„ქართული ოცნება“ - დამანგრევლების თუ აღმშენებლების მოლოდინში...

„ქართული ოცნება“ - დამანგრევლების თუ აღმშენებლების მოლოდინში...

„ქართული ოცნება“ ახალი სისხლის გადასხმის მოლოდინშია. ძირძველი მეოცნებენი აწ უკვე ყოფილი გუნდის „ჩაციკვლას“ ახალ სახეებზე კატეგორიულად ემიჯნებიან. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახალ სახეებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან სწორედ 2016-ში მიიღეს ახალი სახეები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ შიგნიდან დაანგრიეს. მისივე თქმით, ვერ გაამართლეს იმ ახალმა სახეებმა, რომლითაც 2016 წლის პარლამენტში განახლება მოხდა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ახალი ადამიანების შესვლას „ქართულ ოცნებაში“, ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის გაუგებარია, ასე მალე რატომ „დაძველდნენ“ ახალი სახეები?! ჯერ ხომ ორი წელიც არ არის გასული და კიდევ სჭირდებათ შემომატება?! „შეიმატონ, ვინმე ხელს უშლის, თუ რა, მაგრამ პარლამენტში როგორ უნდა შეიყვანონ ეს ახალი სახეები, არ ვიცი“.

რაც შეეხება ხშირად ნახსენებ 2016 წელს, იმ პერიოდში სწორედ გიორგი კვირიკაშვილის წარდგინებით მოხდა „ოცნების“ წიაღში ახალი სახეების გამოჩენა. ესენი იყვნენ თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, სოფო კილაძე და სხვანი. მათი წარდგენისას კვირიკაშვილმა მაჟორულად გვამცნო, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შეიტანდნენ ქართულ პოლიტიკაში, რადგან ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებდნენ. თუმცა ორი წლის შემდეგ სწორედ ამ „მაღალი ღირებულებების ერთგულმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებმა“ შეიტანეს დისონანსი „ქართულ ოცნებაში“ და ძველი „ოცნებელები“ გააქციეს.

ამის მიუხედავად, „ოცნებაში“ დარჩენილები დღეს იხტიბარს არ იტეხენ და ირწმუნებიან, რომ არჩევნებზე მმართველი გუნდი განახლებული სახით წარდგება, ეს გუნდი მყარია და არაფერი ემუქრება.

სხვანაირად ფიქრობს მომღერალი გია გაჩეჩილაძე. უცნობი“ ასკვნის, რომ „ვინც თავს დაუხრის და ცოტა მიჩმორდება კიდეც, ბიძინა ივანიშვილი მასთან კომფორტშია“. ასე რომ, ძალაუფლებამ ეს ადამიანიც შეცვალა.

შეიძლება თუ არა ახალი სახეები ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენად მოვიაზროთ იმ ნიშნით, რომ ახლები არ გასწევენ წინააღმდეგობას, უფრო დამთმობნი იქნებიან? ნუთუ ამაზე აქვს გათვლა ივანიშვილს, რომ დამყოლი ახალგაზრდებით დააკომპლექტოს „ქართული ოცნება?“

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძნელია იმის თქმა, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად გავიგოთ, რის შესახებ ფიქრობს იგი, მის ადგილას უნდა ჩავიყენოთ თავი. რამაზ საყვარელიძის აზრით, ახლა გამუდმებით გაიძახიან, ბიძინას დამთმობი ხალხი სჭირდებაო, მაგრამ ეს დიდად გასაკვირი არც არის, ყველას უნდა, რომ იმ სტრუქტურაში, რომელსაც ხელმძღვანელობს, ისეთი ადამიანები მიიყვანოს, მათი ხელმძღვანელობა არ გაუჭირდეს.

ჩვენ დავინტერესდით, დამთმობი ან ყურმოჭრილი ადამიანებით გუნდის დაკომპლექტება უფრო ბიზნესის სქემაა, თუ პოლიტიკის, რადგან, როგორც წესი, პოლიტიკაში დათმობა თვითონ პოლიტიკოსს, როგორც ადამიანს, ანადგურებს. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ განმარტა, რომ თვით პატარა ოჯახშიც კი ვიღაც არის ლიდერი და ცოლი, ან ქმარი ცდილობს, ლიდერობას მიაღწიოს. უფრო მეტიც, ბავშვიც კი ცდილობს, მიაღწიოს დათმობას მეორე მხარის მხრიდან, ეს ადამიანური მოვლენაა და ქართველებს არ უნდა გვიკვირდეს. თუმცა გარდა დათმობისა, არის კიდევ მეორე სურვილი, რომელიც უდავოდ ექნება ყველა ხელმძღვანელს, რომ სწორედ იმ გუნდმა მოიგოს, რომლითაც პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას აპირებს.

„ამიტომ რომელი უფრო მნიშვნელოვანი სურვილია, ეს კიდევ საკითხავია, რადგან, თუ დამთმობი ადამიანები იყოლიე, რომლებსაც მოგება არ შეუძლიათ, მაშინ შედეგს მაინც ვერ მიაღწევ და რად გინდა ასეთი დამთმობი ადამიანები? რაც შეეხება მოგების უნარიანობას, საპრეზიდენტო არჩევნებმაც გამოავლინა ამ საკითხის ზოგიერთი თავისებურება. კერძოდ, ახალგაზრდათა ის გუნდი, რომელიც ახლა შეადგენს „ოცნების“ ძირითად ბირთვს, არ აღმოჩნდა მოგების უნარიანი. მათ პირველი ტურისთვის ზურაბიშვილის მოგება ვერ უზრუნველყვეს. ისევ ივანიშვილს დასჭირდა ძველი გვარდიის თანადგომა. ფაქტობრივად, ძველი გვარდია არის ის ხალხი, რომელიც ამ ახალგაზრდების უკმაყოფილოა, ფეხი აქვს ადგმული და მიდის „ოცნებიდან“. ასე რომ, თუკი დარჩა ივანიშვილი ახალგაზრდების ამარა, მან შეიძლება ვერ მიიღოს მომგებიანი გუნდი, ანუ გუნდი, რომელსაც მოგების უნარი ექნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გამორიცხავს, ირაკლი კობახიძის „ქართულ ოცნებაში“ შესვლით რომელიმე ნორმალური ახალგაზრდა დაინტერესდეს.

„ვინ მივა ახალი სახიდან ნორმალური ირაკლი კობახიძის „ქართულ ოცნებაში“? ვინც არიან, ისინიც გარბიან. წარმოგიდგენიათ, ვინმე საღად მოაზროვნე კობახიძესთან მივიდეს და მისი ნების ქვეშ იმუშაოს? ეს ხომ ილუზიაა“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში გია ხუხაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, მაშინ 2020-ში ვის იმედად აპირებს „ქართული ოცნება“ გამარჯვებას, განმარტავს, რომ „ოცნებას“ ახალი სახეების მიღების სურვილი აქვს, მაგრამ თვითონვე დაინახავენ, რომ ეს განუხორციელებელი სურვილია“.