ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრება ყველას აინტერესებს. ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან, როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ. „რეიტინგი“ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილებით დაინტერესდა. ე.წ. ავტორიტეტების შვილები მამების გზას ნაკლებად მიჰყვებიან და ბევრ მათგანს წარმატებული კარიერა აქვს, როგორც სპორტში, ასევე შოუ-ბიზნესსა და მწერლობაში.

ქეთა თოფურია

მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალია, რომ მამამისი ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ქეთა მამის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს და დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას ქალიშვილია.

ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ის ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად მოკვდა. თუმცა, ამბობენ, რომ მოკლეს.

ნინი შუშანაშვილი

ნინი შუშანაშვილი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც ინსტაგრამი აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.

57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“.

კოკა კობალაძე

კოკა კობალაძე თინეიჯერებში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ წლებია, უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს მისი გარეგნობაც უწყობს.

კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტსახელად „სიუს“, ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.

სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალგაზრდა პოეტის მამა ერთი წლის წინ საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის.

გვანცა ონიანი

ტარიელ ონიანის 25 წლის ქალიშვილი, გვანცა, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ხვდება. ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა, მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს.

ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.

გურამ ხეცურიანი

ახალგაზრდა სპორტსმენმა, მოჭიდავე გურამ ხეცურიანმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კიდევ ერთი წარმატება მოუტანა. ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და გამარჯვება მამას, ავთანდილ ხეცურიანს მიუძღვნა.

გამარჯვების შემდეგ, ის მამის საფლავზე მივიდა, ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ წარმატებას მამას დაპირდა და შეასრულა კიდეც.

ავთანდილ ხეცურიანი ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იყო. მას კრიმინალურ სამყაროში „ბოქსიორას“ სახელით იცნობდნენ.

„ბოქსიორა“ გასული წლის ნოემბერში, იტალიაში დაიღუპა და ქუთაისში დაკრძალეს.