მიიღონ. თუმცა, პირადად მე, ანრის ვგულშემატკივრობ და მისი ყველა ნამუშევარი მომწონს.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ აიწია თუ არა, ბერდია ბერიაშვილის ლექსი - "მიეცი" გამახსენდა, რომელიც თავის ქალწულ მეგობარს მიუძღვნა. ბერდიას შვილს - თამთას დავუკავშირდი და ვთხოვე, სრული ვერსია გამოეგზავნა. ასე დაიბადა კლიპი, რომელიც საარჩევნო მარათონს მიესადაგება. მუსიკის ავტორი და რეჟისორი თავად ვარ. ამ კლიპის გაშვება პირველად ტელეეკრანზე მინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჩემი სურვილი იყო, კლიპი მაყურებელს მანამდე ენახა, ვიდრე არჩევნები ჩაივლიდა.

- მსახიობების დათანხმება არ გაგიჭირდა?
- არა. ყველამ იცოდა, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ჯანსაღი შეფასება იქნებოდა. პოლიტიკოსმა, რომელიც გამოდის ტრიბუნაზე და საზოგადოებას სთხოვს, - არჩევანი ჩემზე გააკეთეო, იმავე საზოგადოებისგან მომავალში ყველანაირი კრიტიკა უნდა მიიღოს. კეთილი უნდა ინებონ და ყურადღებით მოგვისმინონ.

- ამ კლიპით რას აპროტესტებ?
- გამოვიყენე ჩვენი პოლიტიკოსების "მაზალო" ციტატები და კლიპში ჩავურთე. ეს კლიპი არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების მიმართ პროტესტიც არის. ერის ინერტულობას ვაპროტესტებ. როგორი საზოგადოებაც ვართ, ის ხელისუფლება გვყავს. არ შეიძლება, ერი ამ დონეზე იყოს პოლიტიზირებული, რომ მეგობრები ერთმანეთს "ჭამდნენ". ბევრ ქვეყანას უჭირს, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს არ ლანძღავენ, არ ხოცავენ. ეს კლიპი მხოლოდ პორნოგრაფია არ არის, ბევრი დეტალისგან შედგება და დაფიქრებას მოითხოვს. იქ, სადაც განსხვავებული აზრის მოსმენა არავის უნდა, სადაც ამისთვის ერთმანეთს ლანძღავენ და დედას აგინებენ, ვერ იტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება შემდგარია.

- რას ურჩევ მომავალ ხელისუფალს?
- ხალხთან ახლოს იყოს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ახალ პარლამენტში მოვლენ, ამომრჩევლებთან კონტაქტი არ გაწყვიტონ.

- კლიპი უხამსი სცენებითაა გაჯერებული. ბევრი გაგაკრიტიკებს, ამისთვის მზად ხარ?
- ჯანსაღი და არგუმენტირებული კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვარ.

მამა მირიანი (ფალიანი):

- მინდა, ჩემს ქვეყანას გონიერი მმართველი ჰყავდეს, რომ ხელისუფალს ხალხის ტკივილი სტკიოდეს და მათთან ერთად ხარობდეს. ადამიანების ხელყოფას, დამცირებას, დაშინებას და დათრგუნვას ადგილი აღარ ჰქონდეს. ჩვენი კაცობის, ენის, მამულისა და სარწმუნოების შებღალვა არავის გააბედვინოს. ხელისუფალი ხალხის იმედი უნდა იყოს. ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგვცეს, უფალმა დაგლოცოთ!

P.S ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ პერიანდორეს (კორინთოს ტირანი) ცნობილი გამონათქვამი გამახსენა: "ხალხის ძალაუფლება ტირანიაზე ძლიერია. ტკბობა წარმავალია, პატიოსნება - უკვდავი. შეცდომას ნუ დაუშვებ, მაგრამ თუ დაუშვი, გამოასწორე".