ხუან გუაიდომ 6 აპრილს ნიკოლას მადუროსგან „გათავისუფლების ოპერაცია“ დააანონსა

ხუან გუაიდომ 6 აპრილს ნიკოლას მადუროსგან „გათავისუფლების ოპერაცია“ დააანონსა

ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ და ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ 6 აპრილს "თავისუფლების ოპერაცია" დააანონსა, რომლის მიზანიც ქვეყნის დეფაქტო პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თანამდებობიდან ჩამოგდებაა. ამის შესახებ გუაიდომ Twitter-ზე დაპოსტა.

6 აპრილს ქვეყნის მასშტაბით დაიწყება "ტაქტიკური აქციები". გუაიდოს თქმით, ამ დღეს მოქალაქეები უნდა იყვნენ მზად და ორგანიზებულები, ხოლო დახმარებისა და თავისუფლების კომიტეტი უკვე ჩამოყალიბებულია.

მეორე ტვიტში ხუან გუაიდო წერს, რომ მისი მხარდამჭერები მზად არიან, ვენესუელაში "უზურპაციის შეწყვეტას" მიაღწიონ.

როგორც El Comercio წერს, "თავისუფლების ოპერაციის" მიზანია, აიძულოს მადურო თანამდებობიდან გადადგეს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.