„ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“

„ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“

[გეგა ბერიძე]
ირანს ეკონომიკური სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. პრეზიდენტი აჰმადინეჯადი ევროპას აფრთხილებს, რომ „ინანებს“ ამ გადაწყვეტილების გამო. ისლამური რესპუბლიკის ლიდერი ასევე ირწმუნება, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე თვდასხმას აპირებს. ასეთი პრევენციული განცხადებების მიუხედავად, თეირანის გარშემო სანქციების რკალი იკვრება.

– ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს ახალი, ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რომლებიც ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში შევა, – ამის შესახებ სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება. სანქციები კრძალავს თანამშრომლობას თეირანთან იმ სფეროებში, რომლებიც, შესაძლოა, ირანის ბირთვული პროგრამისთვის იყოს გამოყენებული.

ასევე, ევროკავშირმა კომპანიებს ირანისთვის ახალი ტექნოლოგიებით დახმარება და იქ ინვესტიციების ჩადება აუკრძალა. გარდა ამისა, ირანის სატვირთო საჰაერო-საზღვაო კომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედება ეკრძალებათ.

მედიამ დილიდან ირანის პრეზიდენტის მიმართვაც გაავრცელა. მაჰმუდ ახმადინეჯადმა ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „ინანებს“.

რამდენიმე თვის წინ ირანს სანქციები აშშ-მ დაუწესა. ამერიკა და მისი მოკავშირეები თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. ირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა წმინდად მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

აჰმადინეჯადი აცხადებს, რომ ყველას, ვინც მისი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების გადადგმას შეეცდება, უნდა ახსოვდეს, რომ ირანი ამაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

თუმცა მოლოდინი გამართლდა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის ენერგეტიკული სექტორის მიმართ სანქციებს ფორმალურად მხარი დაუჭირეს, რათა თეირანს ბირთვული პროგრამის განვითარებას ხელი შეუშალონ.

ამის გარდა დაგეგმილია ირანისითვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის აკრძალვა, რომელიც შესაძლოა, საომარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ასევე დაგეგმილია იმ ბანკებზე კონტროლის გამკაცრება, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ.

ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით აჰმადინეჯადი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ვაშინგტონის კურსს, განიხილება, როგორც მტრული ქვეყენა და „ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“, – აღნიშნავს ირანის ლიდერი.

უფრო კონკრეტულად კი, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ირანის მტრების იდეების გამომხატველად უკვე დაასახელა. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება.

ირანის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთი აშშ-ის მიერ წარმოებულ ანტიირანულ კამპანიაში ჩაერთო, ხოლო მედვედევი ამ კამპანიის დამდგმელი რეჟისორია. აღნიშნული განცხადებები აჰმადინეჯადმა თეირანში ახალგაზრდული ფესტივალის დახურვაზე გააკეთა. მან შეახსენა ახალგაზრდებს მედვედევის განცხადება, რომ ირანი ატომური ბომბის შექმნისკენ მიდის.

„ვწუხვართ, რომ მედვედევი ირანის მტრების იდეების გამომხატველად იქცა. ანტიირანულ პიესაში მედვედევის მონაწილეობა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს“, – აცხადებს აჰმადინეჯადი და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და ირანი მეგობრობის გაგრძელებას შეძლებენ.

„მაგრამ ჩნდება კითხვა რატომ იწყებს რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას ამერიკულ პიესაში და რატომ უქმნის საფრთხეს თავის ქვეყანას“, – აცხადებს აჰმადინეჯადი.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის ელჩებთან გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე, რომ ირანი უახლოვდება პოტენციალს, რომელიც „პრინციპში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბირთვული იარაღის შესაქმნელად“, არავითარ იურიდიულ ძალას არ ეფუძნება და ამ „ახალი შეთქნულების შედეგად ახლო აღმოსავლთის ორი ქვეყანა, რომელიც ირანის მეგობრები არიან შესაძლოა ისრაელის თავდასხმის ობიექტები გახდნენ“.

ირანის პრეზიდენტმა არ განავრცო შეთქმულების თემა, მაგრამ აღნიშნა რომ ამ შეთქმულების მიზანია ირანელი ხალხის ნების დასუსტება. მან ასევე განმარტა რომ ამ შეთქმულებაში ჩართულია „ირანელი ელემენტები“ და აღნიშნულით ქვეყნის ოპოზიციაზე მიანიშნა.

„მაგრამ მათი ძალისხმევა არავითარ შედეგს არ მოიტანს, რადგან ირანელი ხალხი ასობით ასეთ შეთქმულებად დაამხობს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა და დასძინა, „მსოფიოს წამყვანი სახელმწიფები მიიჩნევენ, რომ შეთქმულება საიდუმლოა, მაგრამ მისი სცენარი ჩვენს ხელშია და საჭირო დროს ამ პროპაგანდისტური შეთქმულების დეტალები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება“.

ირანის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს. მისივე თქმით, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებას ამზადებს. პრეზიდენტმა ირანელი ხალხის მტრებთან თანამშრომლობაში ოპოზიციაც დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ რუსეთმა მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდა.

მანამდე კი, ოფიციალურმა თეირანმა დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-სგან ისრაელის ბირთვული პროგრამის მიმართ თავისი დამოკიდებულების დაფიქსირება მოითხოვა. ეს განცხადებაც ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონმა უნდა განმარტოს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „სიონისტური რეჟიმის ბირთვული არსენალის მიმართ“ და მზად არის თუ არა მის არსებობას შეეგუოს. აჰმადინეჯადი ასევე აცხადებს, რომ თუკი აშშ-ს სურს „ეს ბომბები ხელთან ახლოს ჰქონდეს“ მაშინ დიალოგის მიმართულება სულ სხვანაირი იქნება.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი ასევე მოითხოვს აშშ-დან განმარტოს ის, თუ როგორ სრულდება მოვალეობები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და აპირებს თუ არა ვაშინგტონი ძალის გამოყენებას.

გარდა ამისა, აჰმადინეჯადმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებული ახალი სანქციების კომენტირებისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ამ შეზღუდვების მიუხედავად წარმატებით განვითარებას მაინც გააგრძელებს.

ამასთან დაკავშირებით შეგანხსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს ადმინისტრაციასთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.