როცა ტელევიზიით გლდანის ციხეში მომხდარი წამების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, ყველამ _ პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი «ნაციონალით» დამთავრებული _ თავში ხელი შემოირტყა, ეს რა ამბავი ყოფილა ჩვენ გარშემო და როგორ არ ვიცოდითო. არადა, საქართველოში ბავშვმაც კი იცოდა, რომ ციხეებში «ცუდი ძიები» მუშაობდნენ. სხვათა შორის, ციხეში მომუშავე «ცუდი ძიების» შესახებ ჩემი ერთი ნაცნობის შვილმა მითხრა, რომლის მამაც სამსახურიდან «წაიყვანეს», ანუ დაიჭირეს... მოკლედ, სანამ თავს ვიტყუებით, ხელისუფლებაც გვატყუებდა, თვალს, როგორც იტყვიან, გარეგნული ბრწყინვალებით გვიხვევდა და ჩვენც, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიჯერებდით, რომ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ქვეყანაში, რომლის პენიტენციალურ რეფორმებსაც თავის ციხეებში თვით საფრანგეთიც ნერგავდა... და მაინც, სად ვიყავით მაშინ, როცა სამართალდამცავი ორგანოები ხალხს სახლებში უვარდებოდნენ და საცვლების ამარა აპატიმრებდნენ? _ სად ვიყავით და, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, «ვხალისობდით»?! სად ვიყავით, როცა ხალხს ქონებას ართმევდნენ და აიძულებდნენ, ეკონომიკის სამინისტროსთვის «ეჩუქებინათ»? _ სად ვიყავით და, «გაკულაკებულების» მისამართით გავიძახოდით, ღირსები არიან, რამდენი უშოვიათო?! სად ვიყავით მაშინ, როცა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს და ხალხი ქუჩაში გამოყარეს? სად ვიყავით და, აქ ვიყავით, მაგრამ... ნათქვამია, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. არადა, ხმა «ნაციონალთა» მიერ ჩადენილ ყველა უმსგავსოებასა თუ დანაშაულზე რომ ამოგვეღო, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო! ასეა თუ ისე, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეცდომებზე სწავლა ნამდვილად არ გვაწყენს. სწორედ ამიტომაც, «ქართული სიტყვა», როგორც იტყვიან, კომენტარის გარეშე გაგახსენებთ იმ საშინელ და ვანდალურ ფაქტებს, რომლებიც «ვარდების რევოლუციის», ანუ 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ მოხდა:
ფაქტი პირველი _ მირცხულავას საქმე
გენერალურ პროკურატურაში ენერგეტიკის მინისტრ დავით მირცხულავას იბარებენ, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის შენობაში თავისი ფეხით შესული უკვე ყოფილი მინისტრი, იქიდან საკაცით გამოჰყავთ _ მოგვიანებით ირკვევა, რომ დაკითხვისას მირცხულავას ინფარქტი და ტვინის ინსულტი «დაემართა».
ფაქტი მეორე _ მოლაშვილის საქმე
კონტროლის პალატის რევოლუციამდელ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს თანამდებობის გადაჭარბების ბრალდებით აკავებენ, უფრო სწორად, მოლაშვილი ძალოვან უწყებაში საკუთარი ინიციატივით მიდის... დაკავებიდან არცთუ დიდი ხნიშ შემდეგ, პრესაში ქვეყნდება ფოტოები, რომელზეც ციხეში ნაწამები მოლაშვილია აღბეჭდილი _ ზურგი სიგარეტით აქვს ამომწვარი. სხეულზე კი, უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნება... საპატიმროში მოლაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას საერთაშორისო ორგანიზაციები აპროტესტებენ... ამ ამბებიდან რვა წლის შემდეგ, სულხან მოლაშვილი, რომელსაც საფრანგეთმა ერთი წლის პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, აცხადებს, ხალხის დაჭერა ბოკერიასა და რამიშვილის მიერ შედგენილი სიებით ხდებოდა. ამასთან, მოლაშვილი ირწმუნება, რომ მის წამებას «არყით გაჟღენთილი» გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, ვალერიან გრიგალაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ...
ფაქტი მესამე _ სპეცოპერაცია «ტრუსები»
ამ კადრების ნახვით საზოგადოების ნაწილმა თავის დროზე «კარგად იხალისა». დღეს ეს ადამიანი ცოცხალი აღარაა, მაგრამ კარგად გვახსოვს «პიჟამოში» «გამოწყობილი» ბონდო შალიკიანის დაბნეული სახე, რომელიც ვერ მიმხდვარიყო, თუ ვინ «დაეცა» მის ოჯახს შუაღამისას _ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი ყაჩაღები..
გავრცელებული ინფორმაციით, შალიკიანს სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობა დააბრალეს და დააკავეს.
მოგვიანებით, შალიკიანი გაიხსენებს, რომ იმ ღამეს მის სახლში ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, იმჟამინდელი შს მინისტრი, გიორგი ბარამიძე და გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდნენ.
«ტრუსების ოპერაციის» შემდეგ, შალიკიანს 48 ერთეული უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს სახელზე გადააფორმებინეს, 20 ათასი გირაოს სახით გადაახდევინეს, ციხიდან გამოუშვეს და უთხრეს, რომ იმავე ღამეს დაეტოვებინა ქვეყანა. შალიკიანისთვის წართმეულ აქტივებს შორის იყო: საირმის სანატორიუმი, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის აქციები, თერჯოლის შამპანიურის ქარხანა, 22 ბენზინგასამართი სადგური, 2 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ანუ საერთო ჯამში, 100 მილიონი ლარის ქონება.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბონდო შალიკიანი ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის შტაბში მოღვაწეობდა...
ფაქტი მეოთხე _ ტელედაპატიმრებები
თავის დროზე იარაკლი ოქრუაშვილს მედიამ «ტელედაპატიმრებების მამა» შეარქვა _ სწორედ ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს დაიწყო ტელეექსპერიმენტი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოქრუაშვილის პირველი «შთამბეჭდავი» საქმე კი, ბორდელში შევარდნა და უძველესი პროფესიის ქალებისა და მათი კლიენტების დაწიოკება იყო. გავა რამდენიმე წელი და ამ ამბების «შემოქმედი» ოქრუაშვილი თვითონ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა და საკუთარ თავზე გამოსცდის იმ საშინელებას, რასაც ვარდოსანთა პენიტენციალური სისტემა ჰქვია.
ფაქტი მეხუთე _ ნადიმი გვამების გვერდით
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას «ნაციონალები» გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს იწყებენ. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული სპეცოპერაცია ე.წ. აფრასიძეების საქმეა _ კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმს, რამდენიმე ვერტმფრენის თანხლებით, სვანეთში, სოფელ ეცერში, აფრასიძეების საცხოვრებელ სახლზე იერიში მიაქვს. ადგილზე კლავენ ოჯახის მამას, ევგენი აფრასიძესა და ომეხ აფრასიძეს. როგორც ადგილობრივები მოგვიანებით იტყვიან, გარდაცვლილ ომეხ აფრასიძეს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ყელიდან ოქროს ჯაჭვი ჩამოჰგლიჯა და თითიდან ბეჭდის წაძრობაც დაუპირა, მაგრამ ვერ მოაძრო, ამიტომ, თითი მოაჭრა და მიცვალებულს კიდევ ერთხელ «უთავაზა» ავტომატის კონდახი. სხვათა შორის, მოგვიანებით თვითმხილველები იმასაც იტყვიან, რომ სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, გია ბარამიძემ გვამების გვერდით «მოიკალათა» და სვანური კუბდარით დანაყრდა.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ხელისუფლება აცხადებდა, აფრასიძეების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ მიერ გატაცებულ ადამიანთა გვამები აღმოვაჩინეთო, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს «გატაცებულთა გვამები» კი არა, საგვარეულო სასაფლაო იყო.
ფაქტი მეექვსე _ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები
2006 წლის 28 იანვარს იმჟამინდელი «გაერთიანებული ქართული ბანკის» საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, 28 წლის სანდრო გირგვლიანმა, მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად, «შარდენ ბარში» მეგობარ თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასა და შსს-ს მაღალჩინოსნების _ დათა ახალაიას, ვასილ სანოძესა და გურამ დონაძის გარემოცვაში ერთობოდა. გირგვლიანს მეგობარ გოგონასთან შელაპარაკება მოუვიდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, სანდრომ არაკორექტულ კონტექსტში შს მაღალჩინოსნებიც მოიხსენია. ბარიდან გასვლის შემდეგ, გირგვლიანი და ბუხაიძე უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ «ემ-ელ»-ში ჩასვეს, ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც, სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, ეს არაა ერთადერთი ფაქტი, როცა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნებმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს:
2004 წლის 23 ნოემბერს, ანუ მაშინ, როცა «ნაციონალები» «ვარდების რევოლუციის» წლისთავს აღნიშნავდნენ, სამართალდამცველებმა ბუტა რობაქიძე მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, რომელიც იმავე საღამოს შს სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა, რობაქიძე შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც პატრულს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ერთი «უზუსტობა» გაიპარა _ კადრში ნათლად ისმის პოლიციელის ხმა, რომელიც ამბობს, რომ რობაქიძეს იარაღი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ რობაქიძის მკვლელები, ისევე, როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები დღეს უკვე თავისუფლები არიან _ მათ ციხეში რამდენიმე წელი, როგორც ამბობენ, იდეალურ პირობებში გაატარეს...
2006 წლის 2 მაისს, მტკვრის სანაპიროზე, კორტებთან, შსს-ს სპეცრაზმმა ორი ახალგაზრდა ჩაცხრილა _ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.
2008 წლის 8 მაისს თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე პატრულის ტყვიით დაიღუპა გიორგი გამცემლიძე...
სისხლიანი სპეცოპერაციების ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება...
ფაქტი მეშვიდე _ დამონებული მედია
«ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი მთავარი «მონაპოვარი» დამონებული მედია. თავდაპირველად, ანუ მაშინ, როცა ქვეყანა რევოლუციის ეიფორიაში იყო, ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. თვითცენზურის ტყვეობაში აღმოჩნდა. «ნაციონალებმაც», როგორც ჩანს, ამით ისარგებლეს და მედიაზე, განსაკუთრებით, ელექტრონულზე კონტროლის დამყარება დაიწყეს. სხვათა შორის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელებში ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კადრში მიხეილ სააკაშვილი, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია, ასევე, აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილი, «რუსთავი 2»-ის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი ჩანან. ფარული ვიდეო, სავარაუდოდ, პატარკაციშვილის «არკადიაშია» გადაღებული. ზემოხსენებული სუბიექტები ვახშმობენ და თან მედიაზე კონტროლის დეტალებს განიხილავენ...
ელექტრონულ მედიაზე შეტევა კი, ტელეკომპანია «იბერიით» დაიწყო. «იბერია» ფირმა «ომეგას» ეკუთვნოდა, რომელსაც მხოლოდ ტელევიზია კი არ წაართვეს, არამედ, გაზეთი «ახალი ეპოქაც» დაუხურეს. ამასთან, «ომეგას» მფლობელებს, ყოფილ პარლამენტარ ცოლ-ქმარს _ ოქრიაშვილ-ჩხეიძეს, როგორც ამბობენ, 8 მილიონიც გადაახდევინეს...
ცალკე საუბრის თემაა ტელეკომპანია «იმედის» გარშემო განვითარებული მოვლენები.
ფაქტი მერვე _ გაზით გაგუდული პრემიერი
ჯერ კიდევ «ვარდების რევოლუციამდე» არსებობდა მოარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სააკაშვილის «ნაციონალური მოძრაობა» და ჟვანიას «ბურჯანაძე-დემოკრატები» გაერთიანდნენ და რევოლუცია ერთიანი ძალებით მოახდინეს. ამასთან, «რევოლუციურ ტრიუმვირატს» შორის თანამდებობების გადანაწილებაც უმტკივნეულოდ მოხდა. მართალია, სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ, როგორც მაშინ ამბობდნენ, რევოლუციური მთავრობა მთლიანად ჟვანიას კადრებით დაკომპლექტდა, ანუ პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ერთპიროვნულად აკონტროლებდა, რასაც სააკაშვილი, ცხადია, ვერ მოითმენდა. ამასთან, ჟვანიას გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, კულუარებში ითქვა, რომ პრემიერი თითქოს ე.წ. მართული ოპოზიციის შექმნას ცდილობდა. ამ კულუარული ვერსიით, ჟვანიასგან სახელდებული ოპოზიცია იერიშს სააკაშვილზე მიიტანდა და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა, ერთ მშვენიერ დღეს ზურაბ ჟვანია პრემიერობიდან გადადგებოდა, ოპოზიციას სათავეში ჩაუდგებოდა და პრეზიდენტ სააკაშვილს იმპიჩმენტს მოუწყობდა. ძნელი სათქმელია, ეს სცენარი მართლა არსებობდა თუ არა, მაგრამ ფაქტია: ჟვანია «ნაცელიტისთვის» მიუღებელი გახდა და, შესაბამისად, მისი განეიტრალება იყო საჭირო...
2005 წლის 3 თებერვალს, დილით, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას აცნობეს, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. ამავე ბრიფინგზე მერაბიშვილმა მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ექსპერტიზისა და გამოძიების გარეშე როგორ დაასკვნა მერაბიშვილმა, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და არა, ვთქვათ, _ შეკვეთილი მკვლელობის? _ ამ შეკითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს...
ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოებაში პერიოდულად ვრცელდებოდა ხმა, რომ არსებობს კადრები, რომელიც პრემიერის სიკვდილს ასახავს. ბოლოს, ეს ხმა წლევანდელ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა და ითქვა, რომ საიდუმლო კადრები თითქოს პირველ ოქტომბრამდე გავრცელდებოდა. ამასთან, ჟვანიას ქვრივმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, პრაქტიკულად, ღიად განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთებად მიჩნეული ადამიანების კისერზეა...
ფაქტი მეცხრე _ სისხლიანი მიტინგები
«ვარდების მთავრობის» ერთ-ერთი სერიოზული კომპრომატი მიტინგების არაადამიანური დარბევაა. ცხადია, მიტინგებს ზედემოკრატიულ ქვეყნებშიც არბევენ, მაგრამ იმას, რაც 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს თბილისში მოხდა, მსოფლიოში, ალბათ, ანალოგი არ აქვს _ ხელისუფლება უიარაღო მომიტინგეებს უსასტიკესად გაუსწორდა.
ფაქტი მეათე _ «ჯაშუში» ფოტორეპორტიორები
26 მაისის სისხლიანი დარბევიდან ერთი თვის შემდეგ, ოთხი ქართველი ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხიდან ერთ-ერთი, ირაკლი გედენიძე, წლების განმავლობაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყო. ფოტორეპორტიორების დაჭერას მედიისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ყველაფერი იმით დამთავრდა, ოთხივე დაპატიმრებულმა აგენტობა აღიარა და, საპროცესო შეთანხმებით, თავისუფლება იყიდა. აღსანიშნავია, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გიორგი აბდალაძე, რომელიც დღეს პრობაციონერია, ანუ ჯაშუშობის ბრალდება არ მოხსნია, კვლავ აგრძელებს ფოტორეპორტიორობას. მეტიც, მას საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაციაც აქვს. საკითხავია, «ჯაშუშ» ფოტოგრაფს პარლამენტმა აკრედიტაცია რატომ მისცა?
გიორგი აბდალაძე დარწმუნებულია, რომ მისი და მისი მეგობრების «ჯაშუშებად გამოცხადება» 26 მაისს, მიტინგის დარბევის დროს გადაღებულ შოკისმომგვრელ კადრებს უკავშირდებოდა. ამასთან, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აბდალაძემ ერთ-ერთ გაზეთს ვრცელი ინტერვიუ მისცა და იმ დეტალებზე ილაპარაკა, თუ როგორ მოიპოვა გამოძიებამ მისგან «აღიარებითი ჩვენება».
საერთოდ, «ნაციონალთა» ცხრაწლიანი მმართველობის ანალიზი ცხადყოფს, რომ თითქმის ყველა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც «ვარდების ძალოვანებმა» გახსნეს, ე.წ. აღიარებით ჩვენებებზეა აგებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც ციხის წამების კადრები გავრცელდა, ამ «აღიარებითმა ჩვენებებმა» ძალა დაკარგა. შესაბამისად, ალბათ, მოვა დრო, როცა ხმაურიანი საქმეების გადახედვა მოხდება და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდა, რომ დამნაშავეებად შერაცხულ ადამიანთა ნაწილი გისოსებს მიღმა «ნაციონალთა» პირადი ანგარიშსწორების გამო მოხვდა, დღის წესრიგში რეაბილიტაციის თემაც დადგება.