„დღეს ჩვენ ვიხდით ომში წაგებულის ხარკს“

„დღეს ჩვენ ვიხდით ომში წაგებულის ხარკს“

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკა დილემის წინაშე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ენგურჰესზე 2019 წლის დასაწყისიდან სარემონტო სამუშაოები იყო დადგეგმილი, დენი აფხაზებს არ მიეწოდებოდათ. ამიტომ ალტერნატივა სჭირდებოდათ. ასეთ ალტერნატივად მათ მოევლინა რუსეთი, რომელმაც აფხაზებს კრასნოდარის ოლქიდან ელექტროენერგიის მიწოდება იმის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზებს აღარ უნდა შეექმნათ დაბრკოლება უძრავი ქონებისა და მიწის შეძენისას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს გარიგება მაშინ არ შედგა.

დღესდღეობით ენგურჰესი თითქმის გაჩერებულია, მაგრამ ქართული მხარე აფხაზებს დენით მაინც უფასოდ ამარაგებს, რაც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ხდება. საქართველოში ბევრს უჩნდება კითხვა, 25 წლის განმავლობაში რატომ უნდა ვაფინანსებდეთ სეპარატისტების გაჩირაღდნებას? რატომ უნდა იყოს ეს ჩვენთვის ეკონომიკური ტვირთი და ჩვენს ბიუჯეტს რატომ უნდა აწვებოდეს ენგურჰესის რეაბილიტაციის ძვირადღირებული ხარჯები? მით უმეტეს, რომ აფხაზეთში მარტო სეპარატისტები არ ცხოვრობენ და იქ რუსული სამხედრო ბაზებიცაა. გამოდის, ჩვენ რუსებსაც ვუჩირაღდნებთ საოკუპაციო ბაზებს. ამას ემატება ისიც, რომ აფხაზეთში დენის უკონტროლო, მფლანგველობითი მოხმარებაა, რაც წელიწადში 90 მილიონი დოლარი ჯდება.

როგორც ცნობილია, ენგურჰესის უფასო დენს აფხაზ მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის არმიის საოკუპაციო ბაზები, ოჩამჩირის სამხედრო პორტი და ბოლო წლებში მომრავლებული კრიპტოვალუტის „მაინინგ ფერმები“ მოიხმარენ.

შეგვეძლო თუ არა ენგურჰესის ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა?!

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში 25 წლის წინანდელ პერიპეტიებს იხსენებს.

„როგორც კი სოხუმი აიღეს რუსებმა, ჩვენ დავსვით საკითხი, გამოგვეყენებინა ისეთი ბერკეტი, როგორიცაა ენგურჰესი. ეს გახლავთ ძირითადი ღირებული კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის წყალიც და კაშხალიც ჩვენს მხარესაა. ჩვენი იდეა იყო, პირდაპირ ახალი წყალგამყოფი გვირაბი გაგვეკეთებინა, ხობის რაიონისკენ ახალი ტურბინები გადმოგვეტანა და ელექტროენერგია მთლიანად გაგვეკონტროლებინა, რითაც აფხაზებზე ზემოქმედების ბერკეტს მოვიპოვებდით. სამწუხაროდ, 25 წლის განმავლობაში გვესმოდა სპეკულაცია ხელისუფლებების მხრიდან, რომ ვითომ აფხაზებისთვის დენის უფასოდ მიწოდება ქვეყნის სამშვიდობო პროცესს ხელს უწყობდა. სინამდვილეში, დღეს ჩვენ ვიხდით ომში წაგებულის ხარკს და ფაქტობრივად ხდება კორუფციული გარიგებები ქართველ, აფხაზ და რუს ენერგეტიკოსებს შორის. აფხაზეთის ელექტროენერგია მთლიანად ამ კორუფციულ გარიგებებშია ჩაფლული“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი გაოცებულია, ჩვენვე რატომ ვაფინანსებთ არა მარტო აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ძალებსაც, ანუ ოკუპანტებს, და აფხაზეთის ელექტროენერგიის ფული რატომ არის შესული ჩვენი მოსახლეობის ტარიფში. მისივე თქმით, ქვითარი რომ მოგვდის, იქ იგულისხმება იმ ელექტროენერგიის დანახარჯიც, რომელსაც საქართველო რუსეთისგან ყიდულობს და აწვდის აფხაზეთს და რუსეთის საოკუპაციო ბაზებს. ეს იმ შემთხვევაში, როცა ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისი არ არის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სინამდვილეში, ასე მარტივად არ არის საქმე, რომ თურმე ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას აფხაზებს ვაძლევთ და ეს ყველაფერი მათ სასარგებლოდაა. უბრალოდ, ჰესი აფხაზეთის მხარესაა, წყალსაცავი კი - ჩვენს მხარეს. ჩვენ შეგვიძლია, წყალი არ მივაწოდოთ და ჩავკეტოთ ეს ჰესი, მაშინ შეიძლება გაჩერდეს ენგურჰესი, მაგრამ ეს არასერიოზული იქნება, რადგან აქ ორმხრივი დამოკიდებულებაა.

„ჩვენ გვაქვს წყალსაცავი, იქ კი არის ჰესი. კი ბატონო, ჩავუკეტოთ აფხაზებს წყალი, გამოვიყვანოთ იქიდან ხალხი, მაგრამ მაშინ დენი აღარც ჩვენ არ გვექნება და არც აფხაზებს. ამიტომ აბსურდულია პოზიცია, თითქოს ჩვენ ოკუპანტებს ვაჩირაღდნებთ. ოკუპანტი მაქსიმუმ 2700 კაცი, ან 3000 კაცი იყოს, ჩვენი მოსახლეობა, გალის მოსახლეობა კი, სულ ცოტა, 45000 კაცია, ამ ხალხს რას ვუშვებით? 3000 ოკუპანტის გამო 45 ათას კაცს, გალელებს შუქი არ მივცეთ? აღარაფერს ვამბობ ჩვენს პოტენციურ მოქალაქეებზე - აფხაზებზე, რომელთაც თუკი შუქს არ მივცემთ, გამოიქცევიან საქართველოში და ბოდიშს მოგვიხდიან? რეალურად, მათ ორი წელი გაუჭირდებათ, მერე კი რუსეთი შეუყვანს შუქს, როგორც ეს რუსეთმა ცხინვალში გააკეთა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.