ცნობილი იურისტი, მეცნიერი მინდია უგრეხელიძე ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო და ბევრი გახმაურებული საქმის განხილვა მოუხდა. დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების უმრავლესობას საქართველოს ხელისუფლება წააგებს და ხალხისთვის სოლიდური თანხების გადახდა მოუწევს. არჩევნებამდე შეხვედრისას გამოთქვა რწმენა, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ ქვეყანა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. მისი ამ ინტერვიუდან მკითხველი ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობს.
მინიდოსიე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მინდია უგრეხელიძე ეწეოდა მეცნიერულ საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი; 1990 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) წევრად, იმავე წელს კი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. 1993 წლიდან მუშაობდა: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მართლმსაჯულების ქვეკომისიის თავმჯდომარედ, სასამართლო რეფორმების სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარედ, სისხლის სამართლის ახალი კოდექსის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარედ, იყო ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. 1999 წელს აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ. 2009 წლიდან საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, აგრეთვე - ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტია. არის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.
- ბატონო მინდია, ალბათ დამეთანხმებით, რომ დემოკრატიის ხარისხი სახელმწიფოში უპირველეს ყოვლისა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხით იზომება. ამიტომ ჩვენი საუბარი სწორედ ამ საკითხით მინდა დავიწყოთ. ადამიანები ხშირად აპროტესტებენ განაჩენს. ბოლო თვეებში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველთა სოლიდური თანხებით მასობრივი დაჯარიმება, რაც სასამართლომ დააკანონა. ბევრი დაჯარიმებული საკუთარი სახლიდან უკვე გამოასახლეს კიდეც და მათი სარჩელი სტრასბურგში იგზავნება. აქვთ თუ არა ამ საჩივრების ავტორებს მოგების შანსი?
- სამართლებრივად, ყველა ეს შემთხვევა უცილობლად მოგებული იქნება ევროპის სასამართლოში. ოღონდ მეჩვენება, რომ როდესაც სახელმწიფოს ამ უკანონობათა გამო ჯარიმებს დააკისრებენ, შესაძლოა, ისინი, ვისაც უჩივიან, არც იყვნენ ხელისუფლებაში და თავად იმ ადამიანებს მოუწიოთ ამ თანხის გადახდამ, ვინც ახლა დაზარალებულია და ჩივის... ახლა ყველასათვის მთავარია, ხალხი პროვოკაციას არ წამოეგოს და როგორმე სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
- ხშირად, ერთსა და იმავე მოსამართლეებს გამოაქვთ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები. რას ეტყოდით ასეთ მოსამართლეებს?
- ცოტა ხნის წინ ისინი გავაფრთხილე, რომ "ნიურნბერგის პროცესი" არ ასცდებათ და რაც უფრო დროზე მოეგებიან გონს და განერიდებიან ამ უმსგავსობას, მით უკეთესი იქნება. ბოლო დროს რაც ხდება, ეს არანაირად არ ჯდება კანონის ფარგლებში. არც ის შეიძლება, რომ ერთი და იმავე მოსამართლესთან ხვდებოდეს "ქართული ოცნების" საქმეები. საქმე მოსამართლეს ან ანბანის მიხედვით ეწერება, ან - ქრონოლოგიური პრინციპით, საქმის შემოსვლისდა მიხედვით.
- ბოლო დროს ხელისუფლებამ სტრასბურგში ბევრი საქმე წააგო. ამაზე რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს უცხოელ კოლეგებს?
- სანდრო გირგვლიანის საქმეს რომ განიხილავ, რა წარმოდგენა უნდა გქონდეს ქვეყანაზე?.. ვერ დავიჯერებდი, ეს ვინმეს რომ ეთქვა - დასკვნაში პირდაპირ ასე წერია: "სასამართლო და ყველა სხვა უწყება შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ, რათა ეს საქმე არ ყოფილიყო გამოძიებული". ამაზე მეტი რა უნდა ეთქვათ?!
- ბატონო მინდია, მომჩივანი წლების მანძილზე ელოდება ევროსასამართლოს ვერდიქტს. ასე რატომ ჭიანურდება საქმეების განხილვა?
- ისინიც პოლიტიკურ მოვლენებს ადევნებენ თვალს და ეს არის დაგვიანების მიზეზი...
- უშუალოდ თქვენ თუ მონაწილეობდით საქართველოდან გაგზავნილი საქმეების განხილვაში?
- ყველა საქმე ჩემთან ხვდებოდა, გარდა ისეთისა, რომელსაც ჩემი სურვილით ჩამოვცილდი. ყველა ეროვნულ საქმეს ორი თანამდებობის პირი ჰპატრონობს. მომხსენებელი არ უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის საქმეც იხილება, მაგრამ მეორე პირი აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული მოსამართლე. ეს იმიტომ, რომ რაც უნდა კარგად შეისწავლონ საქმე, სხვა ვერ იქნება ისეთივე მცოდნე იმ ქვეყნის კანონმდებლობის და ფაქტობრივი ვითარების. ამიტომ გეკითხებიან ყველაფერს. ეს გევალება და არ არის საშიში, რადგან შემოწმებული ხარ უკვე, როგორც პირუთვნელი და მიუკერძოებელი ადამიანი. ასე რომ არ იყოს კიდეც, მაშინვე შეგატყობენ. ისეთი პროფესიონალები არიან, რომც გაამრუდო, მაინც ერთი ხმა შენია: თუ მცირე პალატა იხილავს, სულ 7 ხმით წყდება საქმის ბედი, თუ დიდი პალატა - მაშინ 17 ხმით.
- ანუ თქვენ განიხილეთ ყველა გახმაურებული საქმე?
- თენგიზ ასანიძის საქმიდან დაწყებული, ჩეჩნების საქმით დამთავრებული. გვერდით მყავდა არაჩვეულებრივი გუნდი. მათ შორის იყო, მაღალი რანგის პროფესიონალი - თეა წულუკიანი; გვერდით რომ არ მყოლოდა, ძალიან გამიჭირდებოდა.
- ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესზე მოუმზადებლები გამოდიოდნენ. ამ მოსაზრებას იზიარებთ?
- სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ ილეთებს იყენებდნენ, რომლებიც უცხოეთში გაუგებარი და მიუღებელია. ვითომ რაღაც დოკუმენტი არ მივიდა, შეფერხება იყო და ა.შ. სლენგის ენაზე რომ გითხრათ, "დიშოვი" ნომრები... მოლაშვილის და აბსანძის საქმეების განხილვაში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, რადგან თავის დროზე ამ ხალხთან უშუალო შეხება მქონდა, ზოგჯერ - კარგი, ზოგჯერ - ცუდი და რომც ვყოფილიყავი ობიექტური, კითხვები მაინც დარჩებოდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველომ, ჩემ მაგივრად, დროებით საქმეში მონაწილეობის მისაღებად, სტრასბურგში ისეთი ადამიანები გამოგზავნა, რომლებიც თვითონ მონაწილეობდნენ საქართველოში იმ საქმის გაუკუღმართებაში!.. ერთხელ ეკა ტყეშელაშვილის დანიშვნა უნდოდათ და მის გამოგზავნას აპირებდნენ, არადა, აქ თვითონ მონაწილეობდა იმ ადამიანის დაჭერაში; ეს მაშინვე გაშიფრეს ევროსასამართლოში და მკითხეს კიდეც, - რა ჭკუას ემსახურება ეს თქვენი ხელისუფლება, ამას რომ აკეთებსო?..
- ანუ ეს მეთოდი არ ამართლებდა?
- პირიქით, უკურეაქციას იწვევდა... რა მოხდა ჰააგის სასამართლოში, ესეც ცხადყოფს, როგორ ამზადებენ ესენი საქმეებს. მხედველობაში მაქვს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი. ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებს, რომელიც ამ სარჩელში საქართველომ დააყენა, გაეროს საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში არსებითად ვერ განიხილავს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პროცედურული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, ჯერ მიემართა რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კომიტეტისთვის, რაც მას ასევე არ გაუკეთებია. თუ რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კომიტეტი არ დააკმაყოფილებდა სარჩელს, მაშინ იუსტიციის სამინისტროს უკვე შეეძლო, გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა; ეს პროცედურა სამინისტრომ არ ამოწურა და ისე მიმართა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ჰააგაში. ამიტომ საქმე პრაქტიკულად დაღუპეს პროცედურულ სტადიაშივე. სამწუხაროა, როცა ასეთი მოუმზადებელი საქმეები მიდის. იქ კონკრეტული პიროვნებები არ ჩანან, მაგრამ ამით საქართველოს იმიჯი ილახება...
როცა ეს ხელისუფლება სათავეში მოვიდა, ვიცოდი, რა სირთულეები იქნებოდა. მართალია, მიხეილ სააკაშვილი ბევრს ლაპარაკობს თავის განათლებაზე, მაგრამ მას ბავშვობიდან ვიცნობ და ყველაზე კარგად ვიცი, როგორია მისი სამართლებრივი განათლება. ისიც კარგად მახსოვს, მოსკოვში გამოცდაზე რომ ჩაიჭრა; მისი ბებია, ბაბუა და დედა მთხოვდნენ, დავხმარებოდი კიევის სასწავლებელში მიშას მოწყობაში. მაშინ მას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და თავისი არასწორი საქციელის გამო თბილისში არ დაედგომებოდა, თანაკლასელების მშობლები დასდევდნენ... ამ საკითხზე მეტად აღარ შევჩერდები, ეს ხომ მან კარგად იცის... ერთს გეტყვით: კიევის უნივერსიტეტში მიშა ჩემი გაგზავნილია. აკაკის "გამზრდელის" არ იყოს, არ ვიცი, უკვე რამდენჯერ მოვიკლა თავი... მიშას გარდა, ბევრი იურისტი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ღმერთმა კარგად ამყოფოს კოტე კუბლაშვილი - ისიც ჩემი მოსწავლე იყო. განათლებული ბიჭია, თავისი ძმისგან განსხვავებით, მაგრამ მას არა აქვს უფლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს...
- თქვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას სტრასბურგში წასვლა არჩიეთ. თუ მიხეილ სააკაშვილთან ახლობლობდით, სწორედ მის დროს რატომ თქვით უარი ამ მაღალ თანამდებობაზე?
- აქ მართლა გაუკვირდათ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში რიგითი მოსამართლეობა ვამჯობინე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას. ბევრი მოტივი მქონდა. ჯერ ერთი, საქართველოში, რომელიც პოლიტიკურად მოუწესრიგებელი ქვეყანა იყო (და არის დღესაც), მიმაჩნდა, რომ მათ ხელში სამართლებრივი საკითხები საშინელ ჩიხში მოექცეოდა. ნუ გგონიათ, რომ სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა. ის რომ მოვიდა, რეფორმას შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. მან მერე არათუ მიისაკუთრა, არამედ "გააუპატიურა" დაწყებული რეფორმა. უამრავი მიმართულება აქვს რეფორმას, მისთვის კი მთავარი იყო, ხალხი სამსახურებიდან გაეყარა და თავისი ხალხი დაესვა. შემდეგ ეს მოსამართლეები კარგად გამოიყენა და მათი ნაწილი ციხეშიც კი გაუშვა... ბობოქარი პერიოდები იყო. რომ გაეცნოთ იმ პირველ დოკუმენტებს, რომლითაც გზა უნდა გახსნოდა ნამდვილ სამართლებრივ ცხოვრებას საქართველოში, შეიძლება, გაგიკვირდეთ კიდეც.
ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ შევარდნაძის ფრთის ქვეშ იყვნენ და "მოქალაქეთა კავშირის" საინტერესო ნაწილს შეადგენდნენ, საოცრებებს აკეთებდნენ. ძალიან ნიჭიერი იყო ჟვანია, წიგნიერი, განათლებული ადამიანი. მათთან, ბუნებრივია, შეხება მქონდა. მეტსაც გეტყვით: იუსტიციის საბჭოში 12 კაცი იყო; თანამდებობრივად პირველი მე ვიყავი, მეორე თუ მესამე ფიგურა სააკაშვილი გახლდათ. იცით, როგორ ცხოვრობდა ე.წ. რეფორმატორების ჯგუფი?! შევარდნაძის ჯგუფის წევრებად მიიჩნეოდნენ, თითქოს უტევდნენ კონსერვატორებს, მაგრამ სინამდვილეში, მობრუნდებოდნენ ხოლმე და თავისიანებს ებრძოდნენ, რომ მომავალში როგორც ოპოზიციონერები, ისე წარმოჩენილიყვნენ საზოგადოებაში. ეს აშკარა იყო. ამას შევარდნაძე რომ მიხვდა, ცდილობდა, მათთან დავეპირისპირებინე და ამით თავისი სკამი შეენარჩუნებინა. გადავწყვიტე, მათ პიროვნულ დაპირისპირებას გავქცეოდი. იმ ახალგაზრდა ფრთამაც, როცა დაინახა, რომ მათი პირისფარეში ვერ გავხდებოდი, ბუნებრივია, მომიძულა, მაგრამ მანამდე ბევრი რამე ერთად გვიკეთებია.
- კონკრეტულად რა?
- პროკურატურა ჭარბი ფუნქციებისგან უნდა გათავისუფლებულიყო, იუსტიციის სამინისტროს მთელი რიგი ფუნქციები უნდა ჩამორთმეოდა, შეიქმნა იუსტიციის საბჭო... მერე, როგორც კი აღმავალი ბურჟუაზიასავით მოექცნენ ხელისუფლების სათავეში, ორმაგად აღადგინეს ის ფუნქციები, რომელიც ამ უწყებებს რევოლუციამდე წაართვეს. უკვე აღარ სჭირდებოდათ, რადგან თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში და უნდოდათ, რაც შეიძლება მეტი უწყება ყოფილიყო მათ უშუალო კონტროლქვეშ. ასეთი პოლიტიკური ახირებების გამტარებელი ვერ გავხდებოდი. ერთი მხრივ, უკვე შევარდნაძე ვეღარ უძლებდა ამას. ყველაფერს რომ მიხვდა, გადაწყვიტა, სააკაშვილის ფრთა ჩაენაცვლებინა ჟვანია-შაშიაშვილის ფრთით, მაგრამ მაშინ ზურაბ ჟვანია და თემურ შაშიაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ და ეს გეგმა შევარდნაძეს არ გამოუვიდა... იმ უმსგავსობას გავექეცი. ამავე დროს, ეს იყო ერთადერთი შანსი, რომ იმ ასაკში კიდევ რაღაც მესწავლა. ევროსასამართლოში ახალი ასპარეზი, ახალი ურთიერთობები, ახალი პერსპექტივები მელოდა და მართლაც ასე მოხდა.
- როგორი იყო ევროსასამართლოში გატარებული 10 წელიწადი?
- მძიმე, მაგრამ ნაყოფიერი. სრულიად ახალ სისტემაში ვმუშაობდი, კანონია სამართლის მთავარი წყარო, კანონსა და სამართალს შორის ტოლობის ნიშანია - კანონი უდრის სამართალს. ცუდი სამართალი არ არსებობს. იქ პრეცედენტულ სამართალზე უნდა გადავრთულიყავი. ამიტომ, პირველი 3 წელი, დღე და ღამე ვმუშაობდი, რომ ის ტექნოლოგიები ამეთვისებინა, რაც არსებობს. რას ნიშნავს პრეცედენტული სამართალი? შენ ხელმძღვანელობ არა კოდექსის მუხლით, არამედ ევროპის სასამართლოების მიერ წინათ, მსგავს საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებებით - ანუ პრეცედენტებით. ბევრია ასეთი გადაწყვეტილება, ის უნდა მოიძიო და უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო. რთულია, მაგრამ დავძლიე. მერე უკვე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ბევრი საინტერესო საქმე განვიხილე. ჩავარდნა არ მქონია, პირიქით, გაკვირვებულებიც კი იყვნენ - პოსტსაბჭოური სივრციდან ჩამოსულმა ამდენს რომ მივაღწიე. რა იცოდნენ, რომ ამის მთავარი შემოქმედი ჩემი პედაგოგი - თინათინ წერეთელი იყო, რომელიც საბჭოთა სამართალს კი არა, საერთაშორისო სამართალს გვასწავლიდა...
- ალბათ გქონდათ შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისგან. რატომ არ წახვედით პოლიტიკაში?
- პოლიტიკისკენ არ გამიხედავს. შეთავაზება ძალიან ბევრჯერ მქონდა, მაგრამ უარს ვამბობდი. პედაგოგიურ საქმიანობას ორ უნივერსიტეტში ვეწევი. ასევე, კალამი არასოდეს დამიდვია და მომავალშიც მეცნიერულ საქმიანობას გავაგრძელებ. საოცრად მაწუხებს, რომ ხალხში გამძაფრებულია უსამართლობის განცდა. ეს არის მართლმსაჯულების დიდი კრიზისი. მთავარი ის არის, რომ ქართული სამართლის მომხმარებელი მხოლოდ ერთი მუჭა ადამიანები არიან, რომლებიც მმართველ გუნდს წარმოადგენენ. ბუნებრივია, ეს ქვეყნისთვის დიდი მარცხია.
P.S. "გზის" მომდევნო ნომერში განვაგრძობთ საუბარს ბატონ მინდია უგრეხელიძესთან, რომელიც გვიამბობს, როგორ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რა პირობა მისცა ზვიად გამსახურდიას, რატომ დარჩა შევარდნაძის ხელისუფლებაში და რა განცდა ჰქონდა, როცა გამსახურდიას მომხრეებს ასამართლებდა.