საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. ჯანომ ამ გზით იმ კრიტიკას უპასუხა, რომელიც ბოლო დროს შეხვდა. კერძოდ, ანანიძე საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ირლანდიაში არ გაჰყოლია, თუმცა დღეს „კრილია სოვეტოვში“ ითამაშა.
ამასთან დაკავშირებით, ქართველ ფეხბურთელს განცხადების გავრცელება მოუწია და განმარტა სტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა.
„მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებსა და მხარდაჭერებს გვერდში დგომისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ძალიან დადებითი გზავნილები მივიღე, შვეიცარიელი ფეხბურთელისთვის გაწეული იმ მცირე დახმარებისთვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე. მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღიანი პაუზა ამეღო. 23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, სრულად მოშუშდება და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები ჩემი ნაკრებისთვის და ასევე გუნდისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ჯანომ ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, ანანიძის „კრილია სოვეტოვი“ შინ ტულის „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 74 წუთი გაატარა.