"მე წავედი აქციაზე", - წერდა 19 სექტემბერს მსახიობი ნატო მურვანიძე სოციალურ ქსელში. საქართველოში არსებული უსამართლობისადმი უკმაყოფილების გამოხატვას არასდროს ერიდებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაუმძაფრდა დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. გთავაზობთ ამონარიდებს ნატა მურვანიძის წერილებიდან:
"რახან მთავრობაა, მუხლებზე უნდა ეგდო?"
"ერთი ამბავი მოვისმინე: 2008 წელს ერთი "პოლიტიკოსი ძალიან პოპულარული იყო საზოგადოებაში და ალბათ ამიტომაც, პატიმრის დედამ სთხოვა, - შენ ციხეში შეღწევა შეგიძლია და იქნებ გამიგო, ჩემს შვილს რას ასმევენ, ან რა დღეშია. წერილებს კი მწერს, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, წერილების შინაარსის მიხედვით კი სულ სხვა კაცი გახდა და ხომ არაფერი უჭირსო. ცხადია, ეს პოლიტიკოსი შევიდა ციხეში და პატიმარი მოიკითხა - 2 წლის გარდაცვლილი ყოფილა, დედას კი რატომღაც უმალავდნენ (ალბათ წამებისას შემოაკვდათ და ამ ამბის გახმაურება არ უნდოდათ!). ციხის უფროსი პატიმრის ბოლო, გაუგზავნელი წერილის ხელნაწერის მიხედვით დედამისს მოკლე წერილებს უგზავნიდა, რომ ხმაური არ ამტყდარიყო. მერე რა მოხდა არ ვიცი, რადგან მაშინ ის პოლიტიკოსი გიჟივით იყო, არ იცოდა, რა ეთქვა პატიმრის დედისთვის...
ადრე, როდესაც პროტესტს გამოვთქვამდი ამა თუ იმ ფაქტზე, ჩემი მიშისტი "მეგობრები" მარცხვენდნენ, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მთავრობააო." რახან მთავრობაა, მუხლებზე უნდა ეგდო? "მსახიობი პოლიტიკაში რატომ ერევიო?! მე ჯერ ადამიანი ვარ, მოქალაქე და რაც იწვევს ჩემს პროტესტს, ვალდებული ვარ, დავაფიქსირო. ახლა რომ ვწერ, ასეთი გამწარებული კომენტარები არასოდეს მიწერია "ფეისბუკზე" და აღარ მტუქსავენ. ეტყობა, ოიდიპოსივით თვალების დათხრის მერე აეხილათ თვალი...
"ახლა ტყავის გადასარჩენად ხელი უნდა გამოიღონ კოპშეკრულებმა"
ხომ გახსოვთ, ორი წლის წინ ინტერნეტით გავრცელდა თბილისის მეტროში გადაღებული ამაზრზენი კადრები - მოწყალების სათხოვნელად ვაგონში მყოფ ინვალიდს კუთხეში მიიმწყვდევენ პოლიციელები და წიხლებს ურტყამენ. ეს ის პერიოდია, როდესაც რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და სხვა მრავალის, ჩვენ რომ არ ვიცით, მკვლელი პოლიციის თანამშრომლები არ დასაჯეს, როდესაც პრეზიდენტმა პოლიციელის შეწინააღმდეგებისთვის "ლიკვიდაციის" ბრძანება გასცა, როდესაც ასეთი არაკაცების სათარეშოდ ააწყვეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაძირალა არ არის, მაგრამ ნდობის ფაქტორს რა ვუყოთ? საოცრებაა, მაგრამ ეს ვიდეო პირველად რომ დავდე "ფეისბუკში", ასეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. დღეს ელვის სისწრაფით გავრცელდა. ალბათ მაშინ რომ სათანადო რეაქცია გვქონოდა ყველანაირ უსამართლობაზე, ციხის კადრები არ იარსებებდა. თუმცა, რამდენიც უნდა გვეყვირა, შედეგს მაინც ვერ ვაღწევდით, პირიქით, ჯინაზე უფრო მეტად გვიჭერდნენ ხელს. ერთხელ მახსოვს, ნინო ჟვანიას კრიტიკულ გამოსვლას ასე უპასუხეს: - ჭირისუფალი რასაც ამბობს, სერიოზულად არ უნდა მიიღოო. ალბათ ცოტას ახსოვს ეს, რადგან ვარდების სურნელით იყვნენ გაბრუებულნი... მახსოვს, ერთმა ჩემმა მეგობარმა ამ ვიდეოზე მიმიწერა, - შენი მოსაწონი ქვეყანა ვერ აშენდებაო. ეს უნდა მომწონდეს თურმე! ააშენეს კიდეც თავისი მოსაწონი ქვეყანა...