„ბესელია კონფრონტაციაში არ შევა ბიძინა ივანიშვილთან, რადგან იცის, რომ გაცამტვერდება“

„ბესელია კონფრონტაციაში არ შევა ბიძინა ივანიშვილთან, რადგან იცის, რომ გაცამტვერდება“

ეკა ბესელია მხოლოდ პოლიტიკოსებით არ კმაყოფილდება და კონსულტაციებს საზოგადოების წარმომადგენლებთანაც აწარმოებს. იგი 2020-სთვის პარტიად ჩამოყალიბებას ლამობს პარლამენტში მოსასვლელად. დღემდე დავობენ იმაზე, ეს დამოუკიდებელი ცურვაა, თუ დამოკიდებული ცურვა და სადამდე გაცურავს ბესელია?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბესელია შორს ვერ წავა, რადგან კომპრომატები მის შესახებ საკმაოდაა. გავრცელებული ინფორმაციით, ბესელიას ნათელმირონობა აკავშირებს სააკაშვილ-ადეიშვილის დროინდელ ორ გავლენიან მოსამართლესთან: ნონა წოწორიასა და ზაზა მეიშვილთან.

ნონა წოწორია 2004 წელს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ დაინიშნა და ამ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუხი კარდინალი გახდა. „ვერსიის“ ინფორმაციით, ნონა წოწორიას ჩრდილოვანი საქმეების მოსაგვარებლად ისეთი ადვოკატი სჭირდებოდა, ვისაც ენდობოდა და ფსონი თავის მეგობარსა და ჯგუფელ ბესელიაზე დადო.

რაც შეეხება ზაზა მეიშვილს, ის 2006-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო და სისხლის სამართლის საქმეებზე წინა ხელისუფლების დროს მთავარ ზონდერად გვევლინებოდა. მეიშვილი ადეიშვილის შეუცვლელ კადრად ითვლებოდა და სწორედ მის შესახებ ამბობდა თეა წულუკიანი, რომ მეიშვილის წვლილი იყო სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის იმ ქვეყნად გასტუმრება.

დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ მუდმივად ხაზს უსვამენ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან მის მეგობრობას, თუმცა რატომღაც არავინ ახსენებს ბესელიას ნათელმირონობას მეიშვილთან, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა და, ასევე, ნონა წოწორიასთან, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა.

ვანო ზარდიაშვილის საპასუხოდ, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს ბესელია მთავარ დამნაშავედ მურუსიძეს ასახელებს და ხმას არ იღებს მეიშვილზე, ბესელია აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, 14 წელია ზაზა მეიშვილი არ უნახავს.

რა კომპრომატები აქვთ ბესელიას შესახებ და სადამდე წავა ეკა ბესელია პოლიტიკური ცურვისას, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია მეტ-ნაკლებად ახლა დამოუკიდებელია, მაგრამ, რასაკვირველია, ის კონფრონტაციაში არ შევა ბიძინა ივანიშვილთან, რადგან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში გაცამტვერდება.

„ბესელიას შესახებ საკმაო კომპრომატები აქვთ და, რადგან ეს მე ვიცი, ე.ი. მართლაც არსებობს ამის საფუძველი, ამას გაუხსენებენ კიდეც ბესელიას და ამოუწევენ. ეს არის კომპრომატები სასამართლოსთან დაკავშირებით, მეიშვილთან მისი ურთიერთობა, ბევრი კომპრომატი არსებობს, მათ შორის, მისი ჩართულობა სავარაუდო სქემებში, რასაც კორუფციის სუნი უდის. ამაზე ხმამაღლა ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს აშკარად იგრძნობა. მეიშვილთან დამოკიდებულებისას საუბარია მის ნათელმირონობაზე ბესელიასთან. ის, რაშიც ბესელია ბრალს სდებს ახალგაზრდულ ფრთას, ანუ საუბარია ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის ურთიერთობაზე, დაახლოებით იგივეა ბესელიასთან მიმართებითაც და ეს ცუდი პროცესია, როცა სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური გავლენებით მიმდინარეობს ვაჭრობა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, ბესელიამ ვერ მოიპოვა ადგილი ივანიშვილის გარშემო. ამიტომაც წამოიწყო ეს პროცესები.

ანალიტიკოსის შეფასებით, თავიდან ბესელია პიროვნული ურთიერთობების გზით წავიდა, მაგრამ მერე მოახდინა თემის მიბმა მოსამართლეთა სკანდალთან, რაც ძალზე უხერხული და სრულიად ხელოვნური იყო მისგან, რადგან 2013 წელს სწორედ ბესელია იყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ამიტომ მისი პოზიციის რადიკალური ცვლილება კითხვის ნიშნებს იწვევდა.

რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილსა და სხვებს, რომლებიც, რასაკვირველია, ხედავენ ბესელიას ქვეტექსტებს, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.

დავით ზარდიაშვილის აზრით, ლევან გოგიჩაიშვილი მორალური პოზიციებიდან გამოდის. მისთვის იმდენად მიუღებელია მურუსიძე, გვრიტიშვილი და სხვები, რომლებთანაც უშუალოდ ჰქონდა ურთიერთობა (რადგან ლევან გოგიჩაიშვილი გასამართლებულია ამ ხალხის მიერ), რომ მისი დამოკიდებულება გასაგებია.

„ენა ვერ მომიბრუნდება, ლევან გოგიჩაიშვილის პოზიციაში რაიმე გაურკვეველი დავინახო, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების ობიექტური ინტერესიც. თუ ვინმე ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, რაგინდ კეთილშობილური მოტივიც არ უნდა ამოძრავებდეს, იმ წუთასვე დამთავრდება სასამართლოს რაიმე პერსპექტივა. სასამართლო ხელისუფლებამ ეს კრიზისი თვითონვე უნდა გადალახოს, როგორც კი სასამართლო ხელისუფლებაზე დაიწყება პოლიტიკური ხელისუფლების გავლენა, ყველაფერი დამთავრდება. ეს იმას მაგონებს, რომ გზა ჯოჯოხეთისკენ მოფენილია კეთილი სურვილებით“, - განმარტავს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზემოთ აღნიშნულ მოსამართლეებთან ნათელმირონობას არავითარი კავშირი არ აქვს ეკა ბესელიას პოლიტიკურ საქმიანობასთან, თუკი მას ხალხი ენდობა და მის პოზიციას იზიარებს. მით უმეტეს, რომ საქართველოში ნათელმირონობა არავის დაუძრახავს. ხოლო, თუ ბესელიამ რაღაც დააშავა და უკანონობა ჩაიდინა, მაშინ შეიძლება ამას სერიოზული ელფერი მიეცეს.

„იყო რაღაც ვარაუდები კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ დამტკიცდა. თუ დამტკიცდება, მაშინ შესაბამისი დასკვნებიც გაკეთდება. ვერ გეტყვით, ბესელია თავისუფალია თუ არა სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობაში, ეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე გამოჩნდება. მე არ შემიძლია ვიცოდე ქალბატონ ბესელიას ცხოვრების ან ბიოგრაფიის ისეთი დეტალები, რაც შეიძლება კონფლიქტში იყოს კანონთან. თუკი ასეთი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ეკა ბესელიასთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.