„ოცნება“ გურგენ დონაძის დაჭერას არ გამორიცხავს

„ოცნება“ გურგენ დონაძის დაჭერას არ გამორიცხავს

დააყენებს თუ არა „ქართული ოცნება“ გურგენ დონაძის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ბუტა რობაქიძის საქმეში ნივთმტკიცებები გააყალბა და ეს შესაბამისი ვიდეომასალებითაც დადასტურებულია, ამის გასარკვევად „საქართველო და მსოფლიო“ ჟურნალისტს, „ქართული ოცნების“ ტყიბულის დეპუტატს ქალბატონ ელისო ჩაფიძეს დაუკავშირდა.

ქალაბტონო ელისო, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ „მოქმედი პირები“ კვლავ არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, თქვენი აზრით უნდა ჩატარდეს თუ არა ობიექტური გამოძიება და მსჯელობს თუ არა კოალიცია ამ საკითხზე?

– კოალიციიას გურამ დონაძის საქმეზე ცალკე არ უმსჯელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დანმაშავე სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.

- მათ შორის ალბათ გურგენ დონაძეც ხო? ანუ არ გამორიცხავთ, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

- არა, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, თუმცა არც იმის მომხრე ვარ, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი სიღრმისეული გამოძიების გარეშე დადგეს. თუ საჭირო გახდა, უნდა შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც დეტალურად და კომპეტენტურად შეისწავლის ბოლო წლებში ჩადენილი მკვლელობების დამკვეთებისა და მათი ხელისდამფარებლების საქმეს და მოხდება ამ პიროვნებების საჯაროდ გასამართლება.

ამის გარეშე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ვერასოდეს ვერ მივაღწევთ.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. მას ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა.

მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა „პატრულის“ ეთერში განაცხადეს, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როცა ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. აჩვენეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ „ბანდიტების“ მანქანიდან ამოიღეს.

მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ „პატრულში“ ნაჩვენები იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს არ ეკუთვნოდათ; საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი განაცხადა, რომ მან ბუტა რობაქიძე „შემთხვევით“ მოკლა.

ბაშალეიშვილი 19 წლის ბუტა რობაქიძის „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით გაასამართლეს; 2006 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ამოიწურა და გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისუფალია.

ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ იმ პირების დასჯას, რომლებმაც მტკიცებულებები გააყალბეს. ისინი

შსს–ს პრეს-სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მიქაძის დასჯას ითხოვენ.