„წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, პრივილეგირებულობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!“

„წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, პრივილეგირებულობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!“

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. მამუკა ხაზარაძემ ტრიბუნიდან ღიად განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, შსს მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც გიორგი გახარია საქართველოში და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში რეპუტაციის განადგურებით ემუქრება.

ხაზარაძე ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები შს მინისტრის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. ხაზარაძე პირობას დებს, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის თაროზე შემოდების უფლებას არავის მისცემს.

ხაზარაძემ ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე და იმ წერილებზე, რომელიც ბანკიდან მიიღო. ხაზარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მას აშანტაჟებდა და როგორც ხელმძღვანელობის, ასევე სამეურვეო საბჭოს დატოვებას სთხოვდა. ხაზარაძე ამბობს, რომ მას თანამდებობა ზეწოლის გამო არ დაუტოვებია. მისი თქმით, გადაწყვეტილება კამბოჯაში მიმავალმა მიიღო და ეს ერთადერთი გზა იყო, რათა ბანკი გადარჩენილიყო.

„ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში, ან სასწრაფოდ შეწყვიტონ, თაროზე ამ საკითხს არ შემოვადებინებთ. არ მინდა პროკურატურა გვაშანტაჟებდეს პრესკომფერენციებით. მე მოვუწოდებ, სასწრაფოდ გამოვიდნენ, დასხდნენ და თქვან, რას ქვია ფულის გათეთრება. ამოიღონ კანონმდებლობა და ზუსტად თქვან.

თუ ეს საქმე თაროზე შემოიდება, არ დავთმობთ ერთი წამით, ერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება, იდება თაროზე და ადამიანებს არ აქვთ საშუალება პასუხი გასცენ, ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი, რადგან ადამიანი პატარაა, ეს უნდა შეწყდეს. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, ვინაიდან ეს არის გაცილებით მეტზე დარტყმა, დარტყმა საქართველოზე და პერსპექტივაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის სკანდალური ბრალდებების შემდეგ, უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი დაინტერესდა, რატომ არ გადასცა წერილი საგამოძიებო უწყებას, რადგან დეპუტატის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილის შესახებ პროკურატურისთვის არაფერი უთქვამს. საპასუხოდ ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმირებული იყო.

ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკითხვისას საგამოძიებო უწყებას ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არც გამოძიება დაწყებულა და ფაქტით არავინ დაინტერესებულა.

„საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. და ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე არ აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერილის ზუსტი შინაარსით დაინტერესდა. ხაზარაძე მას დაჰპირდა, რომ წერილს აუცილებლად გაასაჯაროებდა, თუმცა არა ჟურნალისტებთან.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, სადაც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება. რადგან ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ რაღაც ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრალდებას უარყოფს შს მინისტრი. გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მისვლისთვის მზად არის. გახარია ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ თემაზე კომუნიკაცია არავისთან ჰქონია.

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, სხვა ყველაფერი არის ტყუილი. წერტილი. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხაზარაძის სკანდალური განცხადების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლის აუცილებლობაზე საუბრობს. უმრავლესობა ახლა კობა გვენეტაძისგან ელოდება პასუხს ბარალდებებზე, რომელიც ხაზარაძემ პარლამენტში გაახმოვანა.

დეპუტატი რომან კაკულია კოლეგებს მოუწოდებს, ვიდრე „თიბისი ბანკის“ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, ნეიტრალურობა შეინარჩუნონ.

„ამ პროცესში ნეიტრალურები უნდა ვიყოთ და ჩვენ სწორი პროცესი უზრუნველვყოთ. სწორ პროცესში, რა თქმა უნდა, შეკითხვები უნდა დასმულიყო. ახლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიციის გამოხატვას ველოდებით. ფორმატზეც შეიძლება შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში დეპუტატებმა გაიგონ, როგორია ეროვნული ბანკის პასუხები. აქ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც გაჟღერდა. უკვე ამას პოლიტიკური დატვირთვა შეძენილი აქვს, ეს ვინმეს მოწონს, თუ არა. აქედან გამოსვლა უმტკივნეულოდ და სწორად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხი არსებობს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გიორგი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. რომან გოცირიძის განცხადებით, „თიბისი ბანკზე“ შეტევას მრავალმხრივი ხასიათი ჰქონდა, მათ შორის გოცირიძის თქმით, ეს იყო პოლიტიკურად პოტენციური კონკურენტების ჩამოშორებაც.

„კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ბიზნესზე უპრეცედენტო ზეწოლის მომსწრენი გავხდით. „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათზე შანტაჟს ახორციელებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ჰქონდა მრავალი მოთხოვნა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხასიათისაც და ამ მოთხოვნებს იგი წერილობითი ფორმით წერდა.

შანტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს ბატონი ხაზარაძის ხელთ. ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, წარმოუდგენელი ძალადობა. ამიტომ, მოვითხოვთ, დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ამ განხილვიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს, „თიბისი ბანკის“ და თუნდაც ანაკლიის პორტის პროექტის საკითხს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს „ევროპული საქართველო“. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხაზარაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეაგირების გარეშე ვერ დარჩება, ვინაიდან იკვეთება მაღალი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი ქმედებები. გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

„საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იკვეთება ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა უკანონო და სისხლის სამართლებრივი ქმედებებისთვის. ეს ინფორმაცია ასე ვერ დარჩება. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა, ეს არის თემა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ეს არის თემა, რომელზეც საჯაროდ მოვისმინეთ მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი.

პასუხის გამცემი და მომკითხავი ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა გააჩნია. ამიტომ თუ ხელისუფლება ოდნავ მაინც მართალია ამ პროცესში და სურთ ამ თემის ჩამორეცხვა, ერთადერთი გზა არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მინდა მოვუწოდო უმრავლესობას – თუ მათ რამე აქვთ სათქმელი, არ გაუწიონ წინააღმდეგობა კომისიის შექმნას“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ აისბერგის თავია და მთლიანობაში მისი შეფასება ძნელია. მისი თქმით, თვითონაც მიბაძავს ხაზარაძეს, რომელმაც თქვა გაუგებარია, რატომ მოხდა ასეთი ორკესტრირებული შეტევა.

„ვიტყვი, რომ ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ მოხდა მსგავსი ორკესტრირება, რაც თავისთავად არსებულ ვითარებაში სახეზეა. ის რომ პროკურატურამ დაიწყო უკვე ძიება ამ ინფორმაციაზე, უმრავლესობის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს უფრო დეტალური ინფორმაცია, ეს ორივე ხაზი მიუთითებს იმაზე, რომ ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ აისბერგის თავია და მთლიანობაში მისი შეფასება ძნელია.

რთულია იმის შეფასება, თუ რა მოხდა, რადგან ჯერჯერობით ბუნდოვანია ბევრი რამ. ალბათ, გარკვეულ პოზიციას გახარიაც დააფიქსირებს და რაღაცები გაირკვევა. ყოველი შემთხვევისთვის მე, როგორც მრჩება შთაბეჭდილება, ხაზარაძე ზოგადად ყოველთვის ფრთხილი კაცი იყო და თავს არიდებდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში თუ პოლიტიკურ კონტექსტში შესვლას“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის წერილის მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, მისი თქმით, ამის გარდა, ჩნდება მთავარი შეკითხვა, სისხლის სამართლის საქმის მასალების პროკურატურიდან მედიაში გაჟონვასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, საერთო შთაბეჭდილება უმძიმესია, ყველა მიმართულებით დაპირისპირებაა და ამ ქვეყანაში ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინტერეს–ჯგუფების ძალაუფლება.

„უკვე კონკრეტული თემების კომენტირებაც კი მიჭირს. მე მითქვამს, რომ რაღაც უცნაური ბაბილონის „გოდოლი“ აშენდა, რომელმაც დაიწყო ნგრევა და ჩვენი მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ის, რომ ამ ყველაფრიდან რაღაც მაინც მაქსიმალურად გადავარჩინოთ. ფაქტი ერთია, რომ სისტემური შეტევა განხორციელდა. სისტემური შეტევა მიმდინარეობდა ბანკზე. ქრონოლოგიას რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, გაჟონვით დაწყებული საქმე. გუშინ პროკურორის კომენტარი მოვისმინე, რომ ისინი იძულებული გახდნენ, რომ განცხადება გაეკეთებინათ, იმიტომ რომ მოხდა გაჟონვა.

ეს არ იყო უბრალო „გაჟონვა“. ერთ–ერთმა სააგენტომ ფაქტობრივად, მთელი სისხლის სამართლის საქმე დეტალურად აღწერა. მე მიჩნდება კითხვა, თვითონ ამ „გაჟონვის“ ფაქტზე თუ აღიძრა საქმე? იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად, მთლიანად მოხვდა რომელიღაც მედიის ხელში და თუ აღძრეს საქმე, რომელმა თანამშრომლებმა მოაწყეს ეს გაჟონვა?“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.