„გირჩის“ ინიციატივა არის ამორალური, არაპატრიოტული, მაგრამ სესიაშვილის - ნაჯახური“

„გირჩის“ ინიციატივა არის ამორალური, არაპატრიოტული, მაგრამ სესიაშვილის - ნაჯახური“

უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ – ასეთია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ეს იმ წვევამდელებს შეეხება, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური გადავადებული აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური ძალოვან სტრუქტურაში, ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს, ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

როგორც ირაკლი სესაშვილი აცხადებს, წარმოდგენილი ცვლილება ერთი მხრივ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ამავდროულად მიმართულია სტუდენტების ინტერესების ხელშეწყობისკენ. რაც შეეხება ცვლილებას, რომლითაც უქმდება ნორმა, რომელიც ეხება მღვდელმსახურებს, რომ ისარგებლონ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით, სესიაშვილის განცხადებით, ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად. სესიაშვილი ამბობს, რომ აქვს პასუხისმგებლობა გაწვევის სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და წვევამდელების დეფიციტი არ იყოს.

„ჩემი ინიციატივა იმას შეეხება, რომ გაწვევის სისტემას ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად წვევამდელებს აღარ გავიწვევთ. ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებს მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახური დაცვის პოლიციაში გაირონ და ამით ის ტვირთი მოიხსნან, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან.

რაც შეეხება მღვდელთმსახურებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. „გირჩის“ გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

სესიაშვილი ამბობს, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს.

„ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ინიციატივას, რომლის დახმარებითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.

„ამ ფარატინა ქაღალდით მიდიან წვევამდელები გამწვევ პუნქტში და სამხედრო ვალდებულებას თავს არიდებენ, რაც საერთო ჯამში სერიოზულ პრობლემას უქმნის გაწვევის სისტემას. ჩემი აზრით, კანონის ამ მუხლის გამოყენება არის ერთი მხრივ, არაკეთილსინდისიერი მიდგომა, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის კორუფციის წყარო.

ცნობილია „გირჩთან“ ასოცირებული ერთ–ერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც 20–დან 100 ლარამდე იღებს თანხას იმ ერთ ფარატინა ქაღალდში. საერთო ჯამში, თუ არ ვცდები, 6 ათას 500–მდე წვევამდელმა გამოიყენა ეს ფურცელი. 300 ათას ლარზე მეტიც შეიძლება გამოვიდეს ის თანხა, რაც მათ შეუვიდათ ამ ერთი ფურცლის გამო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილის ინიციატივას აკრიტიკებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და აცხადებს, რომ კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ არა სესიაშვილს, არამედ საპატრიარქოს ეკუთვნის. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ სესიაშვილის კანონპროექტი ვერ გავიდეს.

თუ გავიდა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ კანონპროექტს გააჩერებს. გარდა ამისა, ჯაფარიძე თვლის, რომ ინიციატივა, რომლითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შესაძლოა, არა ყველა რელიგიის, არამედ მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ, დისკრიმინაციულია.

„თუ დაგვჭირდება, გამოვიყენებთ საკონსტიტუციოს, დაგვჭირდება, წავალთ სტრასბურგში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი დისკრიმინაციული კანონმდებლობა ამ ქვეყანაში არ იქნება. ნაცვლად იმისა, რომ აუქმებდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ეს არის გასაკეთებელი სინამდვილეში, ხელისუფლება ცდილობს, ისედაც გამწარებულ რეალობაში ახალგაზრდებს კიდევ უფრო გაუმწაროს ცხოვრება. შანსი არაა, არ გამოუვათ. ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით ახალგაზრდა ოჯახი დანგრევას, ცხოვრების განადგურებას, კარიერის განადგურებას, სამსახურის დაკარგვას. პირველ რიგში, თავისუფლების ფასი დავანახეთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცხადია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება გააკეთოს ის, რასაც მას კანონი არ უკრძალავს და ადამიანებსაც აქვთ უფლება გაწევრიანდნენ ნიბისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაში, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში წვევამდელები „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციაში წევრიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო გაწვევას. ამის მიუხედავად კანონპროექთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს, ზურაბ აგლაძეს, რომლის აზრით სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის სრულიად დისკრიმინაციული.

„ასეთი სახით ამ კანონის მიღება, ვფიქრობ, არ შეიძლება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახური, ალბათ, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ამ ადამიანებს მოუნდეთ თავისი სამშობლოს დაცვა. უნდა ამაღლდეს პატრიოტული სულისკვეთება ქვეყანაში.

ადამიანებს არ უნდათ შეიარაღებულ ძალებში წასვლა. შეიარაღებულ ძალებში უნდა ავამაღლოთ ხარისხი მომსახურეობის, მათი წვრთნა, სოციალურ–ეკონომიკური პირობები, აქედან გამომდინარე უფრო მეტად მივიზიდავთ ამ ადამიანებს, ვიდრე იმით, რომ აკრძალვები დავაწესოთ. ასეთი აკრძალვების შემთხვევაში ყოველთვის მოიძებნება რაღაცა ხვრელი, რითიც ადამიანები შეძლებენ თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ასეთი კანონები ვერ იქნება შედეგის მომტანი და ამაზე მწვავე რეაგირება ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ასეთი აკრძალვებით ვერაფერს მივაღწევთ. შეიარაღებულ ძალებში რომ წავიდეს ადამიანი და რაღაცის დაცვა მოუნდეს, მას უნდა უნდოდეს ამის კეთება. მაგალითად, ძალით წავიყვანეთ ადამიანი, ვითომ რაღაცა ისწავლა, მაგრამ რომ დაიწყოს სამხედრო მოქმედება, რა გგონიათ, ადამიანს, რომელსაც არ უნდა ქვეყნის დაცვა და არ აქვს ამის მოტივი, რამეს გააკეთებს? - არა, პირიქით, უფრო პრობლემური იქნება. ამიტომ, ასეთი კატეგორიის ადამიანებზე რომ არ დავხარჯოთ ფული, ვისაც სამშობლოს დაცვა არ უნდა, მოდით, ეს ფული დავხარჯოთ იმ ადამიანებზე, ვისაც უნდა სამშობლოს დაცვა, მათ შევუქმნათ კარგი პირობები და მათ გადავუხადოთ ხელფასი“, – ამბობს ზურაბ აგლაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სისტემა რომელიც ახლა მოქმედებს, არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოს შემთხვევაში არსებობს. მაისაიას განცხადებით, რადგან არსებობს სავალდებული სამხედრო გაწვევის სისტემა, თავისთავად უნდა მოხდეს მისი ჩარჩოში ჩასმა.

„მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, კანონი კი არის დაწერილი, მაგრამ ის, რომ არამართლმადიდებელი მრევლი გაიწვევა, ხოლო მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლი არ გაიწვევა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ამაზე, ალბათ, იქნება მწვავე შეფასება დასავლეთის მხრიდან. ბუნებრივია, რომ ეს მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.

ის, რომ „გირჩის“ ინიციატივა არის ამორალური, არაპატრიოტული და არღვევს საქართველოს თავდაცვითუნარიანობის საკითხს, ეს გასაგებია, მაგრამ სესიაშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ნაჯახურად არის გაკეთებული. აქ დარღვევულია თეოლოგიური საკითხები, ევროკავშირის ასოცირების წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში.

თუ წერ, რომ მარტო მართლმადიდებლებს გაანთავისუფლებ და სხვას არა, მაშინ სერიოზული არგუმენტები უნდა წარმოადგინო. რა დააშავეს სხვა რელიგიის მიმდევრებმა? შემოდის საბჭოთა დედოვშინის ელემენტები, ეს რეალურად არის საფრთხე ნატოში ჩვენი გაწევრიანების, რაც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ძირფესვიანად ანგრევს“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

 

tngh "გირჩის" ყველა ინიციატივა ანტი სახელმწიფეობრივია. ნორმალურ ქვეყანაში ეს პარტია-მოძრაობა აკრძალული იქნებოდა...
5 წლის უკან
სოციალისტი მხოლოდ ამორალური კი არა, უფრო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა! სამშობლოს ღალატია!
5 წლის უკან