რუსთაველის N12 – მამუკა ხაზარაძის განცხადებით „თიბისი ბანკის“ უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმა სწორედ ამ მისამართიდან განხორციელდა. ხაზარაძის განცხადებით, მან გახარიას უწყებას 5 წერილი მისწერა, ასევე პირადად შს მინისტრთან გააგზავნა წერილი, სადაც დეტალურად იყოს საუბარი კიბერთავდასმის შესახებ, მაგრამ არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება.
„ჩვენმა საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინეს არამარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სერიოზული კიბერშეტევა, აღმოვაჩინეთ მისამართები, IP მისამართი, ქუჩის მისამართი, ოფისის მისამართი და ჩვენ ეს ინფორმაცია იმ წუთშივე გადავეცით შს სამინისტროს. ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა, როცა იქნება შედეგები შეგატყობინებთ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
რუსთაველის N12 ნომერში მდებარე ოფისი, საიდანაც კიბერთავდასხმა ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რუსთაველის მე-12 ნომრიდან კომპიუტერები ამოღებულია.
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას კოკა ყანდიაშვილი არ გამოუკითხავს, თუმცა არ გამორიცხავს. „როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება“, – განაცხადა ჟურნალსტებთან საუბრისას ნათია მეზვრიშვილმა.
თავის მხრივ შს მინისტრი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე წერილით მიმმართავდნენ. გიორგი გახარიას განცხადებით, „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ექნება საშუალება, რომ დეტალურად ისაუბროს.
„ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორ წერილს, გახსოვთ, იყო ასეთ ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას, შემდგომ რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით.
უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, უკვე საფრთხე იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და მოგიყვებით“, –განაცხადა გიორგი გახარიამ.
„თიბის ბანკზე“ კიბერთავდასხმა 2018 წლის ივლისში განხორციელდა. ბანკზე მომხდარი კიბერთავდასხმის საქმე გამოძიებული არ არის, უცნობია ვინ ხელმძღვანელობდა კიბერთავდასხმას და ვინ დგას ე.წ. ტროლების საქმის უკან. სპეციალისტების განცხადებით, სანამ არ იქნება ცნობილი რა დონის შეტევა მოხდა ბანკზე, მანამდე რთულია პასუხი კითხვაზე, მარტივია თუ არა მისი გამოძიება.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძემ პრაქტიკულად გამოძიებული საქმე მისცა შსს–ს, მაგრამ უწყების პირველი პირის განცხადება, რომ ხაზარაძის მიმართვამდე ბევრად ადრე დაიწყო გამოძიება, კიდევ უფრო მძიმედ წარმოაჩინა საქმე.
„თუ იცოდნენ ხაზარაძის მიერ წერილის მიწერა რაღანდ უნდოდათ? თუ იცოდნენ 9 თვის დაგვიანებით რატომ ამოიღეს კომპიუტერები, სად იყვნენ აქამდე? მით უმეტეს, ჩავთვალოთ, რომ ხაზარაძის წერილამდე იცოდნენ რაც მოხდა, ეს ხომ უარესი დანაშაულია. ანუ, სახელმწიფომ იცოდა და არაფერი გააკეთა. მისწერა წერილი, გამოძიებული საქმე გადასცა ხაზარაძემ და მაინც არაფერი არ გააკეთა. 9 თვე მოანდომა ისეთი მარტივი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, რასაც კომპიუტერების ამოღება ჰქვია. 9 თვის განმავლობაში კომპიუტერები იქ იდო, მისი შეცვლა არ შეიძლებოდა, რა აზრი აქვს ახლა ამ კომპიუტერების ამოღებას?“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
იურისტი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ როდესაც სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან დაცლილი ყოფილა საქმე, ქართველ სამართალდამცავებს ძალიან ოპერატიულად გამოუძიებიათ კიბერდანაშაულის საქმე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გამოსაძიებელიც პრაქტიკულად არაფერი იყო.
„ერთადერთი უნდა დაედგინათ საიდან მოხდა ჰაკერული თავდასხმა, ვინ იყო მფლობელი და შესაბამისად, მტკიცებულებები ამოეღოთ ადგილიდან. ახლა უკვე ვეღარ გამოიძიებენ, როგორ უნდა გამოიძიონ? ის დრო, რაც გასულია, მაფიქრებინებს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წარმატებული ვეღარ იქნება. ადვოკატთა წრეში ამდაგვარ საქმეს გამოძიებაში გაფუჭებულ საქმეს უწოდებენ. როცა ვიღაცის ინტერესშია საქმის შეგნებულად გაფუჭება, რეაგირება არ უნდა მოხდეს, რომ დანაშაული არ დადგინდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ნებისმიერი დანაშაული რთულად გამოსაძიებელია, რადგან როგორც წესი, დამნაშავე როდესაც ემზადება დანაშაულისთვის, იცის სამართალდამცავების ტაქტიკა, სუსტი ადგილები, მეთოდები. რაც შეეხება კონკრეტულად კიბერდანაშაულს, სალუქვაძის შეფასებით, გააჩნია რა ტიპის დანაშაულია, რა სივრცეში ხდება და რასთან გვაქვს საქმე.
„ამ შემთხვევაში საუბარია ე.წ. ტროლებზე და ჩვენ ვიცით, რომ ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მითითების გარეშე შესაძლებელია ამ „აქაუნტების“ გახსნა ჩვენს სივრცეში. შეგიძლია მოიგონო სახელი და გვარი, შეგიძლია დადო ნებისმიერი ფოტო ისე, რომ არ საჭიროებს ტელეფონით აუცილებელ დადასტურებას და პირადი ინფორმაციის მითითებას. ერთადერთი რაც აქ არის, ეს არის IP მისამართები, თუ ისეთი IP მისამართებიდან მოქმედებენ, რომელიც არ არის მიბმული კონკრეტულ პიროვნებაზე, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთული საპოვნია.
თუ ნაციონალური ინტერნეტით სარგებლობენ, IP მისამართი გაფორმებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, დაინტერესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალდამცავ სტრუქტურებს მეტი წარმატებით შეუძლიათ მსგავსი აქტივობები ინტერნეტსივრცეში გამოავლინონ. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ, ვის დაასწრო, მთავარია, რომ მასგავსი ქმედებები აღკვეთილი იქნას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.
უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, საქმის გამოძიება რთულია, მით უმეტეს საქართველოს დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში. ხაბურძანიას განცხადებით, IP მისამართების დადგენა ხდება იმ ოპერატორების მეშვეობით, რომლებიც საინტერნეტო მომსახურების სერვისებს ფლობენ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა კონკრეტული IP მისამართი, შეიძლება დადგინეს საიდან მოხდა ჰაკერული თავდასხმა.
„დღეს იმდენად გართულებულია ეს სქემები, რომ ცოტა რთულია მარტო საქართველოს მასშტაბით ამის დადგენა. ხდება ვირტუალური IP მისამართების დადგენა, რომელიც შეიძლება გაჩვენებს, რომ სხვა ქვეყნიდან ხდება ეს შეტევა. რამდენი ხანია ამერიკელები იძებენ ამ სახის დანაშაულს და ვხედავთ, რომ შედეგი არ არის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ერთი მხარე უაპელაციოდ გადმოაგდებს რაღაცას და მეორე მხარე უაპელაციოდ იცილებს ამ ბრალდებას. ამ დროს არ ჩანს მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე დადგინდეს რეალობა.
ყველაფერი გადადის მასმედიით გადაძახებაზე, წერილი გინდა თუ სიხარული, თვალის ჩაპაჭუნება ერთის მხრიდან და მეორე მხრიდან – მე არ ვიტყვი ვინ მომიტანა, მაგრამ მისამართი აქ იყო და წადით იძიეთო. საუბარია კონკრეტულ ჟურნალისტზე, რომლის გარშემო შემოკრებილია ვიღაცეები. ის ამბობს, რომ კი დაქირავებული მყავდა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავითო. ამ გადაძახილ–გადმოძახილშია მასმედია, სინამდვილეში გამოძიება არ მიმდინარებს, რაც ძალიან ცუდია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ზოგადად ასეთი დანაშაული რთული გამოსაძიებელია, არ არის მარტივი, მაგრამ მონდომების და კვალიფიკაციის პირობებში, გამომდინარე იქიდან, რა ინფორმაციაც არსებოს, მონდომების შემთხვევაში საქმის გამოძიება შესაძლებელია, რაც ქართველმა სპეცსამსახურებმა დაამტკიცეს ეკა ბესელიას შემთხვევაში.
„თუ მოხდა ეს ჰაკერული თავდასხმა, ბუნებრივია, ჩვენი სპეცსამსახურების ინტერესში უნდა იყოს საქმის მალე გახსნა. მეორე ვარიანტია, თუ მას, ანუ სპეცსამსახურებს მიუძღვის ამ საქმეში რაღაცა წვლილი, რა თქმა უნდა, ეს საქმე არასოდეს არ გაიხსნება და მესამე, არ გამოვრიცხოთ მესამე მხარე. მე ამას არ გამოვრიცხავ.
ისე სინქრონულად მოხდა ბანკებზე ასეთი არასასიამოვნო კომპრომიტირებული ინფორმაციის გავრცელება, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს იმიჯს, მის სტაბილურობას ჩრდილს აყენებს. სპეცსამსახურები იმიტომ არიან, რომ ამ კითხვაზე გასცენ პასუხი. საქმე არ არის მარტივი გამოსაძიებელი, მაგრამ იმის დადგენა, მოხდა თუ არა ჰაკერული შეტევა, საიდან მოხდა, ამის გარკვევის პრაქტიკა უამრავია და ეს უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.