"ნაციონალურმა მოძრაობამ" "დაამადლა" "ქართულ ოცნებას" - სახელისუფლებო კრიზისის გამოწვევა შეგვიძლია, მაგრამ ამომრჩეველთა ნებას პატივს ვცემთ და ამას არ ვაკეთებთო. კრიზისს არც კოალიცია ელოდება, რადგან მიიჩნევს, რომ "ყოფილი ხელისუფლება მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს".
უხეშად რომ ავხსნათ, სახელისუფლებო კრიზისი მაშინ ყალიბდება, როდესაც მაგალითად, პრეზიდენტი და პარლამენტი, ან პრეზიდენტი და მთავრობა მნიშვნელოვან საკითხზე (ბიუჯეტი, მთავრობის შემადგენლობა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ) შეთანხმებას ვერ ახერხებენ და არც ერთი მხარე უკან არ იხევს. რამდენიმე თვიანი კრიზისი, როგორც წესი, ახალი არჩევნებით მთავრდება ხოლმე.
დღეს არსებული ძალთა განლაგებიდან გამომდინარე, საქართველოში სახელისუფლებო კრიზისის საფრთხე არსებობს. ერთის მხრივ, პარლამენტში უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდება. მეორე მხრივ, არის ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ოპოზიციონერი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ვნახოთ, შეასრულებს თუ არა სიტყვას სააკაშვილი და სრულად დააკომპლექტებინებს თუ არა მთავრობას ივანიშვილს. თუ პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ თავდაცვისა და შს მინისტრებად მისი კანდიდატურები დაინიშნოს, კრიზისი მაშინვე დაიწყება, რადგან ძნელი წარმოსადგენია ივანიშვილი მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის პრემიერობას დათანხმდეს. ასევე, სახელისუფლებო კრიზისი ალბათ, დაიწყება მაშინაც, თუ სააკაშვილი გუბერნატორებზე კონტროლის შენარჩუნებას მოინდომებს. კერძოდ, "ქართული ოცნების" ლიდერმა ალბათ, კარგად იცის, რომ თუ გუბერნატორებად თავისი კადრები არ ეყოლება, რეგიონებს ვერ გააკონტროლებს, ან მუდმივად იქნება იმის საფრთხე, რომ სააკაშვილის სახელმწიფო რწმუნებულებმა ივანიშვილის მთავრობის საბოტაჟი დაიწყონ.
თუმცა ალბათ, ამ ეტაპზე სააკაშვილი ივანიშვილის მოთხოვნებს წინააღმდეგობას არ გაუწევს. კერძოდ, ახალი მთავრობის ფორმირებისთანავე კრიზისზე პასუხისმგებლობას დასავლეთიც და ამომრჩეველიც პრეზიდენტს დააკისრებს. სამაგიეროდ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაც" კონტრშეტევისთვის მოემზადებიან. არ არის გამორიცხული, ოპოზიციონერი პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობა" 2013 წლის ოქტომბრამდე ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ყოველნაირად შეეცადონ პარლამენტისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დისკრედიტაციას. ამისთვის მრავალი ხერხი არსებობს – დაწყებული მთავრობის გადაწყვეტილებების აღსრულების შიდა საბოტაჟიდან და უფრო მსხვილი პროვოკაციებით დამთავრებული. ამის მიზანი ერთი მხრივ მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ დასავლეთისთვის იმის დამტკიცება იქნება, რომ ივანიშვილის მთავრობა არაეფექტურია და მძიმე შეცდომებს უშვებს. შემდეგ კი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" თავს მომძლავრებულად იგრძნობს, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა თავად მოახდინოს სახელისუფლებო კრიზისის პროვოცირება და ეს პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის მიზეზად გამოიყენოს. ალბათ, "ნაციონალების" ლიდერებს ესიზმრებათ, როგორ ტარდება 2013 წლის ოქტომბერში ერთად საპრეზიდენტო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
ძნელია თქმა, როდის იგრძნობენ ყოფილი მმართველები ძალებს კონტრშეტევისთვის. ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს სწრაფად ანუ წლის ბოლოს, როდესაც ახალ მმართველ ძალას ვანო მერაბიშვილის მთავრობის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტში კორექტირების შეტანა და მისი ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვის გადაგზავნა მოუწევს.