"რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა".

"მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი "ქართული ოცნების " ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ექსპერტმა გია ხუხაშვილმაც გააკეთა - " მომავალ მინისტრთა კაბინეტში "დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ადგილი არ არის", - განაცხადა მან. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" წევრი არ არის და მისთვის რამე თანამდებობის შეთავაზება გამორიცხულია", - - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ხუხაშვილი: "რამდენიმე მინისტრმა თანამდებობდა დატოვა".

"გარდა ამისა, არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც მე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბურჯანაძის ყოფნა მიუღებლად მიმაჩნია, თუმცა ეს ჩემი პირადი პოზიციაა. მიუხედავად იმისა, რომ მან ღირსიული გადაწყვეტილება მიიღო და დაამტკიცა, რომ პოლიტიკოსია, მისთვის თანამდებობის შეთავაზებას გამოვრიცხავ. კონსულტაციები და მოლაპარაკებები კი ყველა ძალასთან შეიძლება გაიმართოს. ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" ვაპირებთ მოლაპარაკებებს. ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, მოქმედებას გუნდური პრინციპით იწყებს, განაცხადა გია ხუხაშვილმა. რაც შეეხება მომავალ მინისტრთა კაბინეტს, მისი თქმით, მომავალი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ვინაობა უცნობია. თუმცა ცნობილია ის პრინციპები, რომელთა მიხედვით კაბინეტი დაკომპლექტდება - პროფესიონალიზმი, წესიერება და სწორი სამოქალაქო ორიენტირები ის კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც პოლიტიკოსთა მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა მოხდება. კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მინისტრთა დასახელების პრეროგატივა კი კოალიციის ლიდერს ეკუთვნის", - აღნიშნავს გამოცემა.

"გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დასჭირდათ, ამისთვის კონსტიტუციით საჭირო ორი მესამედის შეგროვება მომავალ პარლამენტში პრობლემა არ იქნება. ექსპერტის აზრით, პარლამენტში ყოველთვის იყვნენ ისეთი დეპუტატები, რომლებიც არა რომელიმე პარტიას, არამედ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს. "ჩვენ ყოველთვის გვყავდა მაჟორიტარები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ხელისუფლების და არა ამა თუ იმ პარტიის მაჟორიტარები. ჩვენ მათ ყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ორი მესამედის პრობლემა ნამდვილად არ იქნება. ამ ხელისუფლების პირობებში ამ პარლამენტარების რაოდენობა ძალიან დიდია თუ ჩვენგან მათი მიღების სურვილი გაჩნდება, ამას ბერკეტი არ სჭირდება, ისინი თვითონ მოვლენ, "ნაცების" აპოლოგეტები არასოდეს ყოფილან", - განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, "მსგავსი ტიპის მაჟორიტარებმა საკუთარი თავი "ქართულ ოცნებას" უკვე შესთავაზეს და კიდევ არაერთხელ შესთავაზებენ". ხუხაშვილმა ზემოხსენებული მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა დაინტერესებულ ჟურნალისტებს ურჩია, პარლამენტარების იმ სიას გადახედონ, რომლებიც ყველა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ფლობდნენ მანდატებს - დასძენს გამოცემა.

"გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ქვეყანა დატოვეს. შავი ჯიპების აეროპორტში ხშირი მოძრაობის ამსახველი კადრები რამდენიმე ტელეკომპანიამაც გაავრცელა, თუმცა დაბურული მინების გამო მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. გია ხუხაშვილის ინფორმაციით რამდენიმე მინისტრმა საქართველოს საზღვრები დატოვა - "ამის შესახებ მაქვს დოკუმენტური ინფორმაცია, თუ სად და რა ფორმით წავიდნენ ისინი. თუმცა ყველას მინდა ვუთხრა, რომ არავინ არავის პოლიტიკურ დევნას არ აპირებს.. ხუხაშვილმა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მიმართა, რომ მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელონ. "მათ ადრე ცხვრებივით ერეკებოდნენ მიტინგებზე, ასეთი რამ არ განმეორდება. ვისი მომხრეც არ უნდა იყვნენ ისინი, მთავარია იყვნენ პროფესიონალები"-დასძინა ხუხაშვილმა, რომლით განმარტებით "ახალი ხელისუფლება მათი მადლიერი იქნება", - წერს სტატიის ავტორი.