“ეს ორნი, მწერალიც და შუამავალიც ერთი კალიბრის თაღლითები არიან, დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, გრძნობენ ერთმანეთს და წარსულშიც. პირველი კომენტარები საინტერესო იყო, რომ დაუშვეს წერილის არსებობა, გახარია შიგნითაც ძალიან ბევრს გაეჩხირა ყელში” – ასე ეხმაურება იურისტი, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სოფია ხორგუანი, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
“რაც შეეხება წერილს, ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ – აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ გიორგი გახარიამ ეს წერილი დაწერა, ასევე გამოვრიცხავ, რომ მამუკა ხაზარაძემ ეს წერილი თავად დაწერა. მარტივად ვუშვებ, რომ არსებობს ის, ვინც ეს მდაბიო წერილი დაწერა, შუამავალს მისცა. ეს ორნი, მწერალიც და შუამავალიც ერთი კალიბრის თაღლითები არიან, დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, გრძნობენ ერთმანეთს და წარსულშიც ბევრი უკეთებიათ ერთად p.s. პირველი კომენტარები მაინც ძალიან საინტერესო იყო, ყველამ რომ დაუშვა წერილის არსებობა, როგორც ჩანს, გიორგი გახარია შიგნითაც ძალიან ბევრს გაეჩხირა ყელში “, – წერს ხორგუანი “ფეისბუქის” გვერდზე.
შეგახსენებთ,რომ გენერალურმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;
- ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.
ყველანაირი წინაპირობის გარეშე:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TVიმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
- მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდანენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
- არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი
- ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.
წერილის გამოქვეყნებამდე, მას წინ გენერალური პროკურატურის განცხადება ერთვოდა:
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2019 წლის 4 მარტს, ამ საქმის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურანტმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი.
მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოჰყვა მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და იგი დაუყოვნებლივ იქნა გამოსაკითხად გამოძახებული პროკურატურაში, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან”, – ნათქვამიას პროკურატურის განცხადებაში.