„რა გამოდის? - დედა ეუბნება შვილს: მამაშენი თაღლითია, მამა ეუბნება - დედაშენის შთამომავლობა საეჭვოა“

„რა გამოდის? - დედა ეუბნება შვილს: მამაშენი თაღლითია, მამა ეუბნება - დედაშენის შთამომავლობა საეჭვოა“

ვინ შეიძლება იწოდებოდეს ბაგრატიონთა სახლის უფროსად და ვინ არის ნამდვილი ბაგრატიონი? ამ საკითხმა არა მარტო ქართველ ხალხს გაუჩინა კითხვები, არამედ მოსვენება დაუკარგა ბაგრატიონებსაც. ისტორიკოსთა ნაწილი ნამდვილ ბაგრატიონებად იმერელ ბაგრატიონებს მოიაზრებს, მაგრამ, რადგან პატრიარქის ძალისხმევით ბაგრატიონ-გრუზინსკები ბაგრატიონ-მუხრანელებს დაუნათესავდნენ, წინა პლანზე სწორედ ამ ისტორიულმა ქორწინებამ წამოიწია. დღეს მამა-შვილი ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონს სამეფო ორდენით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი, სინამდვილეში, გვარად სიხარულიძეა და არა ბაგრატიონი, რაც თურმე საპატრიარქოს მიერ ჩატარებულმა დნმ-ანალიზმაც დაადასტურა. თავის მხრივ, საპატრიარქო დნმ-ის ჩატარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს, ეთნოგენეტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე კი აცხადებს, რომ მათ საქართველოს 1200 გვარი შეისწავლეს და ნუგზარ ბაგრატიონს აქვს უძველესი ქართული გენი.

რას ნიშნავს ბაგრატიონთა თამაშები და ვინ დარჩება ამ პროცესით მოგებული? ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

ბაგრატიონები სამეფო სახლის წინამძღოლობაში ეცილებიან ერთმანეთს. ვის შეუძლია სამეფო სახლის სახელით ლაპარაკი-ბაგრატიონთა ძირითად შტოს, თუ გვერდითა შტოს?!

- თავის დროზე ჩვენმა დიდმა მამულიშვილებმა ბევრი შრომა გასწიეს მონარქიის იდეის აქტუალიზაციისთვის. ბოლო პერიოდში საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით, მისმა უწმინდესობამ დასვა საკითხი, ვიფიქროთ ამ თემაზე, შევისწავლოთ და ჩამოვყალიბდეთ, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მონარქია; 21-ე საუკუნეში როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ უნდა აღვადგინოთ კავშირი ჩვენს ტრადიციულ ცხოვრების წესთან, რა ფუნქციის მქონე უნდა იყოს მონარქი, როგორი ინსტიტუციური ძვრებია საჭირო ამისთვის, როგორი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება მონარქიის პირობებში. მრავალმა სადისკუსიო თემამ წამოიწია და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხებზე გვემსჯელა, ცალკეულმა ჯგუფებმა ეს ყველაფერი გაამარტივეს და გადაიტანეს კონკრეტული პიროვნების, კონკრეტული მონარქის კონტექსტში. მათ პირადი ინტერესები წამოსწიეს წინა პლანზე. ჩვენ გვახსოვს მერაბ კოსტავას ცნობილი ფრაზა, რომ „ეროვნული მოძრაობა უნდა გიყვარდეს და არა- საკუთარი თავი ამ მოძრაობაშიო“, ზუსტად ასევეა ბაგრატიონების შემთხვევაშიც, ჯერ ჩვენ მონარქია უნდა შეგვეყვარებინა ხალხისთვის, მონარქიის აუცილებლობა და სასურველობა უნდა დაგვემტკიცებინა საზოგადოებისთვის და მერე უნდა ეპოვათ ამ ადამიანებს საკუთარი ადგილი ამ სისტემაში. თუმცა, როგორც ყველა კარგ იდეას, მისი უწმინდესობის მხრიდან წამოწყებულ ყველა კარგ საქმეს ისეთი ადამიანები ჩაებღაუჭნენ, რომლებმაც ეს იდეა საეჭვო და საკამათო გახადეს. უკვე მარაზმამდე დავიდნენ.

როგორც ჩანს, თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომბაგრატიონთა თამაშებიარის დარტყმა პატრიარქის ამ კეთილშობილური იდეის მიმართ, რომელიც ელოდა ჩვილის დაბადებას, რათა იგი ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით, სამეფო ტრადიციით უფლისწულად აღეზარდათ.

- უპირველეს ყოვლისა, ეს არის დარტყმა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის დარტყმა 21-ე საუკუნეზე, როდესაც გლობალიზაციის პირობებში უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს ისტორიულ ფესვებთან დაბრუნება, როდესაც ის ერები და ხალხები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც მოძებნიან მართვის მოდელებს. 21-ე საუკუნე ხომ ინტელექტის საუკუნეა, ეს ხომ მართვის მოდელების ჭიდილის საუკუნეა. ჯერ კიდევ ჩერჩილი აღნიშნავდა, მე-20 საუკუნის ბოლოს ინტელექტუალური იმპერიები იარსებებს და არა- ტერიტორიული იმპერიებიო. ახლა სწორედ იმ ფასეულობებზეა დარტყმა, რომელთა დამცველიც საქართველოს ეკლესია და მისი უმწმინდესობაა. შესაბამისად, ებრძვიან რა ქართულ სახელმწიფო აზრს, ავტომატურად ეს არის დარტყმა მისი უწმინდესობის წინააღმდეგ. აბსურდამდე დავიდა საქმე, როდესაც ცოლი ქმარს უჩივის თაღლითობისთვის, ხოლო ქმარი ცოლს უჩივის იმაში, რომ ის არ არის ბაგრატიონების გვარის წარმომადგენელი. როგორ უნდა გაამართლოს ცოლმაც და ქმარმაც თავიანთი ქმედება, რომ ისინი ამით ზრუნავენ საკუთარ შვილზე? ამით ხომ დედა ეუბნება შვილს, რომ მამაშენი თაღლითია, ხოლო მამა ეუბნება შვილს, რომ დედაშენის შთამომავლობა საეჭვოაო. მათ გარშემო მყოფმა ადამიანებმა კი საჯილდაო ქვად გადააქციეს ეს უდიდესი იდეა. მოგეხსენებათ, ახლა ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასი წლისთავი შესრულდა და აქ საინტერესოა ერთი ფაქტი. კერძოდ, ისეთმა დიდმა ქართველმა პატრიოტმა, მოაზროვნემ, როგორიც გახლდათ შალვა ამირეჯიბი, მისთვის ნანინანატრ დამოუკიდებლობის აქტსაც არ მოაწერა ხელი იმის გამო, რომ მონარქიის მომხრე იყო და მას სურდა, ეს იდეა დარჩენილიყო საქართველოში. მას სურდა, მონარქისტული იდეა საქართველოში განვითარებულიყო. ასეთი ადამიანები გვყავდა, დღეს კი ამ იდეას საკუთარი ხელით ეს ადამიანები ანგრევენ და ეს სამწუხაროა. თანაც, ეს არ არის მათი გადასაწყვეტი, ეს არ არის კონკრეტული პიროვნებების გადასაწყვეტი. რომელიმე ბაგრატიონისგან მონარქიის აღდგენის საკითხი ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს და სრულებით არ არის აუცილებელი, რომ მანამდე არსებობდეს სამეფო სახლი. ეს ტაკიმასხარობაა.

მე არ ვიცი როგორ მოხდა, ღვთის ნებით, თუ განგებულებით, რომ ამ ადამიანების ჯვრისწერაში მისი უწმინდესობა არ მონაწილეობდა. იმ პერიოდში პატრიარქს საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ ეს შემთხვევითი იყო. ესეც მიუთითებდა და ყველა მიხვდა შემდგომში, რომ კეთილშობილური იდეის ქვეშ კონკრეტულ პიროვნებებს თავიანთი კონკრეტული ინტერესები ამოძრავებდათ.

თუმცა ანა და დავით ბაგრატიონებს პატრიარქმა შვილი მოუნათლა.

- ბავშვს როგორ არ მონათლავდა? ჩვენ ყველა ბაგრატიონს ვეფერებით. ეს ხომ ქართული ათასწლოვანი სახელმწიფოს პატივისცემის გამოხატულებაა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბევრ ბაგრატიონს დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის არ დაუხარჯავს ოფლი, თუმცა ბევრი ღირსეული ბაგრატიონია საქართველოში და საქართველოს გარეთაც. ამიტომ არ უნდა ვისაუბროთ ბაგრატიონების ან მონარქისტული იდეის დისკრედიტაციაზე, უბრალოდ, კონკეტულმა ადამიანებმა თავიანთი რეალური სახე აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს ქართველ ერს, რომ ისინი არ არიან ხალხის ყურადღების ღირსნი, მათ საკუთარი თავი მოიჭრეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ წრეებში მონარქიის იდეის დისკრედიტაცია ამით მაინც მოხდა, მაგრამ საზოგადოება მალე გაიგებს, რომ მონარქიის იდეა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე კონკრეტული პიროვნებების ინტერესები.

ხალხში ნიჰილისტური განწყობა იმიტომაც ხომ არ გაჩნდა, რომ, თუკი ნამდვილი ბაგრატიონები არ გვყავს, თუკი მათ დნმ-ის ანალიზი უნდა ჩავუტაროთ, მაშინ რა ფასი აქვს ასეთი მონარქიის აღდგენას? იქნებ, მართალია მოარული ხმები, რომ დნმ-ის პასუხების შესახებ იცოდა საპატრიარქომ და ამიტომაც არ ესწრებოდა ჯვრისწერას პატრიარქი, რომელიც თვითონვე იყო მათი დაქორწინების მომხრე?

- ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა მის უწმინდესობას ეს ინფორმაცია, მაგრამ აქ მთავარია, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული სასულიერო პირის უღირსი ქცევა, საბოლოო ჯამში, უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს ეკლესიის ნდობისა და პატივისცემის ხარისხზე, ასევე, ერთი-ორი ბაგრატიონის უღირსი საქციელი გარკვეული პერიოდის შემდეგ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მონარქისტული იდეისადმი დამოკიდებულებაზე. ყველა გვარს ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ღირსეულად ვერ იქცევიან, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ბევრი ღირსეული ბაგრატიონია ქვეყანაში. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთები არ იყვნენ და, როცა დადგება მომენტი, რომ ქართველი ხალხი დაფიქრდება, მონარქია აღდგეს ქვეყანაში, უფალი სწორედ მაშინ გამოაჩენს ამ ადამიანების სიდიადეს.

ფიქრობთ, ისეთი დრო დადგება, როცა ხალხი მონარქიის აღდგენას მოისურვებს?

- რა თქმა უნდა, ასეთი დრო დადგება, უბრალოდ, მანამდე საჭიროა, მონარქისტულ იდეაზე ვისაუბროთ, რათა ამ იდეამ გაიმარჯვოს და საზოგადოებას გავაგებინოთ, რა პერსპექტივა აქვს ამ იდეას საქართველოში, რატომ იქნება მონარქია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი. მანამდე კანდიდატებზე საუბარი და ვნებათაღელვა ამ იდეის დისკრედიტაციას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ბაგრატოვანთა ზოგიერთი წარმომადგენელი ამ საქმეში ნებაყოფლობით გაება.

ბაგრატიონთა გვარს ასეთ გაუგებრობებში ყოფნა დაებედა. მაგალითად, ჩვენი სამხრეთელი მეზობლებიც იჩემებენ ბაგრატიონებთან კავშირს, დღესაც არიან .. ცრუ ბაგრატიონები. ასეთივეა რომანოვთა ბედიც, რადგან ბევრი ადამიანი თავს რომანოვების შთამომავლად წარმოაჩნდა. ალბათ, ეს ნებისმიერი ქვეყნის სამეფო ოჯახისთვის თანმდევი მოვლენაა.

- ეს ადამიანური ტრაგედიებია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წმინდანი ჰყავთ ბაგრატიონებს, ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როდესაც ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელმა შვილმა მამა მოკლა, ძმა მოკლა. ერთ-ერთ მათგანს ავგიორგიც ერქვა. ასე რომ, ყველა ბაგრატიონისგან მაღალ ზნეობასა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას ნუ მოვითხოვთ.

თუკი ეს ბაგრატიონები არ გაამართლებენ, გამოჩნდებიან სხვა ბაგრატიონები?

- რა თქმა უნდა. თავის დროზე ჩვენ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია და ჩვენი პარტია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც ეს თემა სადისკუსიო გახადა. 90-იანი წლების დასაწყისში აქტიურად ვიყავით ამ პროცესებში ჩართული, გვქონდა ურთიერთობა ესპანელ ბაგრატიონებთან, ასევე, საქართველოში მცხოვრებ ბაგრატიონებთან და ყველა მათგანს ვაგებინებდით, რომ, მოდით, ჯერ ჩვენ ვილაპარაკოთ თავად მონარქიულ იდეაზე, პრინციპებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ პერსონალიებზე. პერსონალიებით ამ საკითხის დაწყება დაღუპავს და შეურაცხყოფს ამ იდეას. სამწუხაროდ, ჩვენი ხმა არ გაიგონეს და პერსონალიებზე გადაიტანეს აქცენტი. ამიტომ, რაც მოხდა, ესეც კარგია, ახლა უნდა დავბრუნდეთ ფესვებთან, დავუჯეროთ მის უწმინდესობას და დავიწყოთ საუბარი მონარქიაზე.

ესპანელი ბაგრატიონები ახსენეთ, ისტორიული ქარტეხილების გამო საქართველოდან საუკუნეობრივი დაცილება ხომ არ გაართულებს სიტუაციას? სამეფო სტატუსით საქართველოში მათი დაბრუნება დაგვიანებული ხომ არ არის?

- ჩამოვიდეს ეს ხალხი, იცხოვროს საქართველოში, დაგვიანებული არაფერია, ყოველივე უფლის ნებაა, გაიზარდონ ქართულ გარემოში, დაუბრუნდნენ ფესვებს, თუ თვითონ არა, მათი შვილები იქნებიან წარმატებულები. ჩვენი თაობა თუ არა, მომავალი თაობა მაინც განახორციელებს ამ იდეას, ზედმეტი აქტიურობა და სულსწრაფობა არ არის საჭირო.

ესპანელი ბაგრატიონებიც მუხრან-ბაგრატიონების შტოს წარმოადგენენ.

- დიახ, ასეა. როდესაც ჩვენ შევისწავლით კანდიდატებს, მათ შვილებს, სრულებით არ არის აუცილებელი, ჩვენი თაობის დროს აღდგეს მონარქია საქართველოში. იქნებ, ჩვენი შვილების დროს უფრო უკეთესი იყოს. საბჭოთა გარემოში დაბადებულ ადამიანებს რამდენად შეეძლებათ მონარქიის არსი გააცნობიერონ?! როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით, უფალი გამოაჩენს იმ პიროვნებას, რომელზედაც ქართველი ერი შეთანხმდება. ესპანეთშიც იგივე ხდებოდა, გავიხსენოთ ბურბონები, იქაც რამდენიმე კანდიდატი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცოტა ნაკლებად იყო წყვეტა და პირდაპირი მემკვიდრეც არსებობდა მეფისა, მაინც განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი. ისეთ დონეზე მივიდნენ ესპანეთში, რომ მამა კი არა, შვილი აკურთხეს პრინცად და მერე მეფედ, რადგან ხუან კარლოსში ის მონაცემები დაინახეს, რომელიც ესპანეთს სჭირდებოდა. ამან კრიტიკულ სიტუაციაში გაამართლა, ხუან კარლოსმა თავისი პოზიციით ესპანეთის ერთიანობა შეინარჩუნა და უზრუნველყო. ამიტომ საქართველოში რატომ ეჩქარებათ? ე.ი. მათ მონარქია და შვილების მომავალი კი არ ადარდებთ, არამედ თვითონ უნდათ ეს მონარქია საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუკი ასეთები იყვნენ, თავის დროზე ებრძოლათ მონარქიისთვის. ახლა, როდესაც სხვისი ბრძოლის შედეგად თავისუფლებას მიაღწიეს, პერსონალური საკითხები წამოსწიეს წინა პლანზე. პერსონალიებზე საუბარი კიდევ უფრო გადადებს მონარქიის გამარჯვების იდეას და კიდევ უფრო შეაძულებს ხალხს მონარქიას.

კ ო მ ბ ლ ე აი ეს იყო მთელი ჩვენი ისტორია, თავიდან ბოლომდე. ამათ ჭუჭულიკაშვილი დედებს რომ ვთხარე!
5 წლის უკან