განუხორციელებელი რუსული ოცნება

განუხორციელებელი რუსული ოცნება

რაც 1 ოქტომბერს საქართველოში მოხდა, დღემდე განუხორციელებელი რუსული ოცნებაა - რადიო Эхо Москвы-ს მიმომხილვევლის, დანიელ ორეხის ეს აზრი, ლაიტმოტივად გასდევს რუსულ მედიას საქართველოში არჩევნების შეფასებისას:

„ქვეყნის ლიდერი, რომელსაც პარანოიკად, კლოუნად, დიქტატორად და ამერიკის აგენტად მოვიხსენიებდით ოპოზიციაში გადადის და ძალაუფლებას არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას გადასცემს - მსგავსი რამ რუსეთში წარმოგიდგენიათ? რა არის განუხორციელებელი რუსული ოცნება?- წერს დანიელ ორეხი და განაგრძობს:

„ნორმალური, დემოკრატიული აჩევნები, რომლის შედეგებს ყველა აღიარებს. ძალაუფლების კანონიერი გადაცემა ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორის ხელში და მმართველი ძალების როტაცია. ჩვენი ხელისუფლების შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა სააკაშვილის მიზეზით იყო გამოწვეული. ყოველივე ეს გავიარეთ ყოფილ საბჭოთა რესპულიკებში ფსონის ერთ ადამიანზე ჩამოსვლით - წერს ორეხი - ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უკრაინაში იანუკოვიჩის სახით რუსეთის კაცი გვყავდა, მაგრამ იანუკოვიჩი პირველ რიგში საკუთარი თავის კაცია. არც მისი უკრაინა გვეგება ფიანდაზად. ასე რომ, ნურც საქართველოსთან მიმართებაში მოვიტყუებთ თავს - ამ ქვეყნის არც ერთი ლიდერი - გინდ ივანიშვილი, გინდ ვინმე სხვა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას არ შეეგუება. ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, საქართველოსთან მეგობრობა წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, კრემლი სააკაშვილის დამარცხებას იზეიმებს, მაგრამ რუსული ძალის გამარჯვებას - ვერა.

სააკაშვილის მმართველობისას ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ. ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ივანიშვილი ძველ წესებს დააბრუნებს. დამოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების მონაცვლეობა ქვეყნის განვითარების ინსტრუმენტია. ასე რომ, ქართველებს ვუსურვებ არჩეული გზით გააგრძელონ წინსვლა. ჩვენ კვლავ ბევრი რამ გვექნება მათგან სასწავლი“.

„საქართველოში არჩევნების შედეგებმა კრემლი აშკარად დააღონა - მიაჩნია „რადიო კომერსანტის“ მიმომხილველ კონსტანტინ ეგერტს - სააკაშვილის რიტორიკამ იმის შესახებ, რომ ივანიშვილის უკან რუსეთია, ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილზე, ალბათ იქონია ზეგავლენა, მაგრამ რუსული საფრთხე მაინც ვერ გახდა საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა. არა იმიტომ, რომ ქართველებს უცებ პუტინისა და რუსეთის მიმართ სიმპათია გაუჩნდათ. რა თქმა უნდა - არა! უბრალოდ, ქართველები არ არიან თანახმა სიმშვიდის, რეფორმებისა და სტაბილურობის საფასური, რუსების მსგავსად, პოლიტიკური პროცესის იმიტაციით გადაიხადონ. მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მისი შედეგის განსაზღვრა სურთ. ქართველები არ არიან დოყლაპიები. მათ ვერც დახვეწილი მანიპულაციებით, ვერც - მოსყიდვით, სასურველ კანდიდატს ვერ შეაპარებ. ქართველობა უკვე ერია და არა მოსახლეობა! დღეს სააკაშვილიცა და ივანიშვილიც ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებზე - ნატოსა და ევროკავშირში შესვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. ორივემ იცის, რომ 4 წლის წინ დაკარგულ ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებენ. (ამ თემაზე საუბრისას ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან: „ამას დრო სჭირდება“, ეს იოლი არ არის“...)

ფაქტია, 2008 წლის ომში, სისხლისა და ადამიანების გაუბედურების ფასად, ქართველებს აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რევანშის ილუზია გაუქრათ. ისინი საკუთარი ცხოვრების მოწყობით დაკავდნენ და აზარტშიც შევიდნენ. ეს ოქტომბრის ისტორიულმა არჩევნებმაც დაადასტურა, რომლის შედეგად, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორია დასრულდა. ახლა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და ეპითეტების გარეშე, უბრალოდ, საქართველოს ისტორია იწყება!

იგივე აზრს გამოთქვამს პუბლიცისტი ლეონიდ რაძიხოვსკი. მისი თქმით, საქართველო -რუსეთის ურთიერთობების აღდგენას გადაულახავ ბარიერს უქმნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უაზრო, უსარგებლო ომები. ეგერტის მსგავსად, ისიც თვლის , რომ საქართველოს 1 ოქტომბრის არჩევნებმა კრემლი დააღონა: „სააკაშვილი ჩვენი ხელისუფლებისთვის მტრის ჩამოყალიბებული ხატი იყო. ხელისუფლების მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებას რუსეთის მართველობა საქართველოსგან შემოგდებულ მორიგ ვერაგობად აღიქვამს, რომელიც მავანთათვის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხრიკებია“.

რაძიხოვსკი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მმართველობის ტიპის მიხედვით, კლასებად ყოფს.

პირველ კლასს ბალტიის ქვეყნებს მიაკუთვნებს, სადაც აშშ-ს, ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, ხელისუფლების ცვლა რეგულარულ საფუძველზე, მშვიდად და წყნარად ხდება.

მეორე კატეგორიაში ხლისუფლებას არჩევნები ცვლის, ოღონდ, განსაკუთრებულ პირობებში - რევოლუციისა და ძალადობის საფრთხის ქვეშ; ასეთებს მიეკუთვნება ყირგიზეთი, უკრაინა, მოლდოვა.

მესამე კლასის ქვეყნებში - ბელორუსიაში და შუა აზიაში, ყირგიზეთის გამოკლებით, ისევე, როგორც რუსეთსა და სომხეთში, მარადიული ხელისუფლებაა.

მეოთხე კლასის ქვეყანაში ძალაუფლების გადაცემა მემკვიდრეობით ხდება. ამის მაგალითია აზერბაიჯანი.

რაძიხოვსკის აზრით, ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველომ მეორედან პირველი კლასის ქვეყნებში გადანაცვლების შანსი მიიღო. „პირველი კლასის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა პატარაა და დასავლეთის გავლენის („ხელმძღვანელობის“ ) ქვეშ იმყოფება“ - წერს პუბლიცისტი.

„სააკაშვილი ოპოზიციაშია. საქართველოსი ისევ გვშურს!“ - წერს დანიილ ალექსანდროვი ავტორიტეტულ ელექტრონული ბიზნეს-გაზეთში Slon.

„საქართველოს მისალოცად აქვს საქმე! - წერს ალექსანდროვი - ხელისუფლების ლეგალური როტაციით, პოსტსაბჭოთა ქვენებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთი თუ დაიტრაბახებდა; უკრაინაში, ხელისუფლების შეცვლა წამსვლელი ელიტისთვის კატასტროფის ტოლფასი გახდა. ყოფილი საბჭოეთის სხვა ქვეყნებს კი მსგავსი არაფერი დასიზმრებიათ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება დემოკრატიული გზით. სააკაშვილმა წლის ფრაზა წარმოთქვა: „ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას ოპოზიციური ძალის სტატუსში განაგრძობს“. სიტყვათშეთანხმება „ქართული ოცნება“ კი სავარაუდოდ, ე.წ. მემი გახდება (მიმეტიკიდან: ინფორმაციის გადაცემის ერთეული; გენის ანალოგი სოციოკულტურულ პროცესებში. ) ასე რომ, ჩვენ, რუსებს, ქართველებისგან ბევრი რამის სწავლა მოგვიწევს. რუსულ ოპოზიციას ივანიშვილის ჭრელი კოალიციის წარმატების გამეორებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია“ - დანანებით აღნიშნავს ალექსანდროვი.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ოპოზიციური პარტია მხოლოდ პროექტი იყო, ამ გაზაფხულზე კი უკვე კოალიცია ჩამოყალიბდა. აგვისტოში, ახალ გაერთიანებას ჯიბის სოციოლოგიური სამსახურების გარდა, ხმების 20%-ზე მეტს არავინ უწინასწარმეტყველებდა. ახლა კი მათ საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი მოიპოვეს.

ახალმა უმრავლესობამ მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, რაც იქ შემავალი წევრებისთვის იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება! სააკაშვილი კი თავისი მტკიცე ეკონომიკური პლატფორმითა და პოლიტიკური იდეოლოგიით უმრავლესობას კრიჭაში ჩაუდგება.

სააკაშვილი ბოლო წლებში მაინცდამაინც კარგი პრეზიდენტი ვერ იყო, მაგრამ დღევანდელმა ვითარებამ შანსი მისცა, გახდეს წარმატებული ოპოზიციონერი.

ნაცმოძრაობა ნამდვილი პარტიაა თავისი ჩამოყალიბებული სტრუქტურით და ჩრდილოვანი მთავრობით. ასე რომ, ივანიშვილსა და მის კოალიციას იოლი ცხოვრება არ ექნებათ. სწორედ ეს არის პოლიტიკური ზრდისა და დაბალანსებული დემოკრატიის აუცილებელი პირობა. ახალი მმართველი პარტია და ჭკვიანი, ანგარიშგასაწევი ოპოზიცია - აი, რა მოხდა 1 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენთვის (რუსებისთვის) ასეთი რამ ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებად“ რჩება“.

სრულიად საპირისპირო - აპოკალიპტური შეფასებები აქვს იულია ლატინინას 2 ოქტომბრის Новая Газета - ს მიმოხილვაში სათაურით „ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც რუსულმა არმიამ ვერ შეძლო“. მისი სტატია სააკაშვილის წინასაარჩევნო რიტორიკას იმეორებს და საქართველოს განვითარების დასასრულს წინასწარმეტყველებს.

გთავაზობთ ლატინინას მიმოხილვის ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს:

„ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა; ამ არჩევანით კი - პუტინის საქმე! - წერს ლატინინა - საქართველომ რუსეთს კვლავ მისცა მაგალითი და ამომწურავად გასცა პასუხი კითხვაზე: რამდენად ეთავსება ღატაკ ქვეყანაში დემოკრატია და საყოველთაო საარჩევნო უფლება ეკონომიკისა და სახელმწიფოს რადიკალურ რეფორმებს?

10 წლის წინ საქართველოში არ იყო შუქი, გაზი, შუქნიშნები; ვერ იპოვიდი ადამიანს, რომელიც არ იყო გაძარცვული; სვანეთში ცხოვრობდა ერთი „მშვენიერი“ ოჯახი, რომელსაც ფული შემოაკლდებოდა თუ არა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს ავტომატის ჯერს ესროდა; საქართველოში იყო უამრავი ძალოვანი უწყება, რომლებიც იტაცებდნენ ადამიანებს, ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით, შს მინისტრი კი კანონიერ ქურდებს აცილებდა აეროპორტში.

დღეს საქართველო ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა; პოლიციის მიმართ ნდობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

მაფიოზური, დაშლილი სახელმწიფოდან, რომელსაც კანონიერი ქურდები და 90-იანი წლების რუსეთში გამდიდრებული მილიარდერები მართავდნენ, საქართველო, ინფრასტრუქტურის გამჭვირვალების თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო გახდა

როგორც ჩანს, ქართველი ამომრჩევლისთვის ეს არაფერს ნიშნავს - მათმა ნახევარმა, ან მეტმა ოპოზიციას მისცა ხმა. ოპოზიციას, რომელიც დაუფარავად წარმოადგენს კანონიერ ქურდებს (რად ღირს გიორგი ხაინდრავას პარიზული შეხვედრა მათთან!) 90-იანი წლების ქართულ-რუსულ მილიარდერებსა და შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკურ ელიტას - ყველა ინფანტილური სახელწოდების პარტიის - „ქართული ოცნების“ გარშემო დაჯგუფდა.

ეს „ოცნებაა“! როგორ არ გესმით?! „ქართული ოცნება“ - იწვე ტახტზე, არაფერი აკეთო, გაჩუქონ სარეცხი მანქანა, უფრო უკეთესია - ბინა, ავტომობილი, თვითმფრინავი...რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოს ყველა ლუმპენის ოცნებაა“.

„ქართული ექსპერიმენტი დასრულდა - მიიჩნევს ლატინინა - ამიერიდან საქართველოს მწირი ბიუჯეტის თანხები სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფთა შენახვას მოხმარდება, გაიზრდება ჩინოვნიკების კლასი და კორუფცია. სააკაშვილი არ ქმნიდა კმაყოფაზე მყოფ კლიენტთა ჯგუფს, რომლებიც ძალადობასა და ტყუილზე წავიდოდნენ და დაამტკიცებდნენ, რომ მათი ბელადი ყველაზე უკეთესია მსოფლიოში. სააკაშვილი კორუფციაში გარეულ ყოფილ თანამებრძოლებს ათავისუფლებდა; ისინი კი ოპოზიციაში გადადიოდნენ და ათას სისულელეს თხზავდნენ.

ფაქტია, რვა წელიწადში გამჭვირვალე სახელმწიფოს კი ააშენებ, მაგრამ ბელადის მოსურნე ბრბოს შერაცხადად ვერ აქცევ. 1 ოქტომბრის არჩევნებში ნების გამოხატვით, ქართველმა ხალხმა ქვეყნის მომავალი გაანადგურა. ასე, რომ საყოველთაო საარჩევნო უფლება და რადიკალური რეფორმები ღატაკ ქვეყანაში ერთმანეთთან შუთავსებელია“ - ასკვნის ლატინინა.