„ღარიბაშვილს ივანიშვილი ბოლომდე ენდობა და იცის, რომ ის მას არ უღალატებს“

„ღარიბაშვილს ივანიშვილი ბოლომდე ენდობა და იცის, რომ ის მას არ უღალატებს“

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ზოგისთვის რადიკალური საკადრო ცვლილებების დასაწყისია, ზოგისთვის მკვდარი სულების დაბრუნება პოლიტიკაში, ზოგიც ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მოსვლა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს ვერ გადაარჩენს და ის მხოლოდ იმიტომ დააბრუნეს, რომ ივანიშვილი ენდობა. თუმცა საკითხავი სწორედ ეს არის, ქვეყნის განვითარებას ივანიშვილისადმი ერთგული კადრი სჭირდება, თუ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსი?

ამ თემაზე For.ge პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: დავიწყებ იქიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პიროვნების და პოლიტიკოსის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი მის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი იმ მკაცრი პოლიტიკის გამო რასაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების მიმართ ატარებდა. მეორე ნაწილს კი მის მიმართ კითხვები აქვს იმ უარყოფით მოვლენებზე, რაც მის მმართველობას უკავშირდება, კერძოდ, ნეპოტიზმის აღზევება მაქვს მხედველობაში, რაც საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს იწვევდა და, რაც მთავარია, თვითონ იმ უწყებების მუშაობის ეფექტურობაზე აისახებოდა, სადაც ღარიბაშვილთან დაახლოებული ადამიანი, თუ ნათესავები იყვნენ გამწესებული. 

ჩვენ გუშინ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ, იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილი არ აპირებს პარლამენტში შესვლას და შესაბამისად ვერსია, რომ მას მოიაზრებენ, როგორც კობახიძის ალტერნატივას, ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნა. თუმცა ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლით, ალბათ, გაგრძელდება „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებების პროცესი და დაიწყება ახალი პირების შემოდინება, მაგრამ მთავარია, ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ანუ როგორი პოლიტიკური ბეგრაუნდი ექნებათ, რამდენად ცნობილები იქნებიან საზოგადოებისთვის და რამდენად ნდობით იქნება საზოგადოება მათ მიმართ განწყობილი.

ჩვენ ვნახეთ, რომ 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სახეების მთელი ჯოგი შემოიყვანა, მაგრამ, მცირე გამონაკლისების გარდა, ვერც ერთმა მათგანმა იმედები ვერ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, მათმა შემოსვლამ „ქართულ ოცნებას“ ბევრი ვერაფერი შემატა, პირიქით, პრობლემები შეუქმნა. ამჟამად „ქართული ოცნება“, ალბათ, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეეცდება შემოიყვანოს ისეთი ხალხი, რომ პარტიაც გააძლიეროს და საზოგადოებაშიც აღქმული იყვნენ, როგორც დადებითი მოვლენა.

ის ფაქტი, რომ 2015 წელს წასული, თუ გაგდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა, რისი მანიშნებელია? როგორ შეიძლება გავიგოთ ამ შემთხვევაში ივანიშვილის მდგომარეობა, - ხავსს ეჭიდება?

- ივანიშვილის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. გაგდებული, თუ წასული ღარიბაშვილის უკან დაბრუნებას რაციონალურად შეიძლება შევხედოთ, რომ ეს არ იყო მთლად ბოლომდე გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ მეორე კუთხითაც თუ შევხედავთ, შეიძლება დაისვას კითხვა - ჰყავდა ბიძინა ივანიშვილს გარშემო ის საკადრო რესურსი, რომელსაც ის ბოლომდე ენდობოდა? ღარიბაშვილს ივანიშვილი ბოლომდე ენდობა და იცის, რომ ის მას არ უღალატებს.

მაგალითად, ივანიშვილს რომ მოეყვანა საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ადამიანი და დაესვა პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე, ჯერ მარტო იმ ადამიანის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მისი ცნობადობის ამაღლებას მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდებოდა და ღარიბაშვილი მოიყვანა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სახე. ალბათ, ივანიშვილისთვის ეს გადაწყვეტილება ერთადერთი ოპტიმალური იყო იმიტომ, რომ სხვა მისთვის სანდო კადრი არ აღმოაჩნდა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი საფუძველი, მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის ნდობააბატონო ზაალქვეყანას ივანიშვილისადმი ერთგული ღარიბაშვილი სჭირდება, თუ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსი?

- რა თქმა უნდა, თქვენ მეორე კითხვაზე გავცემ უფრო დადებით პასუხს. შეძლებისდაგვარად, უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკა პერსონალური ფაქტორისაგან. პიროვნებას პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზე მსჯელობენ და დისკუსია მიდის არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, მაგრამ პერსონებს არ უნდა გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები.

ივანიშვილისადმი ერთგულება მეათე თუ მეასე ხარისხოვანია. მთავარია პიროვნება თავისი ბუნებით, პროფესიონალიზმით და ეფექტურობით ისეთი იყოს, რომ ქვეყნის ინტერესებს გამოადგეს, თორემ ვისი ერთგულიც არ უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინტერესების დაცვაა საჭირო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოქმედებს არა სახელმწიფოებრივი, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და კადრებიც შესაბამისი მოჰყავს...

- არც უმაგისობაა. ყველა ლიდერი ცდილობს, რომ მის ირგვლივ ჰყავდეს ადამიანები, რომლებსაც ენდობა, იმიტომ რომ, მაგალითად, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი გუნდს აყალიბებს, გარშემო ისეთ ადამიანებს იკრებს, რომლებსაც მაღალი კომპეტენცია აქვთ და წარმატებულები არიან, მაგრამ, თუ ის მათ ბოლომდე არ ენდო, მაშინ როგორ შეძლებს მათთან ერთად მუშაობას?! ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს მონურ მორჩილებაში. ნდობას არ უნდა შეეწიროს სახელმწიფო ინტერესები.

ამ შემთხვევაში, მეორე საკითხია, რამდენად სწორია ლიდერის პოლიტიკა ქვეყნის განვითარების მიმართულებით...

- ყველა ლიდერი ირჩევს იმ პოლიტიკას, რომელიც თავად მიაჩნია სწორად, მაგრამ ეს უკვე ხალხის განსასჯელია. საკითხავია ხალხიც, თუ მიიჩნევს ამ პოლიტიკას სწორად და თუ ირჩევს მას. მაგალითად, როდესაც ხალხმა მიიჩნია, რომ სააკაშვილის მიერ არჩეული პოლიტიკა არ იყო სწორი და ქვეყნისთვის საზიანო იყო, განაჩენი გამოუტანა.

ითქვა, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ წარსულს არის ჩაფრენილი და მისი დრო წავიდა. საზოგადოებასქართულმა ოცნებამაც“ იმედი გაუცრუა. შეიძლება ითქვას, რომ ხალხი დაიღალანაციონალებისა“ დაოცნებისგან“ შექმნილი წრეზე ბრუნვით. ამავე დროს ცვლილებებია უმრავლესობაში, ზოგი პოლიტიკოსი მიდის, ზოგიც მოდის, თუმცა საინტერესოა, თქვენ თუ ხედავთ, თუნდაც, ორივე პარტიისგან დამოუკიდებელ ძალას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს

- გეთანხმებით, ეს ასეა და დავამატებ იმას, რომ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელი ენდიაიმ (NDI) ჩაატარა, ვენდობით თუ არა ამ კვლევებს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს კვლევები ზოგადად მაინც აჩვენებს ხოლმე საზოგადოებაში არსებულ განწყობას და ტენდენციებს. ჯამური რაოდენოდა რესპოდენტებისა თვლის, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს მათ ინტერესებს. რესპოდენტები, რომლებიც ასე თვლიან ან რომლებსაც არ აქვთ პასუხი კითხვაზე, ან უარს ამბობენ, პირველად ამ 10 წლის განმავლობაში, მათმა ჯამურმა რაოდენობამ თითქმის 50% შეადგინა. ეს პროცენტი არის ჩვენი ელექტორატის ნახევარი. 50% ქვეცნობიერად არის მოლოდინში, რომ ასპარეზზე გამოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც უპასუხებს მის მოთხოვნებს მისწრაფებებს სურვილებს და ა.შ. 

ჯერჯერობით ასეთი პოლიტიკური ძალა ღიად ასპარეზზე არ ჩანს, თუმცა არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება მოიაზრებოდნენ ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნის ერთგვარ ინიციატორად, ან მათ გარშემო მოხდეს ასეთი პოლიტიკური ძალის ფორმირება.

მაგალითად, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, არც ისე შორეულ წარსულში მოიაზრებოდნენ ალტერნატიული ლიდერებად, მაგრამ მათ დაიწყეს საკუთარი მოძრაობის ფორმირება და საწყის ეტაპზე უკვე იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ საზოგადოების ნაწილი მათ მიმართ უარყოფითად განეწყო.

იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ვფიქრობ, ხალხმა უნდა აიყოლიოს ხელისუფლება და თუნდაც ზეწოლით, თუნდაც პროტესტით მოხდეს იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ჭიანურდება. ჩვენ ყოველ წელიწადს ისე ვამთავრებთ, რომ ინფრასტრუქტურის რეგიონალური განვითარების სამინისტროს აუთვისებელი თანხები რჩება. ეს აუთვისებელი თანხები არის დაკარგული სამუშაო ადგილები, გაუკეთებელი ინფრასტრუქტურა და ა.შ

პრობლემაა საზოგადოების ინფორმირებაც, რადგან, როდესაც ხელისუფლება ცვლილებას ახდენს, კარგად არ უხსნის ხალხს ეს ცვლილება მათ რას მოუტანს. ფაქტიურად ცვლილება ხდება ისე, რომ მოსახლეობის სათანადო ინფორმირება არ ხდება. ინფორმაციის არქონა აჩენს კითხვის ნიშნებს და კითხვაზე როცა სათანადო პასუხი არ აქვთ, ეს გადადის მოსახლეობის უკმაყოფილებაში და პროტესტში. ამის კარგი მაგალითია საპენსიო რეფორმა, რომელიც სამწუხაროდ მოსახლეობის ინფორმირების სათანადო შემზადების გარეშე განხორციელდა.

ფაქტიურად ხელისუფლებასაც არ აქვს პასუხი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებზე, მაგალითად, სად წავა ეს ფული...

- აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით იმიტომ, რომ ზოგადად რაღაცა სფეროს რეფორმები ნაჩქარევად, სპონტანურად იწყება და ამის გამო მერე უკვე რეფორმის განხორციელების გზაზე აპრიორი ხდება. საპენსიო რეფორმა და დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ფაქტიურად ყველა ევროპულ ქვეყანაში და ძალიან კარგადაც მუშაობს, მაგრამ, იქ შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გაიარეს ეს პროცესი, რადგან მოსახლეობის ინფორმირება და შემზადება მოხდა ამ ცვლილებისთვის.

საჭიროა ცვლილებები, თუმცა მანამდე ალბათ პოლიტიკური პროცესების დალაგებაა საჭირო, რასაც დღეს ხელისუფლება ქმნის. ბატონო ზაალ 2020 წლისთვის, საპარლამენტო არჩევნებში ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაშიქართული ოცნებისწარმატების განმსაზღვრელი იქნება

- ღარიბაშვილი დიდ პოლიტიკაში სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით დააბრუნეს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა რთულია იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯები, იმიტომ, რომ არაერთხელ ვყოფილვართ მოწმე, რომ პოლიტიკოსების სიტყვა და საქმე ერთმანეთს სცილდება.

საინტერესოა, რამდენად ინტენსიურად მოხდება „ქართული ოცნების“ რიგებში საკადრო განახლება ან თუ მოხდება საერთოდ და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. საგულისხმოა, ღარიბაშვილი პოლიტიკურ მდივნად დარჩება, თუ მას რამე დამატებითი ფუნქციაც ექნება. არ მგონია, რომ ღარიბაშვილი კაბინეტური სამუშაოსთვის დაებრუნებინათ პოლიტიკაში. სავარაუდოდ, ის მოიყვანეს, რომ მუშაობა გააძლიეროს რეგიონებთან იმიტომ, რომ როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა „ქართული ოცნების“ რეგიონულმა ორგანიზაციებმა ძალიან ცუდად იმუშავეს. ცუდად იმუშავა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და ეს მმართველ პარტიას ლამის არჩევნების წაგებად დაუჯდა. ვფიქრობ, ღარიბაშვილს ბევრი სამუშაო ექნება, მაგრამ არ ვიცი პარტიის შიგნით რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

„ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების?

- გამარჯვების რა მოგახსენოთ. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ ფაქტიურად ჩვენი სუვერენიტეტის რაღაც ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავაბარეთ და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ბედნიერები იყვნენ და სურვილი ჰქონდეთ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ დათანხმდეს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული არჩევნების გზით და შეიტანოს კორექტურები კონსტიტუციაში და თუ ოპოზიციამაც ივარგა და მოიპოვა მხარდაჭერა, როგორც ადგილზე, ისე საერთაშორისო დონეზე, მაშინ მივიღებთ კოალიციურ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც ჩამოაყალიბებს კოალიციურ მთავრობას. თუ ასე მოხდა, დაფიქსირდება, რომ საქართველომ დემოკრატიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ, როგორ იმუშავებს კოალიციური მთავრობა, თუ ის შეიქმნა, აქ უკვე კითხვები ჩნდება იმიტომ, რომ ჩვენ ამის გამოცდილება პრაქტიკულად არ გვაქვს.