„ეს მოსამართლეები გადაიქცნენ კარგად ორგანიზებულ ძალიან საშიშ ბანდიტურ წარმონაქმნად“

 „ეს მოსამართლეები გადაიქცნენ კარგად ორგანიზებულ ძალიან საშიშ ბანდიტურ წარმონაქმნად“

თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებს. რაც შეეხება კრიტიკას, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ეს არის პერსონალიების კრიტიკა, არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები ერთმანეთში.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან. ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ სადავო კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრაზე ასევე დადგა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო. პროექტს მხარი მხოლოდ 24–მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 კი წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ის პროექტები, რომელიც ოპოზიციას აქვს შემოტანილი, საუკეთესო ინსტრუმენტებია მართლმსაჯულების დამორჩილებისათვის.

უმრავლესობის სურვილია, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენა ორ კვირაში მოხდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება ვენეციის კომისიის დასკვნის და რეკომენდაციების გამოქვეყნება. თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ამ ორი კვირის განმავლობაში არ მოხერხდა დასკვნის გამოქვეყნება, მაშინ პოლიტიკური გუნდი მზად არის კიდევ ორი კვირით გადადოს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

„ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყველა რეკომენდაცია, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში თავსდებოდა. ტერმინი „კლანი“ ძალიან ხშირად გვესმის. პოლიტიკური შეტევა, შტურმია სასამართლოზე. თავის დროზე, გახსოვთ, როცა ნამდვილი „კლანი“ იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი პაპუაშვილი იყო „კლანის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთ–ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად სენსიტიური იყო. „კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კენჭისყრას არ დაესწრო ეკა ბესელია. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს იყო პროტესტი, რადგან უმრავლესობამ ქვეყნისთვის სახიფათო კანონპროექტს მისცა ხმა.

„ძალიან მძაფრი პროტესტი მაქვს, რადგან უმრავლესობამ ვერ გააცნობიერა, რამდენად საზიანო კანონს მისცეს ხმა. მმართველი პარტიის წევრები მოგვიანებით მიხვდებიან თუ რაოდენ საზიანო გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. კენჭისყრის დროს იმ სივრცეში ყოფნაც კი არ მინდოდა, სადაც კენჭისყრისთვის თვალი უნდა მედევნებინა. შედეგობრივი თვალსაზრისით, მოგვიანებით მიხვდებიან, რა ცუდი რამ გააკეთეს მომავლისთვის, ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვისა და საკუთარი თავისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ გუნდი, „ქართული ოცნება“ როგორც იმართება ეს არის პარტიის თავმჯდომარის განუსაზღვრელი ძალაუფლება, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო დირექტივებს აძლევს გუნდის წევრებს. მან დეპუტატებს შეახსენა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეები მაშინაც იქნებიან სისტემაში, როდესაც თავად დეპუტატები შესაძლოა საერთოდ აღარ იყვნენ.

„უმრავლესობიდან ბევრი ვერ გამოირჩევა იმ სითამამით და გაბედულებით, რომ თქვას – ეს ჩვენთვის მიუღებელია, თქვას არა! მურუსიძე–ჩინჩალაძის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არ უნდა იყვნენ მხოლოდ პარლამენტში და ამის გაბედულება უნდა მოძებნონ საკუთარ თავში, რადგან ეს ქვეყანა არ არის ივანიშვილის, არც „ქართული ოცნების“, არც „ევროპული საქართველოსი“, ეს არის ქართველი ხალხის, ჩვენი შვილების ქვეყანა“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მოსამართლეთა ჯგუფი რეალურად არის არა კლანი, არამედ არიან მარიონეტები არაფორმალური მმართველის ხელში, ხოლო ვანო ზარდიაშვილი არის შიკრიკი, რომელსაც მიაქვს ინფორმაცია შუშის სასახლიდან სასამართლომდე.

„ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ არავინ იცის, სად არის, რას აკეთებს, არავისთვის უთქვამს რატომ მიდიოდა. არც პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ნინო გვენეტაძის დანიშვნაზე, არ საუბრობს, თუ რა მოუვიდა მას. გუშინ მისი თანაშემწისგან გავიგეთ, რომ თურმე საშინელი ზემოქმედება მიდიოდა კლანის მიერ და ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეც კი ემუქრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დროს. ამ ისტორიას კვლავ ჩამოფარებული აქვს ფარდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებული კანონპროექტი არის ძალიან ცუდი, რომელიც მორგებულია სწორედ იმაზე, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ იუსტიციის საბჭოში თავმოყრილი კლანის მეშვეობით აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება.

„როდესაც, ასეთი სრულად კონტროლირებადი სასამართლო ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს, მაშინაც მიუღებელი იყო პირადად ჩემთვის, სწორედ ამის წინააღმდეგ გავერთიანდით ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და გავიმარჯვეთ არჩევნებში. მაგრამ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელში მართვადი სასამართლო ცუდი იყო, მაგრამ ძალიან კარგი იქნება
„ქართული ოცნების“ ხელში, სწორედ ამიტომ დავტოვეთ ეს კოალიცია და ამის წინააღმდეგი ვართ დღესაც.

ღირებულებებმა უნდა გაგვაერთიანოს და დაგვაშოროს ერთმანეთს. ეს არის ძალიან ცუდი კანონი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრული კონტროლი აიღოს უზენაეს სასამართლოზე და მათთვის სანდო, კონტროლირებადი ადამიანებით დააკომპლექტონ და საერთოდ ჩაკეტონ სასამართლო სისტემა ისე, რომ ხელისუფლებისგან კონტროლირაბედი გახადონ, რაც 2012 წლიდან თანდათან განახორციელეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.

იურისტი, სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ მაქსიმუმი რაც შეიძლება ახლა მიღწეული იქნას, მთელი ამ საპროტესტო მუხლის ფონზე საშუალება არ მისცენ განუსაზღვრელი ვადით დანიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მისი თქმით, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი მიღწევა და ასევე პარალელურ რეჟიმში ხმა მიიტანონ საერთაშორისო ორგანიზაციებამდე.

„ამ ხელისუფლებას არც გონივრული, არც ფინანსური და არც ადამიანური რესუსრსი არ ეყოფა ამ ბაქჰანალიის გასაგრძელებლად. რაც შეეხება კლანს, ეს ჯგუფი კლანი არ იყო მაშინ, ეს იყო კორუმპირებული, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან ურთიერთობას აგვარებდა, არეგულირებდა და ხეირს ნახულობდა.

მოსამართლეთა ეს ჯგუფი კლანად გადაიქცა სწორედ მას შემდეგ, რაც სასამართლო რეფორმის ტალღების პროცესში ეს ხალხი მოვიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ მოახერხეს ისე, რომ დარაზმეს მოსამართლეთა კორპუსი და იქიდან გაუშვეს ყველა, ვინც არ იყო მათი მომხრე და მათი კლანური ინტერესების გამტარებელი. ახლა ეს მოსამართლეები გადაიქცნენ კარგად ორგანიზებულ, ძალიან საშიშ ბანდიტურ წარმონაქმნად. აშკარად დანაშაულებრივი გარიგება აქვთ დადებული ხელისუფლებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი ახსნა არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერას და იმ ეპითეტებს, რომელსაც ის ამბობს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

იურისტის ირმა ჭკადუას განცხადებით, ცუდია, როდესაც ხელისუფლება ქართველ ხალხს უდგება ოპოზიციაში. მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაჭარბებულია საუბარი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე, როცა ნახევარზე მეტი მათგანი უვადოდ უკვე გამწესებულია და მათ შორის ის ხმაურიანი მოსამართლეები, რომლებზეც საზოგადოებას ჰქონდა უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება.

„სამწუხაროდ, მაშინ არავინ იღებდა ხმას. დღეს დარჩენილი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც ნაკლები პრეტენზიები იყო, რომლებიც გამოირჩეოდნენ სამართლიანი გადაწყვეტილებებით. ცუდია, რომ პარლამენტში არ იქნა გაზიარებული ეკა ბესელიას პროექტი, თუნდაც იმ ნაწილში, რომ არა მხოლოდ 18 კანდიდატი ყოფილიყო წარმოდგენილი, არამედ მეტი, რომ პარლამენტს მეტი არჩევანი ჰქონოდა. ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს პარლამენტის ეს გადაწყვეტილება, რომლის მიმართ საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

tngh ცნობისათვის: გფრ-ამ დაიტოვა "ნაცისტური" რეჯიმის მოსამართლეებიც და ჩინოვნიკებიც. გდრ-ამ არა. ძნელია საქრთველოში იგივეზე დათანხმება, მაგრამ ფაქტია... გფრ ბევრად უკეთესი ქვეყანა იყო, ვინემ გდრ.
5 წლის უკან