"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატთა კორპუსი ორშაბათიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მოთხოვნით აქციების გამართვას აპირებს. ხატიაშვილის თქმით, ეს ადამიანები პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებიან. ამ პატიმართა შორის იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი კახაბერ მუმლაძე, რომელიც სწორედ გუშინ, ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს გათავისუფლდა პატიმრობიდან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ადვოკატთა ასოციაცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ითხოვს / ზაზა ხატიაშვილი: "ორშაბათამდე თუ ამ ადამიანებს არ გაათავისუფლებენ, ჩვენ აქციებს აუცილებლად დავიწყებთ".
"უნდა გაათავისუფლონ ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური ნიშნით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის - "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ. მართალია, ჩვენს ადვოკატზეც იყო საუბარი, მაგრამ მხოლოდ მის განთავისუფლებას არ ვითხოვთ. ყველა უნდა განთავისუფლდეს, ვინც მიტინგებზე დაიდოდა და ამის გამო დააკავეს. მათ უფლება აქვთ თავისი აზრი მშვიდობიანად გამოხატონ. სხვადასხვა ბრალდებებია. მაგალითად, თითქოს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. აი, ასე დაჭერილი ადამიანები, რომელიც უშუალოდ მიტინგებზე და მიტინგების შემდეგ პარტიული ნიშნით დაიჭირეს, უნდა გაათავისუფლონ",- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.
"თუ რა ბრალი წარუდგინეს ოფიციალურად და რაზე არიან ეს ადამიანები რეალურად დაკავებულები, ეგ ყველაზე კარგად სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, კუბლაშვილმა და ადეიშვილმა იციან. ჰოდა, როგორც დაიჭირეს უკანონოდ, ისე უნდა გაათავისუფლონ. ჩვენ, ადვოკატთა კორპუსი, იმიტომ არ ვიდექით ამდენი წელი ქუჩაში და იმიტომ არ ვითხოვდით სამართლიან სასამართლოს, იმიტომ არ ვაპროტესტებდით უკანონოდ დაკავებულებს, რომ ახლა "ქართული ოცნების" გამარჯვების გამო ეიფორიაში ჩავვარდეთ და სააკაშვილის რეჟიმს ის უბედურებები შერჩეს, რაც ჩაიდინა. ყველა სისხლის სამართლის მოსამართლე უნდა დაისაჯოს, რადგან ისინი ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები იყვნენ და მოქმედებდნენ პრინციპით "ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". მე საოლქო საარჩევნო კომისიაში ელისო ჩაფიძის ინტერესებს ვიცავდი, ტყიბულის 57-ე საარჩევნო ოლქში. ღამის 12 საათზე ელისო ჩაფიძის მომხრეებს დაურეკეს და ყველა დაკითხვაზე დაიბარეს. როცა მე და ელისო 12 საათზე პოლიციაში მივედით, პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ 2 ოქტომბერს ელისო ჩაფიძის წარმომადგენლები პოლიციაში უნდა გამოცხადებულიყვნენ, რადგან მათ ბრალად ქრთამის აღება ედებოდათ. მე დავურეკე ჩემს მეგობარ ეკა ბესელიასა და ზაქარია ქუცნაშვილს და აღმოჩნდა, რომ მთელ საქართველოში იდენტური სიტუაცია იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაა. მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ადმინისტრაციული წესით დაპატიმირებულები უნდა გაათავისუფლონ. მათი განთავისუფლება ძალიან ადვილია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. ისე, როგორც ჩვენი ადვოკატი გაათავისუფლეს. მან, ვინც მათი დაპატიმრება მოითხოვა, შეუძლია გათავისუფლებაც იგივენაირად მოითხოვოს", - დასძენს ზაზა ხატიაშვილი და შეკითხვას - "განაცხადეთ, რომ ორშაბათიდან აქციების დაწყებას გეგმავთ. რა სახის იქნება აქციები და როდემდე გასტანს?" - პასუხობს:
"ორშაბათამდე თუ ამ ადამიანებს არ გაათავისუფლებენ, ჩვენ აქციებს აუცილებლად დავიწყებთ. თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების უკანონო პატიმრობა გაგრძელდა, ადვოკატთა კორპუსი ამისთვის მზაობას გამოთქვამს. სააკაშვილის რეჟიმის გაღიმებულ სახეებს კი არ უნდა ვუყურებდეთ, მათი გასამართლებაა საჭირო, ვინც ქვეყანა ამ ზომამდე მიიყვანა. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმის იქნება აქციები და რამდენ ხანს გასტანს. ამას ადვოკატთა კორპუსი ორშაბათს გადაწყვეტს".