"ნაციონალების დამარცხებას მოველოდი, მაგრამ მას შემდეგ რაც ციხის საშინელებებისა და ვანდალიზმის ინფორმაცია გავრცელდა და საზოგადოებამ იხილა, ასეთი შედეგის მიღება უკვე აშკარა იყო. როდესაც "მრგვალი მაგიდა" მონაწილეობდა არჩევნებში, ჩვენ დაახლოებით 30%-ს ვვარაუდობდით, მაგრამ მოხდა სასწაული, რადგან კომპარტიასა და დანაშაულებრივ კომუნისტურ რეჟიმს ვერ აპატიეს 9 აპრილი. ანალოგიური განაჩენი გამოუტანა საქართველოს მოსახლეობამ იმ დანაშაულებრივ და კრიმინალურ რეჟიმს, რომელმაც მრავალი სისასტიკე ჩაიდინა", - აცხადებს უზენაესი საბჭოს დეპუტატი თენგიზ დიხამინჯია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ დიხამინჯია: "ნაციონალური მოძრაობა უნდა გავაუვნებელყოთ".
"არა მხოლოდ ქართველი ერის ისტორიაში, მსგავსი კოლექტიური ვანდალიზმის ჩადენის პრეცედენტი არ მონახება მსოფლიო ისტორიაშიც - მოვიძიე და რაც მე-8 საპყრობილეში ხდებოდა, მსგავსი კოლექტიური ვანდალიზმის ფაქტები ვერ ვნახე. ნაციონალები თამაშგარე მდგომარეობაში არიან, ისინი განიდევნენ ქართული ეროვნული სხეულიდან. ეს იყო შედეგი. ბრძოლა გრძელდება, საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა. უნდა მოხდეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის, მისი იდეოლოგიისა და პოლიტიკური სისტემის გასამართლება, რის შედეგადაც ნაციონალები გაუვნებელყოფილი იქნებიან - წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ დიხამინჯია.
"რაც ხაშურში მოხდა, იმას ეთერიდან ვადევნებდი თვალს. წარმოუდგენელია საკუთარ მოქალაქეებს ხელისუფლებამ ომი გამოუცხადოს. ეს იყო სააკაშვილისთვის ბოლო კუდის მოქნევა - კონკრეტულად, გელაშვილის მიმართ ანგარიშსწორება. გახსოვთ, ალბათ სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - მოხდა დეპუტატის განიარაღება და სასიკვდილოდ ცემა. ამაზე მაშინ არავინ დასჯილა. იმ დანაშაულს ვადა არ გასვლია. ეტყობა, სააკაშვილს ისეთი რთული ფსიქიკა აქვს, რომ ანგარისწორებას მიმართავს. ისე, ვერ ამიხსნია, სპეცნაზი, რომლის დანიშნულებაა გარე მტრის მოგერიება, თავის საკუთარ მოსახლეობას ატერორებს", - დასძენს თენგიზ დიხამინჯია და შეკითხვას - " საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს თანამშრომლობისკენ რომ მოუწოდებს?" - პასუხობს:
"საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მხოლოდ ერთადერთი სტრატეგიული მიზანი - საქართველოში შენარჩუნდეს მშვიდობა და არსებული სისტემა, რომელიც აქამდე რაღაც სახით მოვიდა. მათ არ უნდათ არსებული ბალანსის დარღვევა და არეულობა. მათი ინტერესები და ძირითადი სტრატეგია გადის თანამშრომლობასა და გარკვეულწილად კომპრომისზე. ეს კომპრომისი ქართველ ერზე, მის სამართლებრივ სისტემაზე, მის მომავალზე როგორ აისახება, სულ სხვა პრობლემაა. აქ საქართველოს მოსახლეობამ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. ეს არ არის მხოლოდ ახლად არჩეული პარლამენტის და ბიძინა ივანიშვილის გასაკეთებელი საქმე. ივანიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა და წარმოუდგენელი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში. მაგრამ ბრძოლა გრძელდება და ეს არ იქნება ხავერდოვანი. არ იქნება იოლი. ძალიან რთული პროცესი გველის წინ. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომლებიც აკრძალული წესებით მოქმედებდნენ, მოქმედებენ და ყოველთვის იმოქმედებენ".