„საზოგადოებრივ მაუწყებელზე", ერთი-მეორის მიყოლებით, ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას გადაცემები დაიხურა.
არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, ეკა ხოფერია არხზე დაბრუნებას არ აპირებს, ვახო სანაია კი ბრძოლას გააგრძელებს და არხიდან წასვლას არ გეგმავს.
როგორც ირკვევა, გია ჭანტურიას ხელმძღვანელობის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთლად სიამტკბილობა არ ყოფილა და უკვე არხიდან წასული ჟურნალისტები სათქმელს პორცია-პორცია ამჟღავნებენ. ჟურნალისტები For.ge-სთან საუბარში არ მალავენ, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ გია ჭანტურია მათ არ ენდობოდა და ისინი ერთი გუნდი არასდროს ყოფილან. ამდენად, საინტერესოა, როგორ მოახერხეს ჟურნალისტებმა ჭანტურიას წნეხის ქვეშ მუშაობა და რატომ გაამჟღავნა გია ჭანტურიამ მაინცდამაინც ახალი ხელისუფლების პირობებში საკუთარი თანამშრომლების მიმართ რეალური დამოკიდებულება?!
საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ასეთივე გაურკვეველი ვითარებაა ტელეიმედზეც, სადაც საინფორმაციო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა დაიხურა. მათ შორის, "დღის შოუ", ოთარ ტატიშვილის იუმორისტული გადაცემა. ამავდროულად, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეიმედზე მისი შოუს დახურვასაც აანონსებს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
"პირდაპირ ასე დავიწყებ: რაც შეეხება „ნანუკას შოუს“, სეზონის რამდენიმე გადაცემა უკვე ჩაწერილია, ასევე გადაცემა უკვე შეძენილი აქვთ სპონსორებს და არსებობს ვალდებულებები... მოკლედ, მივალთ ამ სეზონის ბოლომდე, მერე ვნახოთ... მაქვს სხვა საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ მანამდე ეს სეზონი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ფაქტიურად მეც მალე დამშვიდობება მომიწევს. მანამდე, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ რამდენიმე სამშაბათი ისევ ერთად ვართ. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
For.ge ვახო სანაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს ესაუბრა.
ვახო სანაია გია ჭანტურიასთან არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულების სააშკარაოზე გამოტანას არ აპირებს, თუმცა აღიარებს, რომ მათ შორის მისაღები ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა.
ამასთან, ვახო სანაია ბოლო ორი დღის განმავლობაში გია ჭანტურიას მიერ ურთიერთგამომრიცხავი საუბრით გაურკვევლობაშია.
ჭანტურიამ მას ჯერ უთხრა, რომ ყველა თოქ-შოუ, პოლიტიკური გადაცემა უნდა გააჩეროს, რადგან არ სურს, ამ სიტუაციაში პოლიტიკური გადაცემები გამოვიდეს. ვახო სანაიამ კი ეს მაშინვე გააპროტესტა, როგორც აბსოლუტურად მიუღებელი რამ და ჭანტურიას დაჰპირდა, რომ ამის შესახებ ღიად იტყოდა და ამას საჯარო ინფორმაციად გადააქცევდა. ამის შემდეგ გია ჭანტურიამ კონსულტაციები ჩაატარა, ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეხვდა და საბოლოოდ უთხრა, რომ სხვა გადაცემებს დატოვებდა, პირადად ვახო სანაიას გადაცემას კი არ დატოვებდა, რადგან არ სურდა, სანაიას პოლიტიკური შინაარსის გადაცემები წაეყვანა. ამიტომ მისი გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი საუბრის მიუხედავად, ვახო სანაია არხზე რჩება, რადგან მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სხვა გადაცემაც - „ევროპული არჩევანი“.
„მომავალი კვირის ოთხშაბათს ამ გადაცემაში ზუსტად მედიის საკითხებზე იქნება მსჯელობა და ფართო საზოგადოებას მოვიწვევ. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ. ჭანტურიას ჩემი გადაცემის შეჩერების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ვერანაირად ვერ შემიჩერებს კონტრაქტს და არც შეუწყვეტია, რადგან ამის საფუძველი ბუნებაში არ არსებობს. ყველაფერს გავაკეთებ, ეს გადაცემა აღვადგინო და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც შეიძლება, მეტი პოლიტიკური შინაარსის გადაცემა გავიდეს“,-აცხადებს ვახო სანაია.
რაც შეეხება გია ჭანტურიასთან დამოკიდებულებას, ვახო სანაია კიდევ ერთ უსიამოვნო საუბარს იხსენებს. რამდენიმე კვირის წინ იგი სტუდენტების აბსოლუტურად არაპოლიტიკურ აქციაზე ჩავიდა და მათ სრულიად სამართლიან მოთხოვნას შეუერთდა, რადგან პირველსავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი კადრიც არ აჩვენა პატიმრების წამების შესახებ და არაადექვატური იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„მაშინ მე საჯაროდ შევხვდი ჭანტურიას, მოვითხოვე, რომ პოლიტიკური მიმართულება უნდა აეღო ჩემს გადაცემას, უნდა მოწყობილიყო ფართო დისკუსიები ამ თემებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ახლა შიდა კულუარულ მოლაპარაკებებს არ მოვყვები, მაგრამ, დიდი დავიდარობის შემდეგ საბოლოოდ ასეთი შედეგი გამოვიტანე, რომ საზოგადოებასაც სურდა, ფართო დისკუსია გამართულიყო საზოგადოებრივ არხზე. მე ამას მივაღწიე. როგორც ჩანს, ამან უკმაყოფილება გამოიწვია. ამდენად, როცა შაბათს პირდაპირი ეთერი მქონდა და გადაცემის თითქმის ყველა სტუმარი დაპატიჟებული მყავდა, საბოლოოდ, ჭანტურიამ გამომიცხადა, რომ ის ხურავდა და აჩერებდა ჩემს გადაცემას. იგი სხვა წამყვანებსაც შეხვდა. როგორც ჩანს, რაღაცაზე მოილაპარაკეს“.
ჟურნალისტის თქმით, გიორგი ჭანტურიას პირდაპირ უთქვამს ვახო სანაიასთვის, შენ ხომ გაქვს კარგი შემოთავაზებები?! ამდენად, შეგიძლია, წახვიდეო. სანაიას უპასუხია, რა თქმა უნდა, მაქვს ბევრად მაღალანაზღაურებადი შემოთავაზებები სხვა მედიასაშუალებებში, მაგრამ მე არ ვაპირებ ფარ-ხმალის დაყრას და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლას.
სანაია მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა. ამდენად, ბოლომდე აპირებს ბრძოლას ამ უფლებებისთვის.
„ამის შესახებ მე არასდროს არ ვილაპარაკებ. ეს არ არის ჩემი სტილი, მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც შეიძლება იყოს საჯარო და რაც არის საზოგადოებრივი ინტერესი. თორემ, მე და ჭანტურიას არასდროს გადასარევი ურთიერთობა არ გვქონია. ახლა მე არ შევალ ამ დისკუსში, რადგან სწორი არ იქნება, ვილაპარაკო ჩვენს პიროვნულ ურთიერთობებზე. პრობლემების შიგნითვე მოგვარება სანამდეც შემეძლო, ამას ვაკეთებდი. სხვათა შორის, გადაცემა, რომელსაც ოთხშაბათს ვგეგმავ, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, ყველაზე დაბალანსებულ გადაცემად გამოცხადდა. ევრაზიის ფონდი მიერ არის ეს გადაცემა დაფინანსებული,“-აცხადებს ვახო სანაია.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო და ახლა არ არის იმის დრო, ვიღაცამ პოლიტიკური მიმართულების გადაცემები დახუროს. ასეთი რამ გაუგონარი და წარმოუდგენელი იქნება.
„ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგი იყოს. თუ აქ დავყრი ფარ-ხმალს და გადავალ სხვა მედიასაშუალებაში, ამით ვერც საზოგადოებრივი მაუწყებელი და ვერც საზოგადოება ვერ ისარგებლებს. შესაძლოა, ერთადერთმა, მე მივიღო სარგებელი, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. ციხის კადრებმა ყველა ადამიანზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ჩვენ ციხის პრობლემებზე ჯერ კიდევ როდის ვლაპარაკობდით, ჯერ კიდევ როდის გვყავდა მოპატიჟებული სახალხო დამცველი გადაცემაში „ევროპული არჩევანი“.
ვახო სანაიას თქმით, მართალია, მას ციხეებში გაუპატიურების შესახებ კონკრეტული კადრები არ ჰქონია, თუმცა ამ თემას მან არაერთი გადაცემა მიუძღვნა.
ნანუკა ჟორჟოლიანი For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ საკუთარი გადაცემის დახურვის შესახებ არხის დირექციამ მას პირდაპირ გამოუცხადა.
"მოგეხსენებათ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მე გადაცემის მაუწყებლობა შევაჩერე და არხი არქივს იმეორებდა. წლის ბოლომდე ჩემი გადაცემა გაყიდულია, სასპონსორო პაკეტები აღებული აქვთ „ვითიბი ბანკსა“ და „სილქნეტს“. შესაბამისად, 2013 წლის იანვრის ბოლომდე სპონსორებთან ვალდებულება არსებობს. ამიტომ ეს გადაცემები უნდა ჩაიწეროს. ამასთან ერთად, დარჩენილი გადაცემების რესურსი მაქვს, რაც არ გავიდა ეთერში“,-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მისივე მონაცემებით, 2013 წლამდე მისი გადაცემა იარსებებს და ამის შემდეგ უკვე დახურულად ჩაითვლება. არხის განმარტებით, ისინი პოლიტიკური თოქ-შოუების გაკეთებას აპირებენ და, ძირითადად, საინფორმაციო სამსახურებზე იქნებიან ორიენტირებულნი. თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მას მორალური ვალდებულება აქვს ადამიანებთან აღებული, იმავე ღამის შოუს წევრებთან, რადგან ღამის შოუს ბირთვმა ყველაფერი გააკეთა, რათა მისი გადაცემა შემდგარიყო.
მანვე ტელეიმედზე პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთების შეთავაზება მიიღო, თუმცა ამჯერად მისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი გადაცემა ბოლომდე მიიყვანოს.
„სწორად გამიგეთ, „რუსთავი 2“-იდანაც წამოვსულვარ, მაგრამ მსგავსი განცდა ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მქონია. საავტორო გადაცემა მაინც სხვა ყოფილა და მე მართლა ბევრი რამ ჩავდე ამ გადაცემაში. ახლა ვფიქრობ, როგორმე იმ დარჩენილი გადაცემების ჩაწერა მოვახერხო, რომ რაღაც შემაჯამებელი გადაცემა გავაკეთო“.
არხის გადაწყვეტილების მიუხედავად, ნანუკა ჟორჟოლიანის ოცნებაა, რომ „ნანუკას შოუ“ ისევ ჩვეული სახით გავიდეს ეთერში, რადგან მისთვის ეს არის შვილობილი გადაცემა, მისი მესამე შვილი. ამდენად, ნანუკას ჟურნალისტური ოცნებაა, ეს შოუ ეთერში ისეთად დარჩეს, როგორც არის. თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ისიც ცხადია, რომ ამას სპონსპორი სჭირდება.
„ალბათ, არხს გაუჭირდება ამის დაფინანსება. ჩემი კოლეგებისთვის თუ არ არის ამის შესაძლებლობა, ჩემთვისაც არ არის. ბევრს კი წითელი კვერცხი და განსაკუთრებულად განებივრებული გოგო ვგონივარ, მაგრამ ასე არ არის“.
ტელეიმედის გარდა, სხვა შემოთავაზებებზე ნანუკა ჟორჟოლიანს საუბარი არ სურს.