„არავის გამოუვა შეთქმულების თეორიით და ჭორაობით წლების წინ აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდოს“

„არავის გამოუვა შეთქმულების თეორიით და ჭორაობით წლების წინ აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდოს“

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები“, – სკანდალური წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებით შს მინისტრისგან მიიღო, პროკურატურამ გასაჯაროვა. წერილში გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს წერს, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, შესაბამისად სამ პირობას უყენებს. კერძოდ, „ტვ პირველმა“ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ.

„ყველანაირი წინაპირობის გარეშე: 1) უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე; გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან). 2) მ.ხ-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში.

ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირები და, რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3) „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილში.

გენერალურმა პროკურატურამ წერილის ასლი გაასაჯაროვა. ის, რომ წერილი გიორგი გახარიას ეკუთვნის, ამის მაიდენტიფიცირებელი არავითარი ნიშნები არ არსებობს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ ხაზარაძემ არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც წერილი გადასცა.

შესაბამისად, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, რადგან პროკურატურის ინფორმაციით ხაზარაძის მიერ მისი ვინაობა არ გაამჟღავნა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი. ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც წერილზე ისაუბრა. შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია გამოძიების ასე, ერთ დღეში შეწყვეტა.

როგორც კორძაძე ამბობს, პროკურატურას შეეძლო თუნდაც ის ადამიანები გამოეკითხა, ვისაც ხაზარაძემ ეს ინფორმაცია მიაწოდა, ვინაიდან მათ შეიძლება რაიმე ისეთი ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც გამოძიებას გამოადგებოდა. რაც შეეხება წერილის გამოქვეყნებას, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ფაქტი დადებითია, ვინაიდან საზოგადოება გაეცნობა, თუ რა წერია იქ.

„ჩვენი პოზიცია მარტივია, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მისცა ჩვენება. როგორც კი გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას მასაც წარვუდგენთ. ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც ამ წერილზე ისაუბრა იანვარში, მათ შორის ელჩები და ბიზნესმენები. მან დაასახელა ის ორი პირი, ვისაც იმ საღამოსვე ესაუბრა, როცა წერილი მიიღო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

კორძაძის თქმით, ბიზნესმენი ადასტურებს, რომ 2 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებით სწორედ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ერთ–ერთი პუნქტი შეასრულა. მისი თქმით, ხაზარაძე აღნიშნულს იმით ხსნის, რომ არ უნდოდა „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტის პროექტს რაიმე საფრთხე  შექმნოდა.

„მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შეასრულა წერილის მხოლოდ ერთი პუნქტი, დანარჩენს რაც შეეხება, მას „ტელეკომპანია პირველთან“ შეხება არ აქვს, შესაბამისად, ვერაფერს შეასრულებდა. მამუკა განმარტავს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულება იმას უკავშირდებოდა, რომ „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტის პროექტს პრობლემები არ შექმნოდა“, – ამბობს ზვიად კორძაძე.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის შინაარსი „ტვ პირველის“ მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, როგორც „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი აცხადებს, 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მისი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. ეს კინო უკვე ნანახი მაქვს. პირველი სერია გადავიტანეთ“, – აცხადებს ვახტანგ წერეთელი.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის განცხადებას, საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე „ტვ პირველის“ თანამშრომლებს სთხოვს, განმარტონ, ჰქონდა თუ არა მამუკა ხაზარაძეს რაიმე ბერკეტი, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინა. დეპუტატი უარყოფს, რომ ხელისუფლებას შესაძლოა მედიასაშუალებების გაკონტროლების სურვილი ჰქონდეს. როგორც თალაკვაძე აცხადებს, მათი ინფორმაციით, ხაზარაძეს კავშირი არ აქვს „ტვ პირველთან“ და ამიტომ, გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა შს მინისტრს „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ხაზარაძისთვის მოეთხოვა.

„თუ შინაარსში შევალთ, წერილის ასლი, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, გაუგებარია საერთოდ, რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან „ტვ პირველი“? რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან? როგორც ვიცით, ბატონი ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა კავშირი აქვს ამ ტელევიზიასთან.

გვსურს, ვკითხოთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებსაც, რაიმე ბერკეტი აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძეს მათზე, ვინაიდან ეს წერილი იქნა მოტანილი შესაძლო მტკიცებულებად და მის შინაარსში ასეთ რამეს ვკითხულობთ. როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა საინტერესოა ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ასევე გაუგებარია წერილში გაჟღერებული მოთხოვნებიდან კიდევ ერთი პუნქტი – რაში უნდა უშლიდეს ხელს ხელისუფლებას ტელეკომპანია „არტ–არეა, სადაც თალაკვაძის თქმით, მხოლოდ გასართობ–შემეცნებითი პროგრამები გადის. მისი თქმით, აშკარაა საკითხის გაპოლიტიზირების მცდელობა.

ხაზარაძის განცხადების უკან პოლიტიკას ხედავს თავად გიორგი გახარია. ამ კონტექსტში შს მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში, არავის გამოუვა ვალდებულებებს თავი აარიდოს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ბანკის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნა საჭორაოდ გამოიყენა, რაც მიზნად მთავარი აქცენტების სხვა თემაზე გადატანას უსახავდა.

„პასუხისმგებლობებს ვერავინ გაექცევა და მას ძალიან კარგად ესმის ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა. სამწუხაროდ პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა. მე, როგორც ვიცე–პრემიერს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ანაკლიის პორტი ეს არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში და არავის გამოუვა არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიით, სკანდალებით და ჭორაობით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროკურატურის არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის და ახლა ანალიზის პასუხებს ლონდონიდან ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძეს განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შუამავლის ვინაობა დადგინდეს, რომელმაც ხაზარაძეს წერილი მიუტანა, რაც რთული დასადგენი არ არის. გოცირიძე ფიქრობს, რომ პროკურატურის განცხადება, რომ წერილი არ არის ინდენტიფიცირებული, არაფერს ნიშნავს.

„შეიძლება წერილზე შუამავლის დნმ–ის კვალი, ან თითის ანაბეჭდები აღმოჩნდეს. შუამავლის გადაადგილების მოძრაობის დადგენა დღეს ძალიან მარტივია, მობილური ანძების საშუალებით. არც ამას გამოვრიცხავ, რომ ისეთი სიბრიყვე გაეკეთებინა, პირდაპირ ბანკში მიეტანა წერილი, ვინაიდან ვერ წარმოიდგენდა გახარია ან ივანიშვილი, რომ ხაზარაძე მსგავს ნაბიჯს გადადგამდა.

არ არის გამორიცხული, რომ მათ სიფრთხილე დაკარგეს და პირდაპირ ბანკის ვიდეო კამერების ჩანაწერებშია ეს შუამავალი. ნორმალური გამოძიების შემთხვევაში, სხვადასხვა ირიბი მტკიცებულებებით ამ წერილის ავთენტურობის დადგენა არის ძალიან მარტივი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებით აცხადებენ, რომ წერილში ღიად იკითხება რეკეტი, მუქარა და მედიაზე ზეწოლა. სერგი კაპანაძეს განცხადებით, პროკურატურას გამოძიების ობიექტურად წარმართვის სურვილი არ აქვს, თორემ გამოქვეყნებული დოკუმენტი საკმარისი მტკიცებულებაა.

„შინაარსი არის სკანდალური და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ყველაფერი სცადა, ყველა ინსტრუმენტის გამოყენება სცადა, მათ შორის მედიაზე ზეგავლენა, მათ შორის ბიზნესმენებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს იყო ნაწილი იმ დიდი დაშინების, ძალადობის და მოსყიდვის კამპანიის.

რაც შეეხება კონკრეტულად პროკურატურის შეფასებას არის სასაცილო იმიტომ, რომ როგორ წარმოუდგენია პროკურატურას, ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ზედ კონკრეტული ადამიანის, თუ თითის ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო? იმისთვის რომ გამოძიება წავიდეს საკმარისი მტკიცებულებაა“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

Maverick "ქართულ" ოცნებას: ნაძირალების ვაკხალანიაა და მეტი არაფერი, დაანებეთ თავი ნაცბოზბანდის და მასი ქვეშევრდომების ყეფა-წკმუტუნის მოსმენას, ქვეყანას მიხედეთ ჭორიკანა ორღობის დედაკაცების სათარეშოდ რომ აქციეთ თქვენი უსუსურობით...
5 წლის უკან