საფლავიდან წამომდგარი ვამპირები არავის უნახავს; სამაგიეროდ, ყოველდღიური ცხოვრება სოციალური ვამპირიზმის რეჟიმშია მოქცეული. ექსპერტთა განმარტებით, სოციალური ვამპირიზმი არის „ხალხის უსასტიკესი ექსპლოატაცია, ანუ „მოსახლეობის პარაზიტული ფენების მიერ მისგან სასიცოცხლო ენერგიის“ გამოწოვა“.
სოციალური ვამპირიზმით გულგახეთქილი ხალხი საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გარბის. გაეროსთან არსებულ მიგრაციის შემსწავლელ დეპარტამენტის მონაცემთა თანახმად, ლეგალურად გადახვეწილთა რიცხვი 2010 წლისათვის 1 მლნ 60 ათასს გაუტოლდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან 2010 წლისათვის პოლიტიკური თავშესაფარი 87 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან 44 ათასმა – „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მოსახლეობის სულ ცოტა 25%–მა ვამპირებისთვის „ყელის მიშვერას“ გაქცევა არჩია.
დამაფიქრებელი დეტალი: 2003 წელს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ოდენობა იყო 236 მლნ დოლარი. 2011– ში კი – მილიარდ 200 მილიონი. სწორედ ამ ფულით იხდის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაბერილ გადასახადებს და ჯარიმებს. „კანიბალ–ნაციონალები“ ნებისმიერი მანძილიდან ახერხებენ „სისხლის გამოწოვას“.
ყველა დროის გმირი: სოციოპათი
კარგად მახსოვს საყოველთაო აღტყინება ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დროს. „ ქვეყნის გადასარჩენად მოტივირებული“ ახალგაზრდა ლიდერები პარლამენტში ლამის ტახტრევანით შეაბრძანეს.
„წითელი ნათურა“ პირველად მაშინ აინთო, როდესაც „ერის მამებმა“ ათასობით გარე–მოვაჭრე ულუკმაპუროდ დატოვეს. შემდეგი სიგნალი „გადასახადების მოწესრიგება“ და ბიზნესის დაყაჩაღება გახდა. „ზრუნვა“ გაგრძელდა და მალე ხალხის „სისხლით“ შევსებული ბიუჯეტის ხარჯზე „ტკბილი ვამპირული ცხოვრება“ მოიწყეს. მას შემდეგ „ნათურა“ სულ სისხლისფრად დაგვნათის. ბიზნეს–კლასით კრუიზებში ფარფატი და ელიტურ სასტუმროებში გრიალი დღემდე გრძელდება.
ქვეყნის საზოგადოერივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში გაბატონებულია ფსიქიატრიული ლიტერატურის უცვლელი პერსონაჟი – სოციოპათი. ხშირად საკმაოდ ქარიზმატულია, რითაც ოსტატურად სარგებლობს. ცხოვრება მისთვის ავანტიურული წარმოდგენაა. მთავარ როლს, ცხადია, თვითონ ასრულებს და ყველას თავის დაკრულზე აცეკვებს. მიზნის მისაღწევად გამუდმებით თაღლითობს და იტყუება. თუ საქმემ მოითხოვა, უკან არც კრიმინალზე დაიხევს. პროფესიონალი–დემაგოგია, ამიტომ ალალ ადამიანს მისი მხილება მეტის–მეტად გაუჭირდება. სოციოპათს საკუთარი უზნეობა სრულებითაც არ აწუხებს – კიდეც ეამაყება. აი, რას წერს ფსიქიატრი რობერტ ჰეირი: „ამ სოციალურ მტაცებლებს არც სინდისი გააჩნიათ და არც თანაგრძნობის უნარი. მათთვის მიუღებელი მეთოდები არ არსებობს. დასახულ მიზანს ადამიანთა მანიპულირებით აღწევენ და ძალზე უპრობლემოდ ისაკუთრებენ ყველაფერს, რაც კი თვალში მოუვათ. ამასთან, რეალობას ჩინებულად აცნობიერებენ. მათ მოქმედებას წარმართავს არა დაბინდული ცნობიერება. არამედ ცივი, ანგარიშიანი გონება. სხვა ადამიანებს ცხოველებზე მაღლა არც აყენებენ“.
მოკლედ, სოციოპათებს ჩინებულად ეხერხებათ სხვისთვის „სისხლის გამოწოვა“; აგრეთვე „ცოცხის გარჭობა“, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ცხადია, ყველა ერთნაირად დახელოვნებული არ არის. სოციოპათიას ადრე „ზნეობრივ შეშლილობას“ უწოდებდნენ. ფსიქიატრების აზრით ეს გადახრა მკურნალობას არ ექვემდებარება.
არსებითი დეტალი: სწორედ ასეთი ხალხითაა დაკომპლექტებული ჩვენი ხელისუფლება. უფრო მეტიც: არასამთავრობო სექტორში და ბიზნესშიც სოციოპათები მძლავრობენ.
შეშლილთა ხომალდი
როგორ წამოეგო ასე ადვილად ანკესზე 2003 წელს ასი ათასობით ადამიანი? პასუხი მარტივია და, იმავდროულად, რთულიც: ზნეობრივ ორიენტირთა აღრევამ მწვანე შუქი აუნთო სოციოპათებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მათი მიზანდასახული უპრინციპობა ადამიანებს ძალიან ხიბლავს, ვინაიდან სიძლიერეში ეშლებათ. მოხიბლული, არც თუ იშვიათად, თავადაც პოტენციური სოციოპათია. თუმცა, მოყვასისთვის „ცოცხის გარჭობა“, ანუ სოციოპათური ქცევა ცოტ–ცოტათი ყველას გვეხერხება – საუბედუროდ!
ფაქტი: ეს ტრაგედია ერთ რიგით თბილისურ ოჯახში გამართულ ქორწილზე დატრიალდა. ორი ახალგაზრდის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ერთ–ერთმა მათგანმა მეორე გარეთ გაიხმო, სადაც უკვე ძმაკაცები ელოდებოდნენ. „კაცური საუბარი“ ძალზე არაკაცურად დასრულდა. ყმაწვილი დანებზე წამოაგეს. აქვე ვაზუსტებ - როგორც შელაპარაკების ფაქტი, ისე ყმაწვილის გარეთ გაყვანა, ფაქტობრივად, მთელმა სუფრამ იხილა. მათ შორის, მოკლულის კლასელებმაც; მაგრამ როდესაც საქმე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ თურმე არავის არაფერი დაუნახავს! ყველა ერთბაშად „დაბრმავდა“, „დაყრუვდა“ და, ყველა სიკეთესთან ერთად, „მეხსიერებაც დაკარგა“. „მგლოვიარე“ კლასელები პანაშვიდზე თაიგულებითა და გვირგვინებით გამოცხადდნენ. ცხადია, არც თანხის შეგროვება დაავიწყდათ. გარდაცვლილის ოჯახმა ყველა ორმოცზე დაპატიჟა(?!).
კიდევ ერთი ფაქტი: ეს ამბავი მოხდა თბილისის ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლაში, სადაც, ძირითადად, შეძლებული ხალხის შვილები სწავლობდნენ. ბავშვების გალაღებული „ელიტა“ მაღლიდან დაჰყურებდა „დაბალი დონის მდაბიოებს“. ერთ კლასში სწავლობდა გამორჩეულად გაჭირვებული გოგონა, რომელსაც დედა მარტო ზრდიდა. თანაკლასელებმა გაუთავებელი დაცინვით მას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. მიზეზი გოგონას ღარიბული ჩაცმულობა იყო. გაამპარტავნებული ბავშვები ტანსაცმელს აფხრეწდნენ, ცარცს აყრიდნენ, ფეხსაცმელზე ფეხს აბიჯებდნენ: ეს ბაბაჯანას ქოშები რომელ სანაგვეზე მონახეო და ა.შ. ხანდახან საქმე ცემამდეც მიდიოდა. მასწავლებლები მათი მშობლების შიშით ყურს „იყრუებდნენ“ და თვალს „იბრმავებდნენ“. სხვა „მდაბიოებიც“ დუმდნენ: აუტკივარი თავი რაზე ავიტკიოთო?! ზოგს ეს ამბავი ართობდა კიდეც. ალბათ იკითხავთ, სად იყო დედა, როდესაც შვილს ასე სადისტურად აწვალებდნენ? არ დაიჯერებთ, მაგრამ არიგებდა: ნუ დაუპირისპირდები, ეგენი ყველა დიდი ხალხი გამოვა და რაღაცაში გამოგადგებიანო.
ცნობისთვის: ყველა მართლაც „დიდი ხალხი“ გამოვიდა. ამჟამად, ზოგი ეკრანიდან გვმოძღრავს და ზოგი – ტრიბუნიდან.
ალბათ იკითხავთ: რა აკავშირებს კრიმინალს, რომელიც მოყვასს დანას უყრის, სადისტს, რომელიც უმწეო მსხვერპლს აწამებს და კონფორმისტს, რომელიც „ბრმავდება“ და „ყრუვდება“? გიპასუხებთ: ეგოიზმი და სინდისის დეფიციტი; ამიტომ ყველა „მხეცის ნიშნითაა“ დაშანთული. საბოლოო ჯამში, ყოველი მათგანი აშკარა, ან ფარული სოციოპათი და „შეშლილთა ხომალდის“ მკვიდრია.
ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: ვინ უფრო სცოდავს – კონკრეტული სოციოპათი, თუ საზოგადოება, რომელიც თავისი გულგრილობით ბოროტებას ამრავლებს? რეალობამ პასუხი ცხვირზე ჩამოგვკიდა: პენიტენციალურმა სისტემამ გასაოცარი სიზუსტით „აირეკლა“ საზოგადოებაში დატრიალებული ტოტალური ტრაგედია: ცოცხ–გარჭობილი სრულიად საქართველო!
„თავხედი ყვავის სინდრომი“, ანუ უფრთხილდით ყრანტალას!
ბოლო პერიოდის ამბებმა ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენა:
ცხოველები თვითმფრინავით გადაჰყავთ. ყვავს მოსწყინდა და ცელქობა დაიწყო: ერთს თავზე დაასკლინტა, მეორეს ჩაუნისკარტა, მოკლედ - „გაიჯეჯილა“.
– რას აკეთებო? - კურდღელი ეკითხება:
– რას ვაკეთებ და ვატრაკებო! – დაიჩხავლა ყვავმა.
– ვა, რა მაგარია, მოდი მეც გავატრაკებო!
და ბაჭიამაც აურია: დაიწყო მგზავრების თავებზე ხტუნაობა, ზოგს გადააფსა, ზოგს, თხუნელასი არ იყოს, ზედ უქნა კიდეც.
– რა ამბავში ხართო? – დაინტერესდა აქამდე ჭკვიანად მჯდომი სპილო.
– ვატრაკებთო!
– მეც უნდა გავატრაკოო!
აბა, სპილომ ქნა, თუ ქნა! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თვითმფრინავი დაიშალა და ყველანი დაბლა ჩამოცვივდნენ. ყვავმა ფრთები გაშალა და გაფრინდა.
– ჩვენ რაღა ვქნათო? – ჰკითხეს სპილომ და კურდღელმა.
– თუ ფრენა არ იცოდით, რას ატრაკებდითო?!
ყვავი ქარიზმატული სოციოპათის ქრესტომათიული მაგალითია. რამდენიც უნდოდა იმდენი „ატრაკა“, ბრიყვებიც ბლომად აიყოლია, მაგრამ როცა საქმე გაფუჭდა, ეგრევე „აითესა“. „თავდამშვენებული“ მდუმარე მგზავრები მეტს, ალბათ, არც იმსახურებდნენ.
ჩვენმა „ყვავებმაც“ ზომაზე მეტად „ატრაკეს“, უამრავი ხალხი გააბრიყვეს და ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანეს. ჩვენ კი იმ მგზავრებივით ხმასაც არ ვიღებდით. საკითხავი ისღა დარჩა, მივცემთ თუ არა უფლებას, რომ უმტკივნეულოდ „აითესონ“?