საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ქართველებმა გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ფრედ დაამთავრეს. ქართველების უშუალო კონკურენტმა უკრაინის გუნდმა კი ჩინეთის გუნდთან დიდი ანგარიშით წააგო.
საერთო ჯამური ქულებით ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებმა დაისაკუთრა.
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ქალებმა ინდივიდუალურ დაფებზეც. ოქროს მედალი სალომე მელიამ მოიპოვა სათადარიგო დაფაზე, მეორე და მესამე დაფაზე კი ვერცხლის მედალს დაეპატრონენ მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი.
პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა. მეოთხეზე გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ყველა პარტია შავებით ითამაშა.