კატალონიის ნაკრებმა, ჟირონაში, 12 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ვენესუელას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გოლები კატალონიელთაგან ბოიან კრკიჩმა (53-ე წთ) და ხავი პუადომ (88) გაიტანეს. სტუმართაგან კი რობერტო როსალესი გამოირჩა (59).
შეხვედრაში „ბარსელონას“ სამმა ფეხბურთელმა - ჟერარ პიკემ, მარკ ბარტრამ და ალეიშ ვიდალმა - ითამაშა. ზოგიერთი კლუბი კი მოთამაშეებს კატალონიის ნაკრებში გაშვებაზე უარს ეუბნება. მთავარი არგუმენტი შესაძლო ტრავმების თავიდან აცილებაა. მაგალითად, ამჯერად ყატარულმა „ალ სადმა“ „ბარსას“ ოდინდელი ვარსკვლავი, ჩავი არ გაუშვა ჟირონაში. არადა, ჩავის 12-ჯერ უკაპიტნია კატალონიის ნაკრებისთვის.
საინტერესოა ვენესუელელთა ამბავიც. მათ გასულ პარასკევს, მადრიდში არგენტინას 3:1 მოუგეს და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, რაფაელ დუდემელი გადადგა. მიზეზად თამაშის წინ იქაური პოლიტიკოსების ნაკრების გასახდელში შესვლა დაასახელა.
კატალონიელებთან მატჩში ის მწვრთნელის ადგილზე კი იჯდა, მაგრამ შემდეგ პრესკონფერენციაზე აღარ გამოცხადებულა. იქაურმა ჟურნალისტებმა კი თქვეს: დუდემელის ამბავი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევაო.