ექსკლუზიური ინტერვიუ - ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება

ექსკლუზიური ინტერვიუ - ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება

"ინგა გრიგოლიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა სატელეფონო ზარებით და ფიზიკური განადგურების მუქარებით", – ასე ახსნა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ გრიგოლიას მიერ გლდანის რაიონში კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება.

ამ ნაბიჯის შემდეგ თავად გრიგოლია მედიასთან არ გამოჩენილა, "ფეისბუქში" კი საკუთარი გვერდი საერთოდ გააუქმა. რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ Prime Time News-მა ინგა გრიგოლიასთან დაკავშირება და ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

განხორციელდა თუ არა რეალურად ფსიქოლოგიური ზეწოლა? როგორია მისი პოლიტიკური გეგმები? რა შემოთავაზება მიიღო და რას ურჩევს ბიძინა ივანიშვილს? გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ინგა გრიგოლიასთან:

– გიორგის აბსოლუტურად ვეთანხმები. იყო ძალიან დიდი აგრესია იმის გამო, რომ მე პარტიაში ვიყავი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე და არ გახლდით იქ, სადაც ხდებოდა ადამიანების საყოველთაო მობილიზაცია. ჩემი "ფეისბუქის" გვერდიდან დაწყებული, დამთავრებული სატელეფონო ზარებითა და SMS-ებით, ჩემს წინააღმდეგ მოდიოდა ძალიან დიდი აგრესია. მივხვდი, რომ არც კენჭისყრა და არც დეპუტატის მანდატი არ მიღირდა ამხელა აგრესიად. სწორედ ამიტომ მოვხსენი კანდიდატურა. მე არ გადავმხტარვარ არავის პოლიტიკურ გუნდში, ამ დღეების განმავლობაში სპეციალურად არ ვაკეთებდი რაიმე ტიპის განცხადებას, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ სხვა პოლიტიკურ გუნდში გადავხტი, იმ გუნდში, რომელიც, უფრო რეალური იყო, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებდა. ჩემი კანდიდატურის მოხსნა იყო სწორედ პროტესტი იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად ქვეყანა მოიცვა და შემეხო პირადად მეც. ნამდვილად არ შემიძლია, ვიღაცამ მლანძღოს და მაგინოს მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვფიქრობ ისე, როგორც მოსახლეობის თუნდაც 50 პროცენტი. ამიტომ გადავწყვიტე, ამ აგრესიას მთლიანად ჩავხსნოდი და ეს იყო მთავარი მიზეზი, როს გამოც უარი ვთქვი არჩევნებში მონაწილეობაზე. პარლამენტში შესვლა-არშესვლა არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩემი პროტესტი ამ აგრესიის წინააღმდეგ. ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ, რომ აგრესია გამოეხატათ ჩემ მიმართ, რადგან ვიყავი იქ, სადაც მათ არ მოსწონდათ. სხვათა შორის, ახლა შენთან ვამბობ პირველად, რომ მივიღე გადაწყვეტილება, საერთოდ გავემიჯნო პოლიტიკას. არ მიღირს პოლიტიკაში მუშაობა იმად, რომ, ჩემი განსხვავებული აზრის გამო, სრულიად დაუმსახურებლად ვიღაცებმა ტალახი მესროლონ. ალბათ, ქართულ პოლიტიკაში ჩემნაირი ემოციური ადამიანების ადგილი არაა. ძალიან მალე ამას ოფიციალურად გამოვაცხადებ, რომ მივიდვარ პოლიტიკიდან. ჯერჯერობით საკრებულოში ვრჩები ფრაქციის თავმჯდომარედ, ეს რამდენიმე დღე მჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული მოვალეობები შევასრულო კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენიმე მათგანის ოპერაციის შუამდგომლობები მქონდა გაკეთებული და მინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. ამის შემდეგ კი ოფიციალურად დავტოვებ პოლიტიკას. აშკარაა, რომ საქართველოში მკვიდრდება ტენდენცია, რომ, თუ შენ არ ფიქრობ ჩემსავით, ხარ ცუდი ტიპი, მე ასეთი მიდგომა მაკვირვებს და ვერასოდეს შევეგუები. მორალურად ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.

– შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკას უბრუნდება?

– რასაკვირველია, მე ახლა ვერ ვისაუბრებ ხვალინდელ გეგმებზე, იმიტომ რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია და ჯერჯერობით არაფერზე ჩამოვყალიბებულვარ. თუმცა, რომ გითხრა, არ ვფიქრობ ამაზე-მეთქი, მოგატყუებ. ალბათ, მუშაობას გავაგრძელებ ისევ მედიის მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს როგორც ტელემედიის მიმართულება, ასევე პრესა. ამ ყველაფერზე ჩამოვყალიბდები. მთელი ამ ხნის განმავლობაში დავასკვენი, რომ ყველას არ შეუძლია გაუძლოს იმ ცილისწამებას, რომელიც ისმის ხოლმე სხვადასხვა განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანის მისამართით. გადაწყვეტილება პრაქტიკულად უკვე მიღებული მაქვს და სულ მალე ოფიციალურად გავაფორმებ.

აქვე მინდა, გულით მივულოცო "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება. სხვათა შორის, ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში დავბრუნდებოდი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობა დასრულდებოდა.

საინტერესოა, რას ურჩევდი ივანიშვილს და მის მთავრობას?

– მე მათ ვურჩევ, რომ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანები წინა მთავრობასავით არ გამოაცხადონ მტრებად და მოკეთეებად, ცუდ და „კაი ტიპებად“. მართლა გულით ვულოცავ "ქართულ ოცნებას" ამ გამარჯვებას. მიხარია, რომ პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ვუსურვებ მათ წარმატებას და შეესრულებინოთ ის პირობა, რაც ხალხს მისცეს, მათ შორის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ჟურნალისტებისა და თავისუფალი სიტყვის დევნა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურა მოხსენი, მამუკა ღლონტმა "მაესტროში" მუშაობა შემოგთავაზა... იყო თუ არა სხვა შემოთავაზებები და კონკრეტულად რომელ მედიასაშუალებაში შეიძლება გიხილოთ?

– მამუკას ეს შეთავაზება გადმოცემით ვიცი, არ ვიყავი იმ პერიოდში აქ. ძალიან დიდი მადლობა მამუკას, საინტერესო წინადადებაა. არის სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფერზე მიფიქრია. ახლა შენ პირველად გეუბნები პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის შესახებ, ამის შემდეგ დავფიქრდები, ჩამოვყალიბდები და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გუნდს, რომელსაც პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში წარმოვადგენდი. მადლობა "ქრისტიან-დემოკრატებს", რომელთა მიმართაც იმდენად დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდებები ისმის ხოლმე, რომ ნამდვილად დიდი გამძლეობა სჭირდებათ. ვინც ამას უძლებს, ალბათ, სწორედ ის არის ნამდვილი პოლიტიკოსი. მე ვაღიარებ, რომ ვარ ემოციური ადამიანი და ეს ყველაფერი ჩემთვის შოკი აღმოჩნდა. მინდა ვუთხრა გიორგი თარგამაძეს, – ყოჩაღ, ყოჩაღ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ასეთ დაუსაბუთებელ ცილისწამებას გაუძელი.