„მაისი არის ის დრო, როცა უნდა დასრულდეს საკადრო ცვლილებები“

„მაისი არის ის დრო, როცა უნდა დასრულდეს საკადრო ცვლილებები“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მაისის ბოლოს დასრულდება აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტება. ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც მოქმედ მინისტრებს კარისკენ მიუთითებს. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ღარიბაშვილი არის საკამოდ ხისტი პოლიტიკოსი, ამ ფუნქციას ივანიშვილის დავალებით შეასრულებს.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

პარლამენტის შემდეგ დაპირისპირების პროცესები იწყება აღმასრულებელ ხელისუფელებაში. პარლამეტში მმართველმა გუნდმა დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ როგორ დასრულდება დაპირისპირება მთავრობაში?

ვახტანგ ძაბირაძე: ამ პროცესებში ვხედავ ლოგიკურ ჯაჭვს, პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიაში. მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ პარტიაში საქმე არის დასალაგებელი, მაგრამ იქვე იყო ერთი ნაკლი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არანაირი ცვლილებები არ შეიძლებოდა. ნახეთ რა მოხდა, ირაკლი კობახიძე იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, მაშინაც დაპირისპირება იყო ამ უმრავლესობაში და ახლა რომ ვაანალიზებ სიტუაცას, უმრავლესობის ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში.

პირველ ტურში კობახიძეს უმრავლესობის ნაწილმა ფარული ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა არ მიიღო არჩევნებში. ამის შემდეგ გამოვიდა ივანიშვილი, მან მოუწოდა ძველ გვარდიას უმრავლესობის შიგნით და არა უმრავლესობის გარეთ, აქცენტი კეთდებოდა პარტიის შიგნით. ამიტომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურს მობილიზებული შეხვდა.

გამოდის, რომ კობახიძესთან ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა გახდაქართული ოცნებისდაშლის საფუძველი?

– რომც არ ყოფილიყო ჩუმი დაპირისპირება და ბოიკოტის რეჟიმი კობახიძიესთან, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დაშლა გარადუვალი იყო. იმიტომ, რომ 2016 წლის გუნდით „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე ვერ მივიდოდა. ძალიან აშკარა იყო, რომ ეს არ იყო პარტიული და ღირებულებითი გუნდი, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც, ეს იყო სრულიად გაურკვეველი პრინციპით შეკრებილი გუნდი, რომელიც ივანიშვილის რეიტინგით და ფინანსებით მოვიდა პარლამენტში. ამიტომ გარდაუვალი იყო, რომ დაშლის პროცესი დაიწყებოდა როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთავრობაში.

ამ პროცესში უკვე ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა პარტიაში, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა მას გადააბარა ეს უსიამოვნო პროცესები. როგორც არ უნდა იყოს, ძნელია, უსიამოვნოა ადამიანს უთხრა ახლა აღარ მჭირდები და უნდა წახვიდეო. ივანიშვილს არ უნდა ეს თავად გააკეთოს, ამისთვის მოიყვანა კაცი, რომელიც ყველაფერს ამას გააკეთებს. ღარიბაშვილი, რომელიც არის საკმაოდ ხისტი, უცერემონიოდ გაუშვებს ყველას, ვისაც ეტყვის ივანიშვილი.

მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაზეც გავრცელდება ღარიბაშვილის გავლენა?

– ღარიბაშვილი იტყვის სათქმელს, მაგრამ იტყვის, რომ პარტიის თავმჯდომარეს ასე უნდა და დავამთავროთ ეს ლაპარაკი.

არაფორმალურად შეასრულებს ივანიშვილის ფუნქციას?

– რა თქმა უნდა, აბა ღარიბაშვილს არავინ არ დაუჯერებს, პარტიის შიგნითაც კი. ღარიბაშვილს არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. მას დაემორჩილებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ იცის, ის იმეორებს ივანიშვილის ნათქვამს. ეს პროცესი, ანუ ცვლილებები დაიწყება და ლოგიკურად, უნდა მოხდეს ახალი პოლიტიკური ჯგუფის გამოკვეთა პარლამენტში. ამის შემდეგ მეორე ნაბიჯი უკვე არის აღმასრულებელი ხელისუფლების გადახალისება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ახალი გუნდი უნდა მოვიდეს, რომელიც ახალ, შესრულებად პროგრამას წარადგენს. ალბათ, უფრო სოციალური კუთხით იქნება სიხლეები და უფრო მასიური, რაც მთავარია აღსრულებადი. ხელისუფლებამ ერთ წელიწადში რაღაცა შედეგი უნდა დადოს. „ქართული ოცნების“ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი გუნდი უნდა წარსდგეს 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებზე. რაც მთავარია, სათქმელი უნდა ჰქონდეთ, რომ ახალი გუნდი ჩამოყალიბდა, მოხდა გადახალისება და 1 წელიწადში მივაღწიეთ წარმატებას. ამიტომ ახლა უნდა დაგვიჭიროთ მხარი, რომ შემდეგი 4 წელი ვიცხოვროთ კომუნიზმში. დაახლოებით ასეთი იქნება დაპირება. ამ პროცესებს ვაკვირდებით ახლა. პარტიული და პოლიტიკური ლოგიკა ამას მოითხოვს. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს სამთავრობო გუნდი დარჩეს.

უფრო მეტიც, ძალიან გამიკვირდება თუ ბახტაძე დარჩება პრემიერად. არა მგონია ასე მოხდეს. გახარიას წერილის ამბავი სანამ აგორდებოდა, უფრო ნათლად ჩანდა, რომ გიორგი გახარია გადაინაცვლებდა პრემიერის თანამდებობაზე, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებდა შს მინისტრის ადგილს. მაშინ ასე ჩანდა პოლიტიკური პროცესები.

მუქარის წერილმა შეიწირა გახარიას პრემიერობის პერსპექტივა?

– ახლა ცოტა რთულია საუბარი გახარიას პრემიერობაზე, მნიშვნელოვანია, რა დასკვნა ჩამოვა ლონდონიდან. თუ წერილზე აღმოჩნა გახარიას ანაბეჭდები, მაშინ ძალიან გაჭირდება მისი გაპრემიერება. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არა მგონია ბახტაძე დატოვონ პრემიერ–მინისტრად. პროცესი, რომელიც უკვე იწყება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ალბათ, დასრულდება მაისში.

არსებული ინფორმაციით მარტის ბოლოს იწყება საკადრო ცვლილება, და არა მარტო სამთავრობო კაბინეტი იცვლება, იცვლება აფხაზეთის და აჭარის თავმჯდომარეები. ასევე დროებით რჩება თანამდებობაზე წულუკიანი. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც საკადრო ცვლილებები დაიწყება ხელისუფლებაში?

– დიახ, ეს არის პერიოდი როდესაც ცვლილებების ახალი ტალღა იწყება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ კონკრეტულად რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას და რომელი არა, ეს არ ვიცი. გადახალისება რომ მოხდება, ეს ზუსტად ვიცი. პრემიერ–მინისტრზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ბახტაძე არ არის ის ტიპაჟი, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების სახე იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ეს ჩანს. აშკარად ჩანს, რომ ბახტაძე ფორმალურადაც ვერ ასრულებს პრემიერის მოვალეობას, ვერ თამაშობს პრემიერის როლს. ყოველთვის სხვა იყო რეალური პრემიერი, იავნიშვილი არასად არ წასულა, არაოფიციალურად სულ რჩებოდა მთავრობის მეთაურად, მაგრამ ღარიბაშვილიც და კვირიკაშვილიც მეტ–ნაკლები დამაჯერებლობით ასრულებდნენ პრემიერის როლს. ბახტაძე საერთოდ ვერ ასრულებს პრემიერს როლს, საერთოდ ამოვარდნილია, სადღაც სხვაგან არის, როგორც პრემიერი ძალიან არადამაჯერებელია. ამიტომ ვამბობ, რომ ის აუცილებლად შეიცვლება და მე მაისს ვამბობ ბოლო ვადას,

პროცესი მაისის იქით ვეღარ გაგრძელდება. იმიტომ, რომ დრო ისედაც ცოტა აქვს ქართულ ხელისუფლებას. ახალი გუნდი არა მარტო უნდა ჩამოყალიბდეს, არამედ მათ სათქმელიც უნდა ჰქონდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობისთვის, რომ მათ რაღაცა წარმატებას მიაღწეს. ამიტომ, მაისის იქით ვერ წავლენ. მაისი არის ის დრო, როცა უნდა დასრულდეს საკადრო ცვლილებები.

უმრავლესობის ერთერთ სხდომაზე ივანიშვილმა თქვა, რომ საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობაში და, რომ წულუკიანი არ არის შეუცვლელი. აქედან გამომდინარე გაკეთდა განცხადება იუსტიციის მინისტრის შეცვლაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, წულუკიანის განთავისუფლებით უნდა დაწყებულიყი საკადრო ცვლილება ხელისუფლებაში. წულუკიანის განცხადება, რომ მისი მოთხოვნა თუ არ დაკამყოფილდებოდა, წავიდოდა, ეს იყო ერთგვარი შანტაჟი და ამის მიუხედავად ცვლილება გარდაუვალია?

– წულუკიანის ცნობილი განცხადება, რომ თუ ჩემი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, გავდგები გვერდზეო, მე აღვიქვი როგორც წინმსწრები ნაბიჯი, თუ მას მოსთხოვდნენ გადადგომას, ის უბრალოდ იტყოდა, რომ არ დააკმაყოფილეს რასაც ითხოვდა და წავიდა. გარდა ამისა, შესაძლოა, ეს იყო ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა იმისა, რას იტყოდა საბოლოოდ ივანიშვილი და, როგორც ჩანს, ივანიშვილმა თქვა, არ წავიდესო. წულუკიანმა საკმაოდ ჭკვიანური და დიპლომატიური განცხადება გააკეთა. ამ განცხადებით ხელ–ფეხი ჰქონდა გახსნილი.

მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ წულუკიანს იავნიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალა აქვს და ამით აშანტაჟებს, ასეთი რაღაცეების არ მჯერა. იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ რაღაცეებზე არ რეაგირებს. ჩვენთან პოლიტიკოსის იმიჯი ნელ–ნელა ისე ყალიბდება, რომლის დანგრევას წლები სჭირდება, ოღონდ არა ასეთი კომპრომატების საფუძველზე. მარტო სააკაშვილზე იმდენი კომპრომატები იყო, რამდენიც გინდა. იგივე იყო შევარდნაძეზეც. ამიტომ არ მჯერა, რომ ივანიშვილზე იყოს კომპრომატები, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გამანადგურებელი რეაქცია, არ იქნება ასე. ამიტომ ამ შანტაჟის არ მჯერა. არ მგონია ვინმეს ჰქონდეს ისეთი კომპრომატი, რომ ეს გახდეს საზოგადოებრივი მღელვარების საფუძველი. დიდი-დიდი ვიღაცამ ინტერნეტში ატვირთოს ვიდეო, მაგრამ ამასაც ისე მივეჩვიეთ, რომ არ არის საინტერესო. არც ის იკლავს თავს, ვის წინააღმდეგაც ეს ვიდეო ვრცელდება და არც საზოგადოებას აქვს დიდი რეაქცია, ვაიმე ეს რა უქნიაო. ამიტომ არ მჯერა ამ შანტაჟის თეორიის.