"ბაჩო ქიტიაშვილს მერაბიშვილმა წიხლი ამოარტყა, გელაშვილმა არჩევნები არ მოიგოს, თორემ გაგანადგურებო!"

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რამდენიმე გამორჩეულ საარჩევნო ოლქთან ერთად, ყურადღების ცენტრში ხაშურის რაიონიც მოექცა, სადაც იმ ფაქტს, რომ არჩევნები გაყალბდა, მტკიცებაც არ სჭირდება - საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა კადრები, როგორ შეიჭრა ათობით სპეცრაზმელი საარჩევნო უბანზე, ბიულეტენებით სავსე თეთრი ტომარა, პირდაპირი მნიშვნელობით ზურგზე მოიკიდა და იარაღის მუქარით გაუჩინარდა. თუმცა აქ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე რიგითი გაყალბების შემთხვევაში - როგორც "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურში, ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელაშვილი აცხადებს, იგი პირადი ანგარიშწორების მსხვერპლია, გაყალბების, მეტიც, მისი ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანება კი უშუალოდ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რომელიც პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად, პირადად ჩავიდა ხაშურში არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელსაც "ოცნების" კანდიდატი ღიად გვიდასტურებს, ქვეყნის ორმა უმაღლესმა პირმა გელაშვილის კონკურენტი, ბაჩო ქიტიაშვილი დაიბარა, მას განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა საარჩევნო ბრძოლაში და უთხრა, ყველაფერი გააკეთე, რომ ვალერი გელაშვილი პარლამენტში ვერ შევიდესო. სპეცნაზის ჩარევით, ხალხის დაშინებითა და ტყვიის მუქარით, ამ დროის მდგომარეობით, ვალერი გელაშვილი პირწმინდად მოგებულ ხაშურს აგებს. ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ ცესკო იმ 10 უბნის შედეგების გაუქმებას არ აპირებს, სადაც სპეცნაზი შეიჭრა. 3 ოქტომბერს გელაშვილი ცესკოს თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს პირადად შეხვდა და დახურულ კარსმიღმა მისი პოზიციაც მოისმინა. "ვერსია" ვალერი გელაშვილს დაუკავშირდა, რომელიც განვითარებული მოვლენებისა და ხარატიშვილთან შეხვედრის ექსკლუზიურ დეტალებს თავად გვიამბობს:

- წლევანდელ არჩევნებზე მოვლენები ასე სხვაგან არსად განვითარებულა. თანმიმდევრულად მოგვიყევით, რა ხდებოდა ხაშურში 1 ოქტომბერს?
- დავიწყოთ იმით, რომ ოლქში, დააახლოებით 20 უბანზე კამერებიც კი არ დამიყენეს. კამერები გამომიყარეს, რათა არ დაგვეფიქსირებინა, იმ უბნებზე არჩევნები როგორ მიმდინარეობდა. შემდეგ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ მათთან გასამკლავებელი ძალა გვქონდა, კომისიის წევრების უბნებიდან გამოყრა დაიწყეს, უბნებზე დამკვირვებლებიც შემიმცირეს, დამიშინეს. ამის მიუხედავად, ვინც იქ დარჩა, გაყალბებას ისიც წინაააღმდეგობას უწევდა, "ნაციონალებმა" კი მათზე ფიზიკური ანგარიშწორება დაიწყეს და ისინიც უბნებიდან გამოყარეს.

დღეს, უბრალოდ, არ არსებობს ოქმები, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ეს კონკრეტული უბნები მოგებული მაქვს. თუმცა ესეც არ კმაროდა მათი გამარჯვების გასაფორმებლად. იცოდნენ, რომ ძირითადში, ოლქი მაინც ჩემი მოგებული იყო და სპეცნაზის შემოყვანა უკვე ბოლო წერტილი იყო. ახლა სწორედ იმ 10 უბანზე მაქვს ლაპარაკი, სადაც სპეცნაზი იყო შემოსული. ეს ათივე უბანი პირწმინდად მქონდა მოგებული. საღამოს საათებში, დაახლოებით საღამოს 4 საათის შემდეგ უკვე სპეცნაზი გამოჩნდა. მოკლედ, მათ დაიწყეს უბნებზე შესვლა და ე.წ. კარუსელების დატრიალება. თბილისიდან, წყალტუბოდან ვიღაც გაურკვეველი პირები ჩამოიყვანეს, ვინც პირდაპირ უბანზე შედიოდა და გაყალბებულ ბიულეტენებსაც მოურიდებლად ყრიდა ურნებში.

თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც დროულად მივიღეთ და იმ უბნებთან, სადაც ღია გაყალბება მიდიოდა, ხალხი შეიკრიბა. ამ ყველაფერს ყველა ხედავდა, ადგილობრივებმა გამყალბებლები ამოიცნეს და ისინი უბნებიდან გაყარეს.

- ვითარება რის შემდეგ დაიძაბა, რატომ გახდა საჭირო ტყვიის სროლა და ხალხის მოწამვლა მხუთავი აირით - მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ ხმებს იცავდით თუ სხვა პოლიტიკურ მოტივზეც შეიძლება საუბარი?
- ეს ყველაფერი უკვე მას მერე მოხდა, რაც სპეცნაზი ღიად გადავიდა გაყალბებაზე. ჩვენ ვახერხებდით მათთვის ბლოკირების გაკეთებას, როგორც შეგვეძლო. მათი მცდელობის მიუხედავად, უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, მიხვდნენ, რომ ვერ იყო მათი საქმე კარგად და ხაშურის ცენტრში, ორი ნიღბოსანი პიროვნება გამოჩნდა, სამოქალაქო ფორმაში. ისინი მე-100 საარჩევნო უბანზე შევარდნენ და იარაღის მუქარით აიძულეს კომისიის წევრები, ოქმები გადაეწერათ და გაეყალბებინათ. ეს ინფორმაციაც მოვიდა ჩვენამდე, მივედით ადგილზე, ალყა შემოვარტყით ამ შენობას, ხაშურის საეკლესიო პირებიც კი არ მოერიდნენ იარაღს და პირდაპირ უბნებზე შევიდნენ. მერე ამ გადაცმულმა ხალხმა იარაღი მამაოებს მიუშვირა, მოძღვრებმა კი უთხრეს, თუ ასეა, გვესროლეთო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ სპეცზანი უკვე სამი მანქანით გამოუშვა. ამ სპეცნაზმა უბნიდან ჩვენი ხალხი ყველას თვალწინ გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. გამწარებულმა ხალხმა მანქანას ქვების სროლა დაუწყო. დავინტერესდი, ეს ხალხი სად მიჰყავთ-მეთქი და მათ მანქანას მეც უკან გავყევი. ეს გატაცებული ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიიყვანეს. გამტაცებლებიდან ერთ-ერთი კი ამოვიცანით - იგი კუდი-ს თანამშრომელი გია შუბითიძეა. მოკლედ, ბოლოს ნაციონალები მიხვდნენ, რომ სპეცნაზის ეს რაოდენობაც არ ჰყოფნიდათ და უბნებზე ასე იოლად ვერ დაგვამარცხებდნენ. ამიტომ სპეცნაზი უკვე 20 მანქანით შემოიყვანეს. ამის მერე, ისინი შედიან მე-3 უბანზე, საიდანაც მიაქვთ ეს ტომრები. სწორედ ეს მოვლენები იხილა საზოგადოებამ კადრებში. იქ უკვე ხალხიც ბევრი გამოვიდა. როცა სპეცნაზმა ნახა, რომ გარეთ ამდენი ადამიანი იყო, სწორედ მაშინ დაიწყეს მხუთავი აირის გაშვება და რეზინის ტყვიების სროლა. სამი კაცი დაზარალდა და ახლა ისინი საავადმყოფოში არიან.

- გამიკეთეთ პოლიტიკური შეფასება - ასეთი რამ, კონკრეტულად, ხაშურში რატომ მოხდა, იყო თუ არა ეს კონკრეტულად თქვენზე ანგარიშსწორება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან?
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რაც ხაშურში მოხდა, ეს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის დაკვეთა იყო. სააკაშვილი არჩევნების დღეს ჩამოსული იყო ხაშურში. ვანო მერაბიშვილი კი 6-ჯერ იყო ხაშურში ბოლო 2 კვირის განმავლობაში. უშუალოდ 1-ელ ოქტომბერს, ისიც კი თქვა მიხეილ სააკაშვილმა წელს ხაშურის წელიწადი უნდა გამოვაცხადო, რაღაც, ხაშურს კარგად ვერ მივხედეთ, თითქოსო, მაგრამ ხაშურელებმა სახლებიდან სულ "ბიძინა, ბიძინა" უძახეს. ერთი შეაგინა მერე ხალხს მიშამ, ჩაჯდა მანქანაში და წამოვიდა. ვანო მერაბიშვილი კი პირადად დადიოდა ყველა უბანზე, ყველა სოფელში ჩადიოდა და აგიტაციას ეწეოდა. ვანო მერაბიშვილი ბაჩო ქიტიაშვილს ეჩხუბა და ბოდიში და, წიხლიც ამოარტყა, ხაშურში თუ არ გაიმარჯვებ, გაგანადგურებო!

- ჩვენი ინფორმაციით, მერაბიშვილი და სააკაშვილი ქიტიაშვილს არჩევნების წინა საღამოს შეხვდნენ და მას ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ, ვალერი გელაშვილი პარლამენტში არ უნდა შევიდესო. არის ინფორმაციაც, რომ ქიტიაშვილმა უარი განაცხადა დავალების შესრულებაზე. ამ ინფორმაციას მიდასტურებთ?
- ბაჩო ქიტიაშვილს ყველაფრის უფლება მისცეს! ნამდვილად ვიცი, რომ მუქარა იყო მის წინააღმდეგ, უბრალოდ, იგი უარის თქმას ვერ გაბედავდა. პირდაპირ ვამბობ, მას პირდაპირ ასე უთხრეს, იცოდე, გაგანადგურებო. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ქიტიაშვილი ჩემს საარჩევნო შტაბში იყო 2003 წელს, ჩემს პიარკამპანიასაც ეს აწარმოებდა და ერთად მოვიგეთ ხაშურში არჩევნები 2003 წელს. მერე წამოვიდა და მიშა საააკაშვილის მესამე ძმასთან, გიორგისთან ძმაკაცობდა. ისინიც სულ ჩემ სასტუმროში იყვნენ ხოლმე, ვილნიუსში. ახლა ასეა - ჩემი მეტოქეა ხაშურში. სხვათა შორის, მაშინაც, როცა სააკაშვილის ბრძანებით თავს დამესხნენ პარლამენტის დეპუტატობის დროს, ბაჩო უკვე მიშას გუნდში იყო ფესვგამდგარი.

- და არჩევნების დღეს სად იყო ქიტიაშვილი, პირადად არც გამოჩენილა?
- არჩევნების დღეს ქიტიაშვილი თვითონ იყო სპეცრაზმელის ფორმაში! მეტსაც გეტყვით, ერთი აფხაზეთში ნაომარი ბიჭი გვყავს, ინვალიდია, ცალი ფეხი აქვს დაკარგული და ბაჩომ მას დააარტყა. ამ ბიჭმა მას სახიდან ნიღაბი ჩამოხსნა და ასე შერჩა ხელში თავად ქიტიაშვილი, რომელმაც, გამოდის, მიშა სააკაშვილის დაკვეთა შეასრულა! ბაჩო ქიტიაშვილმა ამის შემდეგ სპეცნაზს უბრძანა, ამ კაცს ესროლეთ, მოკალით, რადგან მიცნოო. ამასობაში, მამასთან მივარდა მისი შვილი, 10 წლის გოგონა, რომელსაც სპეცნაზელებმა ყელში წაუჭირეს ხელი და ახრჩობდნენ, ქიტიაშვილმა კი მასზე გასცა ბრძანება, ეს გველის წიწილაც ზედ დააკალით მამამისს, მანაც მიცნოო. ამ ამბის მერე, ბუნებრივია, მთელი რაიონი ფეხზე დადგა.

- პირადად თქვენ, არ იღებდით მუქარას, ან უცნაურია, თავს როგორ არ დაგესხათ სპეცნაზი.
- იყო მუქარა სააკაშვილისგან, დაგიჭერ და ციხეში დაგალპობ, შენი აქტივისტებიანადო. ინფორმაციაც მოვიდა ჩემამდე, რომ სპეცოპერაციის მომენტში, როცა უბანზე სპეცნაზი იყო მობილიზებული, ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ. არსებობდა ბრძანება, რომ ამ არეულობით უნდა ესარგებლათ და ტყვია უნდა ესროლათ ჩემთვის. ეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პირდაპირი ბრძანება იყო, აბა, ბაჩო ამას ვერ გაბედავდა. საინტერესოა, რომ სააკაშვილმა ისიც კი უარყო, ხაშურში სპეცნაზი მე არ შემიყვანიაო. თუმცა, აბა ბაჩო ვინაა და რას წარმოადგენს, რომ ასეთი ბრძანებები მას გაეცა. მიშა სააკაშვილს დიდი ხანია, მოსაკლავად ვუნდივარ. თუმცა ღმერთი დიდია და არ გამწირავს!

- ისიც საინტერესოა, ამ ყველაფრის შემდეგ ცესკო რამდენიმე უბნის შედეგებს ისევ რომ არ აუქმებს. არსებული მდგომარეობით, თქვენ მაინც აგებთ არჩევნებს. ბრძოლის გაგრძელებას როგორ აპირებთ?
- ცესკოს თავმჯდომარესთან ერთი-ერთზე მქონდა შეხვედრა, დახურულ კარსმიღმა. მე მას კადრები და არჩევნების გაყალბების ფაქტები ჩამოვუტანე. მას მერე, რაც ხაშურში მოხდა, ბევრი საარჩევნო უბნიდან ჩემთან "ნაციონალების" დამკვირვებლები და კომისიის წევრებიც კი მოვიდნენ და პირადად ჩემს თვალწინ დაწერეს ახსნა-განმარტებები, რომ რიგ უბნებზე გაყალბებები ხდებოდა. ვფიქრობ, ამ უბნებს მაინც გააუქმებენ და ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

- ზურაბ ხარატიშვილის პასუხი რა იყო, ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცის?
- მან პირდაპირ ასე მითხრა - ახლა უკვე თქვენ ხართ ხელისუფლებაში და რაც მოხდა ხაშურში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათო. ვუპასუხე, კი მაგრამ, როცა სპეცნაზი თავს დაგვესხა, მაშინაც ჩვენ ხომ არ ვიყავით ხელისუფლებაში-მეთქი. მითხრა, თეორიულად, იყავით, ამიტომ მორალური პასუხისმგებლობა მაინც თქვენ უნდა აიღოთო. კიდევ ერთი ინციდენტი ტაშისკარშიც მოხდა და დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს, ხარატიშვილს ამის შესახებაც მივაწოდე ინფორმაცია. 2 ოქტომბერს რამდენიმე პირი შევარდა უბანზე, ხმის დათვლის დროს ჩაყარა ბიულეტენები საარჩევნო ყუთში. მოსახლეობა ამ ხალხს გამოეკიდა, ისინი გაიქცნენ და შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტნენ. ერთმა ფეხი წვივში მოიტეხა, მეორე ოპერაციაგადატანილი ყოფილა და ჭრილობა გაეხსნა. მოსახლეობამ ეს ორივე პირი აიყვანა და ფაქტი რომ დაგვეფიქსირებინა, ჩვენს მოსვლამდე გადამალა. ესენი ქუთაისელი და წყალტუბოელი 50-მდე წლის კაცები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთის ტელეფონი, კონტაქტები, ოჯახის ფოტოები და ვიდეოებიც გვაქვს, თუმცა მათ ხელი მოკიდეს და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. იქ გაატარეს რეგისტრაციაშიც და ერთის გვარი ვიცით - ზაზა გაგიაძე.

- ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მოგებულ ოლქში არჩევნებს აგებთ. როგორ აპირებთ მოვლენების შემობრუნებას?
- ვისაც ეჭვი ეპარებოდა ჩემში და არჩევნებზე არ მოვიდა, ან მე არ მომცა ხმა, ამ ყველაფრის შემდეგ ისიც კი ჩემს მხარეს გადმოვიდა. ამით სააკაშვილის რეალური სახე უკვე ყველამ დაინახა. ახლა საბრძოლველი ორი უბანი მაქვს, სადაც გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ ოქმები გადაწერეს და გააყალბეს. აი, ის შედეგები რომ დაიდოს, რაც უბნებზე რეალურად მაქვს დაფიქსირებული, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება!

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და ახლა ყველას შეეშინდება უკანონობა ჩაიდინოს. ვფიქრობ, ცესკო შეეცდება, ეს საკითხი მოაგვაროს, რომ მერე მასზე გამოსაკიდებელი თემა აღარ დარჩეს!