რა გავლენას ახდენს საშინელებათა ფილმები ბავშვებზე?

რა გავლენას ახდენს საშინელებათა ფილმები ბავშვებზე?

საშინელებათა ჟანრის ფილმები დღევანდელ კინობაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად მსოფლიო კინემატოგრაფი არაერთ საშინელებათა ფილმს უშვებს. შესაძლოა, კინოთეატრში მის სანახავად არც თქვენ წახვიდეთ და მით უმეტეს არც თქვენი მცირეწლოვანი შვილი წაიყვანოთ, თუმცა უკონტროლო ინტერნეტისა და არამიზნობრივად დალაგებული საეთერო ბადის ეპოქაში, რთულია მუდმივად აკონტროლო რას და როდის უყურებს თქვენი შვილი.

ის, რომ საშინელებათა ფილმები ბავშვებზე არ არის გათვლილი, ამას მოწმობს მისთვის მინიჭებული 18+ კატეგორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკამდე ჰორორის ნებისმიერი ეპიზოდის ყურებაც კი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ბავშვის ფსიქიკაზე.

და მაინც, რა გავლენას ახდენს საშინელებათა ფილმები ბავშვებზე?

უძილობა

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საშინელებათა ფილმების ყურების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს უჭირს დაძინება. ასეთივე და კიდევ უფრო დიდი გავლენა აქვს ფილმის დროს განცდილ ემოციას ბავშვებზე. დაწოლის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ბავშვს მხოლოდ უარყოფითი შეგრძნებები აქვს, რის შედეგადაც შესაძლოა მთელი ღამე ვერ დაიძინოს. დაძინების შემთხვევაში კი იმდენად ღრმად არის ნანახი სიუჟეტი გონებაში დარჩენილი, რომ სულ მცირე ხმაურიც კი ძილის დაფრთხობას იწვევს.

ირაციონალური შიში

საშინელებათა ფილმების ყურებამ შესაძლოა ნებისმიერ ასაკში ადამიანს ირაციონალური შიში განუვითაროს. რაც გამოიხატება გამყოლის გარეშე შუქჩამქვრალ საპირფარეშოში გასვლის შიშით. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იქნება ეს გავლენა ბავშვზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ის, რაც ეკრანზე ნახა სინამდვილეში გამოგონილია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. სამწუხაროდ, შესაძლოა, ერთი ფილმის ყურებაც კი იმდენად ღრმად დარჩეს ბავშვის მახსოვრობაში, რომ მთელი ცხოვრება აწუხებდეს სიბნელის შიში.

მიდრეკილება ძალადობისკენ

ბავშვებისთვის საშინელებათა ფილმის ყურების ერთ-ერთი მთავარი მინუსი მომატებული აგრესიულობა და ძალადობისკენ მიდრეკილებაა. შესაძლოა, მათ ვერც კი გააცნობიერონ, ისე გადმოიტანონ რეალობაში ის, რაც ფილმში ნახეს.

რეალობისა და წარმოსახვის არევა

საშინელებათა ფილმების ყურების დროს, ზრდასრული ადამიანებიც კი ხშირად იმდენად შეშინებულები არიან, რომ რეალობა და ის, რაც ფილმში ნახეს ერთმანეთში ერევათ. ბავშვების შემთხვევაში კი ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება. მაგალითად, შესაძლოა, ჩვეულებრივი ჩრდილის დანახვამაც კი მათზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს და შიშის საფუძველზე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა შეექმნას.