სალომე გოგიაშვილმა "ფეისბუქზე" თავისი აქტიურობით ყველა გააოცა. პატიმრების წამების კადრების გავრცელების შემდეგ ტელეწამყვანმა, რომელსაც ხშირად წაუყვანია მმართველი პარტიის მხარდასაჭერი კონცერტები და ბოლო დრომდეც უძღვებოდა, უცენზურო სიტყვებით შეაფასა არსებული მდგომარეობა, შემდეგ კი მისი "ფეისბუქის" გვერდზე "იმედის" შეფის, გიორგი არველაძის უკრაინელი მეუღლის, ალინას მიმართ დაწერილი სტატუსიც გამოქვეყნდა.
საკუთარ პროტესტს "იმედის" ყოფილი სახე აქციებზე ყოველდღიურად სიარულითაც გამოხატავდა. ცნობილია, რომ სალომე გოგიაშვილი, მას შემდეგ, რაც ყოფილმა მეუღლემ უსახლკაროდ დატოვა, ქუჩაში დარჩენას ოჯახის ახლობელმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, თუმცა სალომე ამბობს, რომ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის.
სალომე, შენი პროტესტის მიზეზი ვიცით. ეს იყო ბოლო წვეთი, თუ აქამდეც გაგჩენია პროტესტის გრძნობა?
- აქამდე არასდროს მქონია სურვილი, პოლიტიკაში ღრმად ჩამეხედა. ჩემი პოზიცია იყო ნეიტრალური და ეს სფერო არ მაინტერესებდა. მივიჩნევდი, რომ ჩემი პროფესიონალიზმის ამაღლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პოლიტიკური საკითხების განხილვაში დროის ხარჯვა. თანაც, ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის ისეთი ქაოსი იყო, თუკი რომელიმე მხარეს ენდობოდი, მერე აღმოჩნდებოდა, რომ ის მეორესთან იყო შეკრული და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. მთელი ბავშვობა მახსოვს ომი და მიტინგები. შეიძლება, სულ ამ ვითარებაში ვიყოთ? მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. სამწუხაროდ, დღეს ჟურნალისტიკა არ არის მაღალანაზღაურებადი პროფესია, რითაც შეძლებ თავის რჩენას. არიან ჟურნალისტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ და კეთილი შურით მშურს მათი, თუმცა ისინი თითზე ჩამოსათვლელი არიან. მე არ მქონია ასეთი სამსახური. წლების წინ, როდესაც ჩემი მეუღლე გაიქცა და საოცარ ვალებში ჩამაგდო, ვთხოვე გიგი უგულავას მეუღლეს, ლელა კილაძეს, ჩავერთე კონცერტების სერიაში, რომელიც მაშინ იმართებოდა. ეს იყო ნაციონალების მხარდასაჭერი ტურნე. ლელა მაშინ ძალიან დამეხმარა და ჩამრთო ამ ტურნეში. გარკვეულწილად შევძელი ამ ვალების გასტუმრება, თუმცა არასდროს მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მაშინ ქუჩაში არ დამტოვა. მამა მეგობრობდა მასთან, ისევე, როგორც მთელი "ქართული ხმები". თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერ მხარს, მინდა წყნარად ცხოვრება და ის ადამიანი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს...
შეგიძლია, გვითხრა, რამდენად დაგეხმარა ივანიშვილი?
- ძალიან დამეხმარა, რადგან ყველაფერი ბანკში იყო ჩადებული. ბიძინა გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც გადამარჩინა. ვალები კიდევ მქონდა დარჩენილი, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ფეხი-ფეხზე გადადებული ვერ დავჯდებოდი და თავადაც შემეძლო გამესტუმრებინა დღე და ღამე მუშაობით.
"იმედის" სახე იყავი და ორი გადაცემა მიგყავდა. ეს არ გაძლევდა იმის საშუალებას, რომ ფინანსურად ამოგესუნთქა?
- მაშინ მართლაც ნორმალურად ვიყავი, მაგრამ ეს ნახევარი წელი გაგრძელდა. გარდა ამისა, ვმუშაობდი რადიოში და კლუბში წამყვანად, მიმყავდა ბევრი კონცერტი, არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ სხვა დამკვეთებისაც. გული მწყდება იმაზე, რატომ აიგივებენ სცენაზე დგომას რომელიმე პარტიის მხარდაჭერასთან. წამყვანი ხარ და შენს მოვალეობას ასრულებ. დიდი აგრესია წამოვიდა იმის გამო, რომ ნაციონალების კონცერტებს ვუძღვებოდი, მაგრამ ზუსტად იმავე პერიოდში კახი კალაძის ბავშვის ნათლობაც წავიყვანე, რუსი ბიზნესმენის შვილის ნათლობაც და მას საერთოდ არ ჰქონია თბილისთან შეხება. სამი განსხვავებული ღონისძიება წავიყვანე და ეს ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ რომელიმე მხარეს ვიყავი? ხომ არ დავიწყებ იმის მოყოლას, ამ ანაზღაურებით რას და როგორ ვისტუმრებ? რადგან ვაკეთებ, ე.ი. მჭირდება.
ზოგადად ამბობენ, რომ "იმედზე" წამყვანებად ძირითადად ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები ხვდებიან.
- მე რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ვყოფილიყავი, იმ მიზეზით, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, "იმედიდან" არ გამომიშვებდნენ. ამას პირველად ვამბობ. ვცდილობდი, ამერიდებინა ეს ახალი ამბავი, პირველ რიგში, ივანიშვილების ოჯახისთვის. ეს რომ ხმამაღლა მეთქვა, მგონია, რომ მათ ვალს დავადებდი, სამსახურიდან თქვენ გამო გამომიშვეს-მეთქი. ეს არ მჭირდება და თავს ამიტომაც ვიკავებდი. ამ დუმილით "იმედის" ხელმძღვანელობას არ გავფრთხილებივარ. დღეს სახლში ვარ, მაგრამ მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ღონისძიების წაყვანაზე, რითაც შემიძლია ჩემი მცირე საჭიროებები დავიკმაყოფილო. "იმედში" იმიტომ მიმიღეს, რომ დილის გადაცემის მხიარული წამყვანი სჭირდებოდათ. პირველად რომ წამოვედი "იმედის დილიდან", მაშინ პროდიუსერთან მქონდა პრობლემა. შემდეგ ახალი დილის გადაცემა გააკეთეს და დამირეკეს, ჩავწერეთ "პრომო", მაგრამ ორ დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ წამყვანობიდან მოხსნილი ვიყავი. მოგვიანებით გიორგი არველაძის მეუღლემ მომახსენა, როგორც ივანიშვილთან დაახლოებული პირი, "იმედზე" დაბლოკილი ხარო. ასეა და მე რა ვქნაო. რას ვიზამდი?!.
რაც შეეხება შენს პროტესტს...
- არა მგონია, ნორმალური აზროვნების ადამიანი ამას დადებითად აფასებდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები რომ გამოდიან მწუხარე სახეებით, ეს რა დაგვემართაო, ვერ დავიჯერებ, რომ არ იცოდნენ. პატარა ბავშვი რომ გააჩერო, ის გეტყვის, რა ხდებოდა ციხეში. წამებისა და ცემის გარეშე პატიმარი ციხიდან ვერ გამოდის. ეს ყველამ იცის. აქამდე, თუკი ვიწრო წრეში ვლაპარაკობდით, ამას არავინ იმჩნევდა და იქით "გვაწვებოდნენ", იგონებთო. დღეს, ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ, შემიძლია ღიად გამოვთქვა ჩემი პროტესტი. ამათ საერთოდ არ ვენდობი. უკვე გასულ მასალებზე რომ გეუბნებიან, არა უშავს, მოგვარდებაო, რაღა უნდა ვილაპარაკო? ასეთი რამ ფილმშიც არ მაქვს ნანახი და ამათ რაღა უნდა მოაგვარონ?!.
როდესაც პროტესტი გამოვთქვი და დავგმე ის საქციელი, გიორგი არველაძის "ფეისბუქის" გვერდზე გავაკრიტიკე ადამიანები, რომლებსაც კვლავ მოსწონთ ხელისუფლება. მისმა მეუღლემ საპასუხოდ დამიდო ფოტოკოლაჟი, სადაც მიმყავს ნაციონალების კონცერტები. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, ერთ დღეს გიორგი არველაძე აღმოჩნდეს იმ ბიჭების ადგილას და ალბათ მერე მას აღარ ექნებოდა სურვილი, დაედო წამების კადრები "ფეისბუქზე" და ირონიული კომენტარები გაეკეთებინა. არველაძემ მოგვიწოდა ყველას, გამოგვეთქვა ჩვენ-ჩვენი მოსაზრება, რას ვფიქრობდით იმაზე, რომ კადრებში პატიმრებს სხვადასხვა შლემი ახურავთ და სხვადასხვა ტარი აქვთ გაკეთებული...
მოგვიწოდებდა, ეს განგვეხილა და ამაზე გვეცინა. ალინა არველაძემ კი ზემოხსენებული ფოტოკოლაჟი დამიდო. ვერ ვხვდები, რა არის გასაკრიტიკებელი იმაში, რომ მათი კონცერტები მიმყავდა. არა მგონია, კონცერტის წაყვანით ვინმე ხელისუფლებაში მომყავდეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ხალხი, რომელიც კონცერტს ესწრება და მე მხედავს სცენაზე, ჩემი ხათრით მიდის არჩევნებზე და აძლევს ხმას.
ჩვეულებრივი წამყვანი ვარ. ზოგჯერ არც ვიცი სრულად, რა ხდება. დამკვეთი მეუბნება, რა უნდა გავაკეთო და რა დრო მაქვს ამისთვის. მდაბიო ხალხთან მქონია ურთიერთობა, რომელთაც ჰგონიათ, რომ ჩემი დაშანტაჟება შეიძლება იმით, რაც არასდროს დამიმალავს. მერე ამ ფოტოების დადებას დიდი აგრესია მოჰყვა ჩემ მიმართ. აი, თურმე მე ვინ ვყოფილვარ. პროტესტს გამოვხატავ და ნაციონალების კონცერტები მიმყავს. ის ვერ გათვალეს, რომ ეს კონცერტები მანამდე მიმყავდა, სანამ ეს კადრები გავრცელდებოდა და ახლა უარი ვთქვი. მათგან განსხვავებით, არანაირ კონცერტად და ფულის ფასად არ გავყიდი თუნდაც ჩემი არაახლობლების სიცოცხლეს. აქციაზე იმიტომ ვდგავარ, რომ მართლა მადარდებს იმ ადამიანების ბედი. დღეს მიღირს, სახლში ვიჯდე, ვიდრე ვიღაცას ერთ ადგილას შევეტენო და ამის მერე დამაწინაურონ და ასი ლარით მეტი გადამიხადონ.
შოუბიზნესის წევრებს რომ მოუწოდე, ერთად დავდგეთო, გამოგეხმაურა ვინმე?
- შოუბიზნესში ბევრი ჩემი მეგობარია. იმიტომ არ დავწერე სახელები და გვარები და ერთად მოვუწოდე, რომ არ მინდოდა რომელიმეს გამოყოფა. ვისაც უნდოდა, გამომეხმაურა, ვისაც არა - ეტყობა არ უნდოდათ. მათ თავიანთი აზრი აქვთ. თუკი მიიჩნევენ, რომ სწორია ჩუმად ყოფნა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გამომეხმაურა და ის სიყვარული, რომელიც პრეზიდენტის მიმართ გამოხატეს, მათი პოზიციაა. სულ იმას ვკითხულობდი, როგორ შეიძლებოდა პოლიტიკის გამო ადამიანების დაკარგვა, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. ჩემს მეგობრებს პასუხს აღარ გავცემ. დრო რომ გავა, თავად მიხვდებიან, რატომ დავწერე ასე.
შენი აზრით, შოუბიზნესის წევრების პირველი პირისადმი სიმპათია რას უკავშირდება?
- ბევრისთვის ალბათ შიშს, ბევრს ახლობელი პატიმარი ჰყავს, დღეს რომ ხმა ამოიღოს, შესაძლოა, იმავე მდგომარეობაში ჩააგდონ, რაც ვნახეთ. ზოგისთვის ფინანსური დაინტერესებაა მთავარი, ან პირადი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. არ მინდა მათ მაგივრად ლაპარაკი. მე მეწყინებოდა, ჩემზე რომ ელაპარაკათ, თუმცა იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც სცენაზე დგას, ყველაზე არ ვამბობ, იმიტომ დგას იქ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, დიდი ვალები აქვთ ბანკებში და კონცერტების გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ვინ როგორ ისტუმრებს ამ ვალს და როგორ აგროვებენ კაპიკ-კაპიკ ფულს. თუკი რაიმე კონცერტი კეთდება, ყველაფერი ხელისუფლების ეგიდით კეთდება. თუკი ამაზე უარს იტყვიან, სხვაგან ფიზიკურად ვერ იმღერებენ. ათი ათასში ერთხელ თუ დაგიძახებენ სხვა საღამოზე, სადაც ისეთი ანაზღაურებაა, რომ თავმოყვარე ადამიანი იქ არ წავა. ძნელია, როდესაც უყურებ, დედა, მამა, შვილი შიმშილობს და პოლიტიკური ხედვის გამო კონცერტზე არ გამოდიხარ. ზოგიერთ ადამიანს კი ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მათ აკრიტიკებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, არიან ერთუჯრედიანები, თანამდებობები აქვთ და რასაკვირველია, არიან ამ ხელისუფლების მომხრეები, რადგან რომ არა ეს ხელისუფლება, ისე არავინ იქნებოდნენ ამ ქვეყანაში.
მხარდაჭერას არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებ?
- არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა. უბრალოდ, ვის უნდა მისცე ხმა? შალვა ნათელაშვილს რომ ვუყურებ, ღიმილი მაქვს სახეზე. სხვა ემოცია არ მიჩნდება. ხელისუფლებას აღარ ვენდობი, სამსახურზე უარს ამიტომ ვამბობ. ვის შემოვხაზავ, ეს ჩემი პირადი საქმეა, მაგრამ მხარდაჭერას არავის ვუცხადებ. როგორც ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც სიმპათიას არ იწვევენ, "ქართულ ოცნებაშიც" არიან ასეთივე ადამიანები. ძალიან მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, ვისაც სინდის-ნამუსი შერჩენია, ერთად ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია, რომელიც ხალხს დაეხმარება. ციხეებში არსებულ სიტუაციაზე ცოტა ადრე რომ ამოგვეღო ხმა, აღარ მოხდებოდა ასეთი ფაქტები. მომავალში მინდა, ამას ჩავუდგე სათავეში და მგონია, რომ ამას პოლიტიკური ელფერი არ მიეცემა.
შენი მეუღლე რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?
- ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე შემეხო და მე დავკარგე სამსახური. ოჯახში ყველა გამოთქვამს თავის აზრს. ვახო ჩემზე გაცილებით ჭკვიანია და კარგი რჩევები მომცა. რომ გამეთვალისწინებინა, ლანძღვის ორომტრიალში არ მოვყვებოდი და სხვანაირად დავაფიქსირებდი აზრს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ასე გამომეხატა პროტესტი.