რევაზ ძოძუაშვილი: მომკალით და მგონია, ეს სიტყვები შვეიცარიელებმა სპეციალურად შემოგვიგდეს!

რევაზ ძოძუაშვილი: მომკალით და მგონია, ეს სიტყვები შვეიცარიელებმა სპეციალურად შემოგვიგდეს!

საქართველოს ნაკრები ორიოდე დღეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩს ჩაატარებს შვეიცარიასთან. გუშინ "ლელო" ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილს დაუკავშირდა და მოახლოებულ მატჩზე დაკითხა...

- მოუთმენლად ველოდები ამ მატჩს. მე რაც შემიძლია, იმას გავაკეთებ - მივალ სტადიონზე და ერთი ხმა ჩემიც იქნება. "მიდით ბიჭებო, ჯიგრები ხართ, გენაცვალეთ"! - მინდა, შაბათს ეს სიტყვები დავიძახო და მჯერა, ბიჭები მომცემენ ამის საშუალებას.

...შვეიცარიული კლუბები წარმატებით თამაშობენ ევროტურნირებზე. ამ გუნდების ლიდერებს დავამატოთ შვეიცარიელი ლეგიონერები და მივიღებთ ძალიან ძლიერ გუნდს. ჩვენი მსჯელობა იქეთ იყოს და, სუსტი ვერ იქნება ნაკრები, რომელმაც ერთა ლიგის შემთხვევაში ბელგია გაანადგურა. იმ თამაშში შვეიცარიელებს მოგება სჭირდებოდათ და მოიგეს კიდეც. თანაც, როგორც მახსოვს, ის თამაში ცუდად დაიწყეს, თავიდან აგებდნენ...

...რეალურად მჯერა ჩვენი გამარჯვების. ფეხბურთში დღეს შეუძლებელი არაფერია. სამწვრთნელო შტაბმა უნდა გააკეთოს ისეთი ანალიზი, ისეთი ტაქტიკა უნდა შეარჩიოს, რომელიც მოგებამდე მიგვიყვანს. მჯერა, ამას შეძლებენ კიდეც.

...როგორ უნდა მივიდეთ მოგებამდე? ამაზე ყველა ვფიქრობთ. დღევანდელი ეპოქა და მოცემულობა მაინც ასეთია - იგებს ის, ვინც მეტს უტევს. ეს დაადასტურეს "იუვენტუსმა", "აიაქსმა", "მანჩესტერ სიტიმ"...

...არის მეორე მაგალითიც - ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი". "მეორე ნომრად" ითამაშა "პარი სენ-ჟერმენთან" და მოიგო. მაგარი პრესინგი ითამაშეს და მოიგეს. მე მხოლოდ ჩემს აზრს ვიტყვი: ამ შემადგენლობით ჩვენ უკეთესად გამოგვდის შეტევა და უნდა შევუტიოთ.

..."ლელოს" მუდმივი მკითხველი ვარ და თქვენს გაზეთში წავიკითხე სწორედ შვეიცარიელთა ნათქვამი - ველოდებით, რომ საქართველოს ნაკრები დაცვაში ჩადგება და სივრცეებს დაგვითმობსო. მომკალით და, მგონია, რომ ეს სიტყვები სპეციალურად შემოგვიგდეს. შესაძლოა, შვეიცარიელების მწვრთნელს აწყობს კიდეც, ასე რომ ვითამაშოთ და სივრცეები მის გუნდს დარჩეს, ის იყოს თამაშის მსვლელობის მოკარნახე...

...გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე თამაში? რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, ვლადიმირ ვაისმა და მისმა შტაბის ასე გადაწყვიტონ. უბრალოდ, ასეთ სქემას სათანადო შემსრულებლები სჭირდება. შეტევისას 6 ნახევარმცველი უნდა გარდაიქმნას ფორვარდად და დაცვით ფაზაში კი - დაცვითი ტიპის ნახევარმცველის ფუნქციები შეასრულონ. "არ შემიძლია და უკან ვერ ჩავალ" - ასეთი მიდგომა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გამოვა. თითოეულმა მათგანმა მაქსიმალური მოცულობის სამუშაო უნდა გასწიოს მინდორზე. შეღავათი გამორიცხულია!..

...ბოლოს ოპტიმისტურად დავასრულებ: მჯერა, მატჩის დასრულებისთანავე ყველა ერთად გავიხარებთ!