ფრანჩესკო ბარანკაზე თუ გსმენიათ რამე? რამდენიმე დღის წინ ქართველი მკითხველი მასზე უთუოდ გაიგებდა - ის არის "ფედერბეთის" (სპეციალურად საეჭვო ფსონების კვლევისთვის შექმნილი ორგანიზაცია) წარმომადგენელი, რომელიც წერდა ვიარეჯოს ტურნირზე ქართული გუნდის მიერ თითქოსდა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაზე...
გარდა იმისა, რომ ბარანკა ესოდენ მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს, ამავდროულად ის უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის "ეთიკისა და სამართლიანი თამაშის" კომიტეტის თავმჯდომარეცაა. ანუ ეს არის კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცის იმ საქმეში, რასაც "ტოტალიზატორი" და "თამაშის ჩაწყობა" ჰქვია. XSPORT VLOG-თან ინტერვიუში ის სწორედ ამ თემებზე ლაპარაკობს. აქ ამ ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს გთავაზობთ:
- ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 5 ათას სპორტულ მოვლენაზე იდება ფული. უკრაინაში ვმუშაობ და აქაურ მაგალითს ავიღებ. მაგალითად, შენ შეგიძლია გააკეთო ფსონი ხარკოვის რეგიონული საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩზე და თუნდაც იმ ხალხზე, ვინც "ფლეისთეიშენს" თამაშობს. და დადებული ფსონების რაოდენობას არ იკითხავთ? გაგიჟდებით - 800 მილიონი ევრო ყოველკვიურად! და ეს არის უკრაინის ლამის წლიური ბიუჯეტი.
აი, სულ რამდენიმე წუთის წინ, ვიდრე ჩვენი ინტერვიუ დაიწყებოდა, ვიღაცამ ხარკოვიდან დადო ძალიან დიდი ფული ვიეტნამის 19-წლამდელთა გუნდზე. ასპროცენტიანი ჩაწყობილი თამაში იყო და იმ ხარკოველმაც საკმაოდ დიდი ფული მოიგო...
თქვენ წარმოიდგინეთ, არის თამაშები, როცა მავანი თაღლითი შეკრებს 22 ფეხბურთელს, ჩააცმევს მაისურებს, ათამაშებს ფეხბურთს და მერე უკავშირდება ვიღაც ტიპებს, რომლებიც აწარმოებენ "ლაივ"-რეპორტაჟებს და ასე იდება ფსონები.
სად არის უფრო მეტი ჩაწყობილი მატჩი: უკრაინაში, რუსეთსა თუ იტალიაში?
- კიევში რომ ჩამოვედი, წელიწადში ასეთი შემთხვევა იყო დაახლოებით 50. ბოლო პერიოდში გამოსწორდა სიტუაცია და ახლა მაქსიმუმ 10 ინციდენტი იყოს წლის განმავლობაში. რუსეთს თუ შევადარებთ, იქ სიტუცია გაცილებით მძიმეა, თუმცა ეს უკრაინის პრობლემას ვერ შველის. ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე და წარმატებებიც გვაქვს. იტალიას რაც შეეხება, იქ ბევრი კლუბი გაკოტრდა, გარკვეული ეკონომიკური კრიზისია...
ასე რომ, პრობლემები იქაც არის... ისე, როცა უკრაინაში მოვდიოდი სამუშაოდ, ყველა ამბობდა, რომ ეს არის საშინელი ქვეყანა, რომ კორუფციის ინდექსი ძალიან მაღალია... მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მხრივ იტალია გაცილებით კორუმპირებულია. და იცით, რა განსხვავებაა იტალიასა და სხვა ქვეყნებს შორის? სხვა ქვეყანაში შენ უნდა მიხვიდე ფეხბურთელთან და ჰკითხო, ითამაშებს თუ არა რაიმე ფსონზე? იტალიაში კი თვითონ ფეხბურთელი მოდის და გთავაზობს - რამეზე ვითამაშოთო.
ჩაწყობილი თამაშების მხრივ ყველაზე ჭუჭყიანი სპორტის სახეობა ფეხბურთის შემდეგ...
- ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთიც თუ გნებავთ. საერთოდ, ინდივიდუალური სახეობები, სადაც ყველაფერი ერთ მოთამაშეზეა დამოკიდებული. დღეს ძალიან ბევრი უკრაინელი, რუსი და აღმოსავლეთევროპელი ჩოგბურთელი ქალია, რომელიც "უშვებს" თამაშებს, ანუ ყიდის. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ გეიმში თითოეული ქულაც კი იყიდება. ნამდვილად ვიცი - არის ერთი ძალიან ცნობილი რუსი ჩოგბურთელი ქალი, რომელმაც "ჩაუშვა" თამაშები US OPEN-ზე.
შეიძლება თუ არა ჩაწყობილ მატჩებზე დიდი ფული იშოვოს ჩვეულებრივმა მოთამაშემ?
- არა, მაგრამ... არის ერთი "მაგრამ": თუ შენ ბიზნესმენი ხარ და იყიდი რომელიმე კლუბს იმისთვის, რომ ფსონები დადო, მაშინ კი ბატონო - შეიძლება ამით ფულის შოვნა. ის არ არის ბუკმეკერი, ვითომ ბიზნესმენია, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი თაღლითია, თამაშების ჩამწყობი. ასეთი ბევრია ჩინეთში - ისინი ყიდულობენ ევროპულ კლუბებს, ჩადებენ ვითომ ინვესტიციებს, მერე დადებენ ფსონებს და... მერე გარბიან.