„წარმოუდგენელი ამბავია რასაც მეთოფიშვილი აკეთებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას იურისტი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია, რომლის შეფასებით, მაქსიმუმი რაც შეიძლება ახლა მიღწეული იქნას, მთელი ამ საპროტესტო მუხტის ფონზე, ისაა, რომ საშუალება არ მისცენ განუსაზღვრელი ვადით დანიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. იურისტის შეფასებით, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან, მოსამართლეთა ეს ჯგუფი კლანად გადაიქცა სწორედ მას შემდეგ, რაც სასამართლო რეფორმის ტალღების პროცესში ეს ხალხი მოვიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
for.ge ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწის განცხადებით, მან ვერ გაუძლო სასამართლოში არსებული კლანის უმძიმეს ზეწოლას და ამ მოტივით დატოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. თუ გავითვალისწინებთ გვენეტაძის გადაგომის შემდეგ განვითარებული პროცესებს, შეიძლება ვთქვათ, რომ გვენეტაძეზე განხორციელდა ზეწოლა, რომ წასულიყო სასამართლო სისტემიდან ამ სახით?
ლია მუხაშავრია: გადადგომის შემდეგ მასთან არ მისაუბრია. ვიცი, რომ ღრმა დეპრესიაშია და ძალიან განიცდის მომხდარს. მისთვის ახლა მტკივნეული იქნება, თუნდაც ახლობლებს, გაუზიაროს ის ემოციები, რაც მას აქვს. ეს ძალიან კარგად მესმის, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ კახა წიქარიშვილმა ეს განცხადება გაცხარების ნიადაგზე გააკეთა. თუმცა, არანაირად ეჭვი არ შემაქვს მის განცხადებაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი განცხადება სიმართლეეს შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვის წარმოუდგენია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნულმა ადამიანმა, რომელიც 10 წლით არის გამწესებული, 3 წელიწადში დატოვოს თანამდებობა.
გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს გვენეტაძე და დღემდე არ საუბრობს იმ ზეწოლაზე, რაც მასზე განხორციელდა. არსებობს მისი განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მუშაობის საშუალებას...
– არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა აქ არ იყო მიზეზი. მაგრამ ყველაზე სავალალო ის არის, რომ პარლამენტი, რომელმაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაამტკიცა, ისე მიდის თანამდებობიდან, რომ პარლამენტი და მათ შორის პარლამენტის საკვანძო კომიტეტიც კი არ დაინტერესებულა ნამდვილად ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი, თუ სხვა რამე.
მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მან რამდენიმე ხნით ადრე გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ზეწოლის ქვეშ და არც მაშინ დაინტერესებულა პარლამენტი ამ საკითხით...
– როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საჯაროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აკეთებს ასეთ განცხადებას, რომელსაც ესწრებიან ჟურნალისტები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და ამის შემდეგ პარლამენტის მიერ არანაირი რეაგირება ამაზე არ ხდება, ამის შემდეგ, ალბათ, დაინახა, რომ დაუცველია და როგორც ვხედვათ ეს კლანი ყველაფრზე არის წამსვლელი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ძალადობა და ზეწოლა იმდენად აუტანელი გახდა, რომ ნინო გვენეტაძემ იძულებით გააკეთა განაცხადება გადადგომის შესახებ. საოცარი ის არის, რომ პარლამენტი მხოლოდ ახლა ამბობს, რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით.
გვენეტაძის პირველი განცხადებას მაშინვე არ მოჰყვა რეაგირება პარლამენტის მიერ, ეს იყო სიგნალი ამ კლანისთვის, რომ მათ ჰქონდათ უფლება და ნებადართული იყო ზეწოლა მოეხდინათ სასამართლოს თავმჯდომარისთვის?
– ბუნებრივია. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე პოროცესებს, დავინახავთ, რომ ამ კლანს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მიღებული ჰქონდა ნებართვა, რადგან საკუთარი ინიციატივით ამას ვერ გაბედავდნენ. ახლა რაც ხდება, პარლამენტის თავმჯდომარე როგორი პროცედურით და როგორი წესით ცდილობს გაიტანოს ამ კლანისთვის ხელსაყრელი კანონპროექტი, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო შეთანხმებული პოლიტიკა, რომელიც აშკარად დანაშაულებრივია, აშკარად კრიმინალურ ხასიათს ატარებს.
იმიტომ, რომ როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ასეთი ქმედება ხორციელდება და ეს შერჩა იმას, ვინც ჩაიდინა, ცხადია ადასტურებს, რომ ეს იყო შეთანხმება, ეს იყო ნებადართული და კარგად ორგანიზებული იმისთვის, რომ შემდგომში ამ კლანის წევრებს სრულად აეღოთ ხელში ძალაუფლება. მათ ეს მოახერხეს კიდეც.
კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ პირველი მოსმენით ისე მიიღო პარლამენტმა, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. როგორ ფიქრობთ, რატომ არის დაინტერესებული მმართველი გუნდი დაჩქარებული ტემპით მიიღოს კანონპროექტი ისე, რომ არ დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას?
– ვენეციის კომისიის დასკვნის არდალოდება, ააშკარავებს რამდენად ღრმა და სერიოზულია ხელისუფლების პირველი პირების განზრახვა და მათი მოქმედების სქემა. მათ სასამართლოში სჭირდებათ ის შემადგენლობა, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ ხელისულების დაკვეთებს და მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ერთადერთი შანსი ხელისუფლებისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნონ ეს კლანი სასამართლოში, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი გადასინჯვას არ ექვემდებარება. ძალიან გამოკვეთილად ჩანს ეს სურათი.
მაგრამ რატომ ვერ აცნობიერებს მმართველი გუნდი იმ მძიმე შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მართლმსაჯულების სისტემაში უსამართლობის დაკანონებას? ვიცით როგორ დასრულდა სააკაშვილის ხელისუფლების მცდელობა, რომ დაეკანონებინა უსამართლობა...
– შეიძლება აცნობიერებდეს, მაგრამ მიზანი, რისთვისაც ეს ხდება, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე მიდიან. სართოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალური მმართველობა წააგავს კანონიერი ქურდების საკითხების გადაწყვეტის მანევრს და პროცედურას, ახლა ხომ გამოჩნდა, რომ ივანიშვილს და მის გუნდს არ აინტერესებს, რას იტყვის ვენეციის კომისია, ევროკავშირი, აშშ, რას დასწერენ თავიანთ ანგარიშებში ეუთო და სხვა ორგანიზაციები. თავიანთ საქმეს აკეთებენ ძალიან დიდი თავხედობით და პირდაპირობით, ისე, რომ შეიძლება მალე ოპონენტებს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრონ. ეს არის ლოგიკა ასეთი მართვის, თუ ამას მართვას დავარქმევთ.
უზენაესი სასამართლოს შევსება იმ კატეგორიის მოსამართლეებით, რომელთა მიმართ არსებობს ძალიან მძიმე კითხვები, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით?
– ეს არ არის მათთვის მნიშვნელოვანი იმასთან შედარებით, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და ქვეყანა მართონ ისე, როგორც ხდება შპს–ში. აშკარაა, რომ ამ ხელისუფლებას არ აშინებს საერთაშორისო საზოგადეობის შეფასება. რას ამბობს საქართველოს უახლესი გამოცდილება – ძალიან ბევრი რამე შერჩა „ნაციონალურ მოძრაობას“, სხედან პარლამენტში და სრული უტიფრობით აქეთ სდებენ შარს „ქართულ ოცნებას“ და გადასული არიან იმაზე – უზნეობაში ვინ ვის აჯობებს.
უზნეობის ამ ატმოსფეროში მუშაობს ლოგიკა, როდესაც სახელმწიფოებრიობა კი არ არის ამოცანა, არამედ ამოცანა არის საკუთარი, კერძო ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა პოლიტიკური მიზნების განხორციელება ნებისმიერ ფასად. მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია ვითარება, როდესაც ადამაინი არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. მხოლოდ ამ წუთას, ამ მომენტისთვის უნდა რაღაც მოიპოვოს. არ აქვს მნიშვნელობა, შემდეგ ამას რა მოჰყვება, ამაზე თავს არ იტკიებენ.
თქვენ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს გამოწვევებს, მაგრამ როდესაც საუბარია კლანზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კლანი არსად არ არის და ეს არის სასამართლოზე ზეწოლა. რა პოლიტიკური გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?
– ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს, ან რომელიმე მოსამართლეს კლანს რომ დაუძახებს ვინმე, თუნდაც ინტრიგისათვის. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მიერ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა, უკვე საეჭვო ხდება. სასამართლო იმდენად სანდო უნდა იყოს, რომ არავის აზრად არ მოუვიდეს ასეთი სამარცხვინო ტიტულით მოიხსენიოს ერთი მოსამართლეც კი. ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაიქცა კლანად, ამაზე ლაპარაკობს არა ვიღაცა ინტრიგანი ადამიანი, არამედ მთელი პროფესიული წრეები, არასამთავრობო სექტორი, იწერება მედიაში და ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე გვარწმუნებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა.
როდესაც ასეთია საზოგადოების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, იქ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ასეთ სასამართლო სისტემას რაიმე საზოგადოებრივი ნდობა, ან მხარდაჭერა აქვს. პირიქით, მართლმსაჯულების ამგვარი სისტემა საზოგადოების წინააღმდეგ არის მომართული. როდესაც საზოგადოება ამბობს, რომ არის კლანი, ეს უკვე არის კატასტოროფა, ეს ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არსესობს.
უფრო მეტსაც გეტყვით, მე მგონია, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული ბანდა, რომლიც მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს უკანონო გზებით სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ კლანს ყველაზე უფრო ხელეწიფება დაანგრიოს სახელმწიფო წყობილება, როდესაც ასეთი კლანური წესით იწყებენ მოქმედებას. ამაზე სახელმწიფოს რომ რეაგირება არ აქვს, სამართალდამცავი ორგანოები რომ არაფერს აკეთებენ, ეს არის უმძიმესი ფაქტი. ალბათ, მსოფლიოსთვის გასაკვირია მოსამართლე მეთოფიშვილი, რომელიც ფეისბუქ პოსტებს წერს და საჯარო განცხადებებს აკეთებს, მათ შორის პოლიტიკურს. წარმოუდგენელი ამბავია რასაც მეთოფიშვილი აკეთებს. ასეთი რამ ცივილიზებული სამყაროს სასამართლოში არ ხდება.
ეს უკვე ადასტურებს, რომ სასამართლო გახდა პოლიტიკური ორგანო?
– როგორც წარმოუდგენელია მოსამართლე მანტიის გარეშე კი არა, შიშველი გამოცხადდეს პროცესზე, ასეთივე წარმოუდგენელია რასაც მეთოფიშვილი აკეთებს. ეს არის კატასტროფა. სასამართლო არის მართლმსაჯულების ორგანო და თუ ის ცდილობს სხვა ორგანოდ გადაიქცეს, ეს უკვე აღარ არის სასამართლო, არ ასრულებს მართლმსაჯულების ფუნქციას. სასამართლო გადაიქცა რაღაცა ბანდად და ამაში ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს.
ანუ, ეს არის ხელისუფლების მიერ ხელდასმული და ნებადართული ქმედება. ერთადერთი, რასაც შეიძლება საზოგადოებამ უპასუხოს, ეს არის პროტესტის გაგრძელება. იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება. ეს არის დამახინჯებულად ქცეული სასამართლო და თუ ხელისუფლებამ ამაზე არ გააკეთა რეაგირება და როგორც ვხედავთ, ამ კლანის გაძლიერებას უწყობს ხელს, ეს პირველ რიგში დაასამარებს თავად ხელისუფლებას.
როგორც გრავიტაციის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ისე ვერ შეძლებს ხელისუფლება ასეთი კლანური სასამართლო სისტემის მხარდაჭერას და მის გაძლიერებას. ეს მას დაუჯდება პოლიტიკური ფასი, მაგრამ ძალიან დიდი ფასი გვიჯდება ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამიტომ მინდა, რომ ეს პრობლემა გაცნობიერებული იქნას თითოეული მოქალაქის მიერ. მოდის არჩევნები და ძალიან კარგად უნდა დავუგდოთ ყური, ვინ როგორ ხედავს სასამართლოს რეფორმას.