10 კითხვა, რომელზეც სასურველია, რომ პასუხი პირველივე პაემანზე მიიღოთ

10 კითხვა, რომელზეც სასურველია, რომ პასუხი პირველივე პაემანზე მიიღოთ

მართალია, პირველი შეხვედრისას ადამიანები ერთმანეთის დაფრთხობას ერიდებიან და ზოგადი საუბრებით უფრო შემოიფარგლებიან ხოლმე, თუმცა, თუ ხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც სულ ახლახან გაიცანით, ძალიან მოგწონთ და მასთან სერიოზული ურთიერთობაც სიამოვნებით გექნებოდათ, არსებობს კითხვების ჩამონათვალი, რომლებზე პასუხებიც სასურველია, რომ პირველივე პაემანზე მიიღოთ.

აი, ისინიც:

სად სწავლობ?

არ არის აუცილებელი, რომ თქვენი პარტნიორი სწავლობდეს. მსოფლიოში ხომ უამრავი წარმატებული ადამიანია, რომელსაც კოლეჯში ან უნივერსიტეტში საერთოდ არ უვლია. თუმცა, ამ უწყინარ კითხვაზე პასუხის მოსმენა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან თუ თქვენი დროის უდიდეს ნაწილს სწავლას უთმობთ და თქვენი პარტნიორი მთელი დღე თავისუფალია, გამოდის, რომ მას სულ ლოდინის რეჟიმში მოუწევს ცხოვრება და კითხვებით "მალე მორჩები?", "შენ კიდევ გამოცდისთვის ემზადები?", - აუცილებლად მოგაბეზრებთ თავს.

როგორ პარტნიორს ეძებ?

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ურთიერთობის დასაწყისშივე იცოდეთ, თუ როგორ პარტნიორს ეძებს ბიჭი/გოგო, რომელსაც ხვდებით.

თქვენ თუ სერიოზული ურთიერთობა გსურთ, მას კი თქვენთან რამდენიმედღიანი გართობა უნდა, გამოდის, რომ დროს ტყუილად კარგავთ.

მორწმუნე ხარ?

ის, თუ რისი სწამს ადამიანს ან, საერთოდაც, სწამს თუ არა, დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტზე. შესაბამისად, ეს საკითხი სასურველია ურთიერთობის დასაწყისშივე გაარკვიოთ.

ეწევი?

მართალია, სიგარეტს ბევრი ადამიანი ეწევა, თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის მოსმენით დაახლოებით მაინც მიხვდებით, თუ როგორი ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე.

თუ ორივე მწეველები ხართ, მაშინ ამ მწეველობის საზღვრების დადგენაც საქმეა: ოთახში ეწევა თუ არა? მანქანაში? ხასიათი უფუჭდება თუ არა, როცა სიგარეტი ახლოს არ აქვს? და ასე შემდეგ...

მარტო ცხოვრობ?

მარტო ცხოვრებას მრავალი უპირატესობა ახლავს. პირველ რიგში კი ის, რომ ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს, სავარაუდოდ, დამოუკიდებელია და პრობლემების გადაჭრასაც მიჩვეულია.

თუ თქვენც მარტო ცხოვრობთ, ესე იგი, ურთიერთობის წარმატების შემთხვევაში ასარჩევად გექნებათ საქმე, სად გაატაროთ ხოლმე დრო.

რამდენი ხანია, რაც მარტო ხარ?

ეს კითხვა აუცილებლად უნდა დასვათ, რადგან თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი პარტნიორი ყოფილ შეყვარებულს სულ ახლახან დაშორდა, დიდი შანსია, რომ ახალი ურთიერთობის გასაბმელად ცუდი დრო იყოს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ყველას აქვს უფლება საკუთარ მომავალზე ზუსტად ისეთი წარმოდგენა ჰქონდეს, როგორც მას სურს. თუმცა, თქვენ თუ მშობლიურ ქალაქში დარჩენას, ოცნების სახლის ყიდვასა და დაოჯახებას გეგმავთ, თქვენი პარტნიორი კი დანაზოგს აკეთებს, რომ ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს, ლოგიკურია, რომ თქვენი ურთიერთობა სირთულეებს წააწყდება.

შვილები გყავს?

შვილები ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლიან, მერე კი ეს ცვლილებები სხვა ადამიანებზეც აისახება ხოლმე. სულ ერთია, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ბავშვებთან, ეს მაინც ისეთი ინფორმაციაა, რომელიც პირველივე შეხვედრისას უნდა მიიღოთ.

მუშაობ?

თუ ორი ზრდასრული ადამიანის თანასწორ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს ჰქონდეს მიზნები, ამბიციები და შემოსავალი.

დაქორწინებული ყოფილხარ?

თქვენი პოტენციური პარტნიორის შეხედულება ქორწინებასთან დაკავშირებით შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, თუ რა გამოცდილება ჰქონდა ამ კუთხით წარსულში და რას გეგმავს მომავალში.