ამჟამად უცხოეთში მყოფი, მედია-კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი გაზეთ “ალიაში“, ლადო ბედუკაძესთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს უცხოეთიდან განცხადებით ეხმიანება, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს საშუალება მომეცა წამეკითხა გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ ლადო ბედუკაძესთან. ბატონი ლადოს ზოგიერთმა მოსაზრებამ, ერთის მხრივ, გამაოცა და ,მეორეს მხრივ, შემაშფოთა. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, კომენტარი გავაკეთო ბედუკაძის განცხადებებზე და ამასთან, მას საჯაროდ მივცე გარკვეული რჩევებიც.
ბედუკაძის ცოლ-შვილი საქართველოდან გაიყვანა “ობიექტივმა“, ბედუკაძისავე თხოვნით. ყველა გამცილებელი, მათ შორის, გელა ნიკოლაიშვილი, ნანა კაკაბაძე, თუ ვინმე სხვა ან “ობიექტივის“ წევრია, ან “ობიექტივში“ მიჰყავს საავტორო გადაცემები. სტამბოლში ბედუკაძის ცოლ-შვილს, უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად თან ახლავს “ობიექტივის“ ორი ჟურნალისტი. ბედუკაძის მეუღლემ და შვილებმა სტამბოლში უნდა მიიღონ ვიზა და შემდეგ ჩაფრინდნენ მასთან ბრიუსელში. მოგესხენებათ, ვიზის მიღება შეუძლებელია ორ, ან სამ დღეში. ამას დამიდასტურებს “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც მივმართე დახმარებისთვის. ვიზის მიღების პროცესში “ობიექტივმა“ ჩართო მისი ყველა მეგობარი და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. ბატონმა ბედუკაძემ მშვენივრად იცის, რომ მისმა ოჯახმა დღეს, დილის 10 საათზე ვიზის მისაღებად სათანადო ინტერვიუს ერთი ეტაპი გაიარა საკონსულოში. ინტერვიუზე მას ახლდნენ “ობიექტივის“ ჟურნალისტები, ბედუკაძისა და მისი მეუღლის მოთხოვნით. აქაც მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ბატონი ლადო ამბობდა,- აღარ მინდა “ობიექტივის“ ჟურნალისტების დახმარება, დაბრუნდნენ თბილისშიო, ხოლო საათის მერე, მისი მეუღლე დაჟინებით ითხოვდა - “ობიექტივის“ ჟურნალისტები წამომყვნენ ინტერვიუზეო.
ამას იმიტომ ვწერ, რომ გასაგები გახდეს, ბატონი ლადო ნერვიულობს, მუდმივ ეჭვებშია და ,ამის გამო, პოზიციას დღეში რამდეჯერმე იცვლის. ამიტომ მე გაოცებული და განცვიფრებული ვარ, როდესაც ბატონი ბედუკაძე აცხადებს, რომ მისი ოჯახი, თურმე, მძევალია და რომ ,თურმე, ვიზის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება. მე მესმის ბედუკაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მესმის, რომ იგი ნერვიულობს და განიცდის ცოლ-შვილის ამბავს (ხან მირეკავს, უკმაყოფილოა და მეჩხუბება. მერე უცბად კვლავ მირეკავს და ბოდიშს მიხდის და სრულ ნდობას და ძმობას მიცხადებს. მერე ისევ მირეკავს და ისევ მეჩხუბება. ზუსტად ანალოგიურად ექცევა გიორგი ფოფხაძეს, თუ სხვებს)... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან ასეთი უსამართლო და სრულიად უსინდისო განცხადებები უნდა გააკეთოს.
ვაცხადებ: “ობიექტივი“ ყველაფერს აკეთებს, რაც მას შეუძლია. თუ ბედუკაძეს, ან ვინმე სხვას, მეტი შესაძლებლობა აქვს, იმოქმედოს. ვიმეორებ: ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბედუკაძის ოჯახმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვიზა და ჩავიდეს ბრიუსელში.
მეორე: ასევე, უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებაა, თითქოს ბედუკაძე ყველამ მიატოვა. თვეების განმავლობაში მას იფარავდა, პატრონობდა და საგულდაგულოდ იცავდა “ობიექტივის“ წევრი მერაბ ბლადაძე. სწორედ ბლადაძის დამსახურებაა, რომ რომ ეს საქმე არ გასკდა, ბედუკაძე ხელისუფლებამ ვერ მოძებნა და ვერ გააქრო. ბლადაძისგან ბედუკაძე “ობიექტივის“ სხვა წევრის სახლში გადავიყვანეთ (მის გვარს და სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, არაა ამისი აუცილებლობა). ბედუკაძე აქაც საგულდაგულოდ იყო დაცული. ბატონი ლადო ახლაც დაცულია და ესეც “ობიექტივის“ დამსახურებაა.
მესამე- არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ - არც ბიძინა ივანიშვილი, არც “ქართული ოცნება“, არც რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა არავითარ კავშირში ამ საქმესთან არ ყოფილა. ლადო ბედუკაძის საქმეში ჩართულია მხოლოდ “ობიექტივი“, მისი წევრები, ან წამყვანები. თუმცა, არავითარ ექსკლუზივზე ჩვენ არ ვიბრძვით. თუ ვინმეს აქტიურობა და ბედუკაძის დახმარება სურს, დაეხმაროს. ისე გეტყვით, რომ აქამდე ( დახმარების წინადადებით) არც ერთი პოლიტიკური პარტიის, ან საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელი არ დამკავშირებია.
და ბოლოს, მეოთხე და ყველაზე მთავარი- ბრიუსელში ცხოვრობს ვინმე ვიქტორ ჭელიძე. ჩემი ინფორმაციით, დაზვერვის ყოფილი ოფიცერი. ბატონმა ჭელიძემ ბედუკაძე სრულიად შემთხვევით გაიცნო მერაბ ბლადაძის სახლში. ამის შემდეგ, როგორც ირკვევა, ჭელიძეს დაუწყია ფარული მუშაობა ბედუკაძესთან. ჯერ მოხდა პირველი საოცრება. ბედუკაძემ, რომელიც თვეების განმავლობაში მერაბ ბლადაძესთან ცხოვრობდა, რატომღაც, მოითხოვა ბლადაძისგან სხვაგან გადაყვანა. ამასთან, გამოთქვამდა ბუნდოვან ეჭვებს. გადავიყვანეთ.
როგორც ირკვევა, სადაც გადავიყვანეთ, ვიქტორ ჭელიძე ბედუკაძეს იქაც არ სტოვებდა და მუდმივ ეჭვებში აგდებდა. როდესაც მე და გიორგი ფოფხაძე მივედით ბედუკაძესთან შესახვედრად, უეცრად იქ დაგვხვდა ვიქტორ ჭელიძე, რომელმაც ღიად მითხრა: ამიერიდან მე უნდა მელაპარაკოთ და არა ბედუკაძეს, მე ვარ ბედუკაძის ნდობით აღჭურვილი პირიო. ამას მე პირდაპირ შანტჟი ვუწოდე. სხვათა შორის, ჩვენი კამათის მოწმეებიც არიან და თუ რომელიმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაადასტუროს ეს ფაქტი. მე წინააღმდეგი არა ვარ.
ჩემი ინფორმაციით, ახლა სწორედ ვიქტორ ჭელიძე არწმუნებს ბედუკაძეს წარმოუდგენელ სისულელეებში... რომ ის ხალხი, ვინც მას იფარავდა, მაგალითად, ბლადაძე, თურმე, ბედუკაძის მტერია... რომ ის ადამიანები, რომლებსაც მისი ცოლ-შვილი ბელგიაში გამოჰყავს, ანუ ჩვენ, თურმე, მის წინააღმდეგ ვმუშაობთ... რომ ის ადამიანები, რომლებმაც ბედუკაძეს ადვოკატი უქირავეს, ანუ ფოფხაძე და ბლადაძე და , საერთოდ, “ობიექტივი“, თურმე, ბედუკაძის დაღუპვას ცდილობენ.
ამასთან, ჭელიძე ბედუკაძეს არწმუნებს, რომ ამ საქმეში რაღაცა მილიონები ტრიალებდა, თუ ტრიალებს. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადება, რომლის მიხედვით ბედუკაძის საქმეში 2 მილიონი ფიგურირებდა. უნდა განვაცხადო - ამ საქმეში არ ფიგურირებდა არც 2 მილიონი, არც 200 000, არც 2000 და არც 2 დოლარი. ეს საქმე გააკეთა “ობიექტივმა“. ბრიუსელში “ობიექტივის“ წევრები ინახავდნენ და დღესაც ინახავენ ბედუკაძეს. მთელი საქართველოს გასაგონად მინდა ვთქვა. მათ შორის, ბრიუსელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბედუკაძის გასაგონად ვაცხადებ: ვიქტორ ჭელიძე ცდილობს ამ საქმეზე ხელი მოითბოს. ფსიქოლოგიული ზეგავლენის ქვეშ ჰყავს ბედუკაძე. მას არწმუნებს სხვადასხვა სიცრუეში და ცდილობს ბედუკაძე ჩაითრიოს გარკვეული ტიპის შანტაჟში.
ამავდროულად, ვიქტორ ჭელიძე ცდილობს, გაიგოს კიდევ რა იცის ბედუკაძემ, კიდევ რისი თქმა შეუძლია მას, რამდენად საშიშია იგი სააკაშვილის ბანდისთვის და მოგვიანებით, შეეცდება ადვოკატთანაც გააფუჭოს საქმე და ის სარჩელი, რომელიც ბელგიის პროკურატურამ მიიღო სააკაშვილის წინააღმდეგ, როგორღაც დააყოვნოს და ჩაშალოს. ვეუბნები ბედუკაძეს -სწორედ “ობიექტივია“ შენი დამცველი. ჩვენ უკვე მივმართეთ შენს ადვოკატს, რათა მან უზრუნველყოს შენთვის ბელგიის ფედერალური პოლიციის დაცვის გამოყოფა. ასევე, ვაცხადებ, რომ მე მივმართავ ბელგიის ფედერალურ პოლიციას, ვიქტორ ჭელიძისა და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით.
ბოლო ათი დღე , ბრიუსელში, ქართული სპეცსამსახურების მხრიდან, მუდმივი თვალთვალისა და წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით.
ერთადერთი, რასაც ვურჩევ ბედუკაძეს- გონება დაძაბოს, ადამიანს ღმერთმა აზროვნების უნარი ტყუილად ხომ არ მისცა? ახლა მაინც გაარჩიე თეთრი და შავი, კარგი და ცუდი, მეგობარი და მტერი.
ირმა ინაშვილი. 2012 წლის 4 ოქტომბერი“.