დავით ბაქრაძე პატრიარქს მუხლებში ჩაუვარდა და დახმარება სთხოვა

დავით ბაქრაძე პატრიარქს მუხლებში ჩაუვარდა და დახმარება სთხოვა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ახლო წარსულში სასპატრიარქოში სტუმრობისას ხელისუფლების ემისრის ფუნქციას ასრულებდა ხოლმე, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მის უწმინდესობას და უნეტარესობას მუხლებში ჩაუვარდა და დახმარება სთხოვა - გადაგვარჩინეო.

ბაქრაძის თხოვნაზე პატრიარქის პასუხი ასეთი გახლდათ - მე კანონს ვერ გადავაბიჯებ და სასამართლო გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევიო.

for.ge-ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა და სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირის  წინამძღვარმა, მამა ელიზბარ დიაკონიძემ. 

“გასულ წელს, ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი - უწმინდესს და უნეტარესს ახლა, რომ იზოლაციაში ამყოფებთ, მალე მოვა ის დრო, როცა ფეხებში ჩაუვარდებით-მეთქი და ასე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ჩემი ნათქვამი ახდა. არჩევნები სამი-ოთხი დღის დასრულებული იყო, როცა დავით ბაქრაძე პატრიარქთან  დახმარების სათხოვნელად მივიდა“, - ამბობს მამა ელიზბარ დიაკონიძე.

მისივე თქმით, ბაქრაძემ პატრიარქს ყოფილი ხელისუფლების წევრების გადარჩენაში სთხოვა დახმარება - “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამაზე პატრიარქმა მიუგო, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩარევას უფლება, არც კონსტიტუციით აქვს და არც სჯულის კანონით“.