საიდუმლო შეხვედრები ახალაიების აპარტამენტში

საიდუმლო შეხვედრები ახალაიების აპარტამენტში

გუშინ, თავდაცვის სამინისტროს თხუთმეტამდე მაღალჩინოსანი სტუმრობდა. მათ შორის, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყოფილი თავდაცვისა დ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაიაც იყო. შეხვედრა გაერთიანებული შტაბის შენობაში, მე-9 სართულზე განთავსებულ ე.წ ახალაიების აპარტამენტში შედგა. სამთავრობო ჯიპებმა თავდაცვის სამინისტროში მისვლა საღამოს 9 საათზე დაიწყეს და სამი საათის შემდეგ დატოვეს იქაურობა.როგორც ამბობენ, სამინისტროდან აეროპორტში წასული ჯიპების ეს კოლონა დააფიქსირა ტელეკომპანია „მაესტროს“ კამერამ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით, ჩინოვნიკებს ქვეყანა არ დაუტოვებიათ და აეროპორტში მათი გამალებული მიმოსვლა ფულისა და ძვირფასი ნივთების გატანის მიზნით ხდება.

აღსანიშნავია რომ მთელი ამ ხნის განმავლობში თავდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და გამოცხადებული იყო ეწ. ყაზარმული.

„გურია ნიუსმა“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ამის მიზეზი ჰკითხა, ნინო პოტრჟებსკაიამ გვთხოვა შეკითხვა მისთვის ელექტრონული ფოსტით გაგეგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მოუწერია. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გაძლიერებული დაცვა სწორედ ყოფილი ჩინოვნიკების გასაიდუმლოებულ ვიზიტებს უკავშირდებოდა,რათა ისინი მაქსიმალურად ყოფილიყნენ დაცულები.ბაჩო ახალაიას დაცვის წევრები სამინისტროში დღეს დილითაც გამოჩნდნენ, თუმცა გუშინდელივით ჯიპების მიმოსვლა არ ყოფილა. როგორც ჩანს, ახალაიების აპარტამენტში გუშინ მათი უკანასკნელი ვიზიტი შედგა, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ამ საღამოს ყაზარმული მდგომარეობა გააუქმა და თანამშრომლები სახლებში გაუშვა.

„გურია ნიუსმა“ ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გია ხუხაშვილს სთხოვა.

”რა თქმა უნდა, მას ამის უფლება არ აქვს, თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას საერთოდ რა ესაქმება, მე არ ვიცი. ყოფილი ხელისუფლება ჯერ კიდევ არსებობს, ჯერჯერობით არ მომხდარა ხელისუფლების გადმობარება და ამიტომ, მოვუწოდებ მათ, მოთოკონ საკუთარი გუნდის წევრები და მათ არაადექვატურ საქციელებზე ჰქონდეთ რეაქცია.თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ რა შეუძლიათ?”-განაცხადა ხუხაშვილმა „გურია ნიუსთან.“

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამინისტროების ბალანსზე არსებული 80- ათას ევროდ ღირებული ჯიპების კერძო პირებზე გადაფორმება ხდება , ასევე ხდება იარაღის გაჩუქება და სხვა პირებზე გაფორმება. ამ ინფორმაციამ მინისტრების მძღოლებისგან გაჟონა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბრდია ამბობს, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, აუცილებლად მოხდება ფინანსური დოკუმენტაციის რევიზია და ყველა დამნაშავე ჩინოვნიკი დაისჯება.

”ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა სახელმწიფო ბალანსზე არსებული ძვირადღირებული მანქანების გადაფორმება ხდება აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი ჩინოვნიკების ახლო ნათესავებზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სინამდვილეს შეესაბამებოდეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოხდება „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაცემა, აუცილებლად დაიწყება იმ სამუშაობის რევიზია და გადაფასება, რაც ძველი ხელისუფლების მიერ ჩატარდა. თუ ბიუჯეტიდან ნაყიდი მანქანების გადაფორმება მართლაც ხდება ფიზიკურ პირებზე, არა მგონია ასეთი ადამიანები არ დარჩნენ დაუსჯელნი.რა თქმა უნდა, თუ დადგინდა რომ ასეთ ფაქტებს მართლა ჰქონდა ადგილი, მით უმეტეს აქ საუბარია 70-80 ათას დოლარად შეფასებულ ავტომანქანებზე,”-აცხადებს თეონა აქუბარდია „გურია ნიუსთან“ საუბარში. გია ხუხაშვილიც და თეონა აქუბარდიაც აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას არანაირი უფლება არ აქვს, თავისუფლად გადაადგილდებოდეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და სახელმწიფო შენობას პირადი მიზნებისთვის იყენებდეს.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ახალაიას აპარტამენტიდან ავეჯის და ძვირფასი ნივთების გაზიდვა ჯერ კიდევ არჩვენებამდე დაიწყო ბაჩო ახალაის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ. მე-9 სართულზე განთავსებულ ეწ სამუშაო კაბინეტს აუზი, ძვირფასი ავეჯი და ჯაკუზები ამშვენებდა. სხვათაშორის, იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა მინისტრ შაშკინს. აპარტამენტს ემსახურებოდა პერსონალური გარე ლიფტი, რომლითაც მხოლოდ ძმები ახალაიები და მათი მეგობრები სარგებლობდნენ.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ ჩინოვნიკებს სახელმწიფო ქონების განიავება და მითვისება არ შერჩებათ.

”მათ რა ჰგონიათ, რომ ეს ქონება შერჩებათ? ამბობენ, ფული გააქვთ, ამას შვრებიან, იმას შვრებიანო. 21-ე საუკუნეა, სად დაიმალება ეს ყველაფერი? უბრალოდ, ძველ დანაშაულს ახალ დანაშაულს უმატებენ და რა მერე? შედეგი რა იქნება? ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, ხვალინდელ დღეში გახედვა უჭირთ, ამ ხელისუფლების ბუნება იყო ასეთი , მათ სტრატეგიული აზროვნება არ ჰქონდათ, არ ფიქრობდნენ შვილებზე, მათ მომავალზე, ეს მათი სახეა და ამ პროცესის დრამატიზებას არ დავიწყებ, გადმოიფორმონ ეს ჯიპები და მერე ვნახოთ, როგორ მოეკითხებათ,”-აცხადებს ხუხაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.