2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა არჩევამდე 21 დღით ადრე ტელეკომპანია Al Jazeera-მ, რომელსაც ყატარის ამირა ჰამად ბინ ჰალი ალ-ტანი ფლობს, ფიფა-სთან 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტელეკონტრაქტი გააფორმა. წერს The Sunday Times.
ბრიტანულმა გამოცემამ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.
The Sunday Times-მა გამოაქვეყნა სქრინშოთი - კერძოდ, კონტრაქტის სამი საკვანძო პუნქტი, რომლებსაც ხელს Al Jazeera-ს გენერალური მენეჯერი ნასერ ალ-ჰელაიფი (პსჟ-ს მოქმედი პრეზიდენტი და უეფა-ს აღმასკომის წევრი), არხის მარკეტინგის განყოფილების დირექტორი, ფიფა-ს იმდროინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და გენერალური მდივანი ჟერომ ვალკი აწერენ.
როგორც სქრინშოთებიდან ირკვევა, Al Jazeera-მ 2015-2022 წლებში ფიფა-ს ეგიდით გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება 300 მილიონ დოლარად შეიძინა. საუბარია შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ტერიტორიებზე. კონტრაქტის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებულია 100 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსი, თუ ფიფა 2022 წლის ჩემპიონატს ყატარს გადასცემს.
კონტრაქტი 11 ნოემბერს გაფორმდა, 2018 და 2020 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები კი 2 დეკემბერს აირჩიეს.
ფიფა-ში The Sunday Times-ის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.