ჩვილის მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით?!

ჩვილის მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით?!

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში გარდაცვლილი ცხრა თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, დააკავეს, - ამის შესახებ გარდაცვლილის მამამ მერაბ რაფალიანცმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, როგორც მას პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, დაკავებულია ორი პიროვნება. ჩვილის მამას თავდაპირველად უთხრეს, რომ ორი მამაკაცია დაკავებული, შემდეგ კი მეორე ვერსიის შესახებ განუცხადეს, რომ დაკავებულებს შორის ერთი ქალი და ერთი მამაკაცია. სხვა ინფორმაციას გარდაცვლილი ჩვილის მამა არ ფლობს.

მისივე თქმით, ცხედარს გურჯაანის პროზექტურაში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის დედოფლისწყაროში გადაასვენეს. თუმცა, ოჯახის ახლობლები და თავად გარდაცვლილის დედა შვილის ცხედარს სოფელ კოლაგში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ცხედრის პირდაპირ დედოფლისწყაროში გადასვენების გადაწყვეტილება თავად პოლიციამ მიიღო. თავად ბავშვის მამა კი ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს არ აკონკრეტებს.

როგორც ცნობილია, საღამოს ცხრა თვის ჩვილი ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი ნახეს.

როგორც ტრაგიკულად გარდაცვლილი ბავშვის დედა თათია მექერიშვილი აცხადებდა, პირადად მას მტრები არ ჰყოლია და მისი შვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილების მუქარის შემდეგ მოკლეს.

ოჯახის წევრების თქმით, მათ გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილი გიორგი მექერიშვილი ემუქრებოდა, რომელიც თბილისში, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს.
„ბავშვის გარდაცვალებაში უშუალოდ მექერიშვილს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს გამოძიების საქმეა, თუმცა სწორედ ის იმუქრებოდა, თანხას მთავაზობდა და „ნაციონალების“ სასარგებლოდ 10 ხმას მთხოვდა“, - აცხადებდა გარდაცვლილის დეიდა.

მართალია, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩვილის ტრაგედია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ უნდა დაუკავშირდეს, მაგრამ ჩვილის ახლობლები ოჯახის  მიმართ შურისძიებაში დარწმუნებულნი არიან.   

For.ge გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს ლოლა ტუსაშვილს დაუკავშირდა.

- გარდაცვლილი ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, და ბიძა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები  და აქტიური წევრები იყვნენ. ის ადამიანი, ვინც მათ მუქარას უთვლიდა, ნაციონალების ახლანდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილი გახლდათ, მისი კარის მეზობელი, ფაქტობრივად, ერთად გაზრდილები იყვნენ. ამ ადამიანის ბიძაშვილის შვილია ის ბიჭი, ვისაც ეჭვმიტანილად ასახელებენ, სწორედ იგი გვემუქრებოდაო. როგორც ოჯახი აცხადებს, ამ ბიჭმა მათ რამდენჯერმე სთხოვა ნაციონალების სასარგებლოდ ემუშავათ, ფულიც შესთავაზა, მათ კი უარი უთხრეს. ერთი პერიოდი, ბავშვის დეიდა საკუთარ მეუღლეს ედავებოდა, მოდი, ფული ავიღოთ, რა გვინდაო. მეუღლეს კი უარი უთქვამს. ამის შემდეგ მუქარაზე გადასულან, შვილები ხომ გყავთო. ამ ქალმა თავისი შვილები წაიყვანა და მამიდასთან გადამალა, მაგრამ დის შვილზე ვინ იფიქრებდა?! მისი და და სიძე დედოფლისწყაროს რაიონის ქედიდან იყვნენ და, ფაქტობრივად, უვნებელი ადამიანები გახლდნენ, არც პოლიტიკურად აქტიურობდნენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ მათზე შურისძიებას განახორციელებდნენ?!

ბავშვები ხომ არ აერიათ, რადგან, როგორც გარდაცვლილი ჩვილის დეიდა აცხადებს, მისი ერთი შვილიც იმ სახლში ყოფილა.

- პატარა ორი წლის ბავშვი ბებიასა და პაპასთან ჰყავდათ ჩაბარებული, უფროსი კი მამიდასთან ჰყავდათ გახიზნული. როგორც ბავშვების დედა ამბობდა, გავარიდეთო. არ ვიცი, დამნაშავეს ბავშვები შეეშალათ ერთმანეთში თუ არა, ეს გამორიცხული არაა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია, მოსაკლავად მას არ გაიმეტებდნენ. უბრალოდ, საცოდავი ხალხია და, ალბათ, იფიქრეს, შევაშინებთო. იმის გამო, რომ  დედამ ჩვილს მალე ჩააკითხა საძინებელში, ეტყობა, დამნაშავემ ბავშვს პირზე ხელი მიაფარა და შემოეგუდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შემდეგ უკვე მარანში, წყლიან ქვევრში ჩააგდო.

ფიქრობთ, დანაშაულის ჩამდენი ჩვილის გატაცებას აპირებდა?

- ალბათ, ცოტა ხნით, შეშინების მიზნით, ერთი-ორი საათით სადმე გადამალავდნენ, რომ ესენი გაეწამებინათ. არა მგონია, თავიდანვე მკვლელობის განზრახვა ჰქონოდათ. არანაირი დეპუტატობა და პრეზიდენტობა არ ღირს ერთი ჩვილი ბავშვის სიცოცხლის ფასად.

ამ ფაქტის შემდეგ ნაციონალების მიმართ რა განწყობაა კახეთში?

- თავად ნაციონალები ავრცელებენ, რომ, თურმე, უი, საკუთარ დედას მოუკლავს ჩვილი, ან კიდევ, დეიდასა და ბიძას ადებენ ხელს. ასეთ ცრუ ინფორმაციებს დებენ ინტერნეტში და ამით ოჯახს უარესად აღიზიანებენ. უარესსაც გეტყვით, დედა და მამა ახლოს არ მიაკარეს ჩვილის გვამს, ქედში წაიღო თვითონ პოლიციამ და, ალბათ, იმის გამო, რომ სათანადო ექსპერტიზა არ ჩაუტარეს, ამ შუა ღამესვე დააკრძალვინებენ კიდეც - ასეთია ჩემი მოსაზრება. ნაციონალები გაბადრებულები ისმენენ ამ ინფორმაციას, დანარჩენები კი, საცოდავი რიგითი ადამიანები, დათრგუნულნი და შეშინებულნი არიან. აქაურ სოფლებში ინფორმაციის წყარო ძალიან მწირია. ადამიანებს რეალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ. ამის გამო ეს ხალხი რაც დაბეჩავებული იყო, ხელისუფლების მხრიდან დათრგუნვამ კიდევ უფრო დააბეჩავა. დღის განმავლობაში ჩვილის ოჯახი ტელეფონით მიკავშირდებოდა, რა ვიღონოთ, სახლშიც არ გვიშვებსო პოლიცია. დავამშვიდე, იქნებ, რაიმე კვალს მიაგნონ და, შესაძლოა, ასეც იყოს საჭირო, რომ თქვენ კვალი არ წაშალოთ-თქო. არა უშავს, ქუჩაში იყავით, ოღონდაც დამნაშავე დაიჭირონ-მეთქი. სავარაუდოდ, დანაშაულის ჩამდენი ადგილობრივი პირი იქნება. აბა, გამიზნულად კახეთში ვინ ჩამოვიდოდა ამისთვის?!