„ქართული ოცნებიდან“ „ქართული ოცნების“ გარიცხვის პროცესი მიმდინარეობს“

„ქართული ოცნებიდან“ „ქართული ოცნების“ გარიცხვის პროცესი მიმდინარეობს“

ძველი გვარდია „ქართული ოცნების“ სამსახურზე უარს აცხადებს და კრიტიკულ განწყობას არ მალავს: „თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ“, - სწორედ ასე მიმართავს მმართველ პარტიას „დაიცავი საქართველოს“ თავმჯდომარე, პოეტი დავით მაღრაძე და დასძენს, „მაკედონელიც კი ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს“.

მომღერალი და მსახიობი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი აცხადებს, რომ ეცოდება ბიძინა ივანიშვილი და მას კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობს, გაიწიოს გვერდზე და „ოცნების“ ოპოზიციაში წავიდეს.

რას ნიშნავს მმართველი გუნდის მიმართ ძველი გვარდიელების მხრიდან გამოთქმული საყვედურები, რატომ უნდა ჩაჰკიდონ ერთმანეთს ხელი „ნაციონალებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა გავისტუმროთ ორივე მათგანი პოლიტიკიდან, ამის შესახებ For.Ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

დავით მაღრაძის, გია გაჩეჩილაძის, თუნდაც თქვენს კრიტიკულ მოსაზრებებს ხომ არ მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ, თუკი ძველი გვარდია შემოეცლება ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ვინ იქნება თავად ივანიშვილი? ეს ხომ ის ძველი გვარდიაა, რომელთა მხრებზეც ბიძინა ივანიშვილი იდგა, როდესაც პოლიტიკაში პირველად შემოვიდა და ახლო წარსულშიც დახმარებისთვის მათ ხელმეორედ მოუხმო.

- ჩემზე რომ არაფერი ვთქვათ, თქვენს მიერ დასახელებული ადამიანებისთვის ბოლო წვეთი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე გადმოიბარა ის მანკიერი სისტემა, რომელსაც ერთად ვებრძოდით. ამ ბრძოლაში სწორედ ის იყო მთავარი, რომ ჩვენ მიშა სააკაშვილს პირადად კი არ ვებრძოდით, არამედ ჩვენ ვებრძოდით იმ მანკიერებას, რაც სააკაშვილის მიერ იყო დაფუძნებული. ყველაფერი, მათ შორის, კოლექტიური მურუსიძე, სისტემური მანკიერება ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა და ეს გახდა პრობლემური „ოცნებისთვის“.

ბოლო მომენტამდე ამ ადამიანებს კიდევ ჰქონდათ იმედი და ილუზია, რაღაც შემობრუნება დაიწყებოდა და მართლმსაჯულება მაინც არ აღმოჩნებოდა ასეთ სავალალო მდგომარეობაში. როგორც ჩანს, ეს გახდა მათთვის ბოლო წვეთი, რომ ასეთი ფორმით გამოეთქვათ თავიანთი პროტესტი. რეალურად, ჩვენ კი არ განვუდექით ბიძინა ივანიშვილს, არამედ ის განუდგა იმ პრინციპებს, რასაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვემსახურებოდით. ათვლის წერტილად ჩვენ არასოდეს არ უნდა ავიღოთ კონკრეტული პიროვნება და მის მიმართ დამოკიდებულებით არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ პრინციპებზე. მე ამ პრინციპებისთვის არასდროს გადამიხვევია. ჩემთვის ემოციურად, ადამიანურად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა იოლი არ არის, როგორც ბევრჯერ მითქვამს, ადამიანური სენტიმენტები მის მიმართ დღესაც მაქვს, მაგრამ არსებობს უფრო მაღალი ღირებულება, მაღალი ფასეულობა, რომელიც მასზეც და ჩემზეც უფრო დიდია. მე ისევ იქ ვარ დღეს, სადაც ვიყავი მაშინ, მან კი გადაუხვია ამ იდეალებს. ვიღაცამ ეს ცოტა ადრე დაინახა, ვიღაცამ გვიან, მაგრამ პროცესი აბსოლუტურად კანონზომიერია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ დროის ათვლის პარალელურად, „ოცნებისდემოკრატიულობის ხარისხიც ეცემა - გვახსოვს სხვადასხვა საქმე, კაბელების საქმე, ციანიდის საქმე, ახლა ხაზარაძის საქმე, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეები...

- ბუნებრივია, დემოკრატიულობის ხარისხი ეცემა და ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ მიშა სააკაშვილის სისტემის სრული სამართალმემკვიდრე გახდა. წინა რეჟიმისთვის დამახასიათებელი ყველა მანიკიერება გადმოიბარა და ახლა უკვე მიმდინარეობს „ოცნებიდან“ „ოცნების“ გარიცხვის პროცესი, რადგან რეალურად „ოცნება“ ხომ ის ძველი გვარდიაა, თქვენ რაზეც საუბრობდით. იქ მხოლოდ ახალი „ნაციონალები“ რჩებიან. ფაქტობრივად, „ოცნების“ ნაცვლად მივიღეთ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, საიდანაც „ოცნების“ ბოლო ნარჩენებიც კი გადიან და რჩება სტერილური, მანკიერი სისტემა. ძალიან სევდიან პროცესში ვიმყოფებით ახლა. თქვენ ივანიშვილის სიბრალული ახსენეთ და ემოციურად ბიძინა ივანიშვილი მეც მეცოდება, რადგან ის აღმოჩნდა ამ ყველაფრის მძევალი. მან ააშენა ბაბილონის გოდოლი, რომელიც ახლა გარდაუვალი ნგრევის პროცესშია. თეორიულად შეიძლება ამ გოდოლიდან რამე გადარჩეს, მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვატყობ, ივანიშვილი რეალურ პრობლემებს თვალს უსწორებდეს, არათუ გამოსავლის ძიებაზე ფიქრობდეს.

ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პლატფორმის - „სამართლიანი საქართველოსდაარსებას აპირებს. გამოდის, ბესელიამ საზოგადოების მაჯას უფრო ზუსტად ჩასჭიდა ხელი, რადგან იცის, რა არის ხალხის დაკვეთა, ხოლო ბიძინამ არ იცის, ან დაავიწყდა, რა არის უმთავრესი დაკვეთა?

- დანარჩენი თინეიჯერებისგან განსხვავებით, ბესელია პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა და მიება სწორ თემას იმისთვის, რათა ახალი პოლიტიკური პლატფორმით თავი მაინც გადაირჩინოს. უფრო დიდი რამის გადარჩენა შეუძლებელია. პოლიტტექნოლოგიურად ბესელია აბსოლუტურად პრაგმატულად, კარგად გააზრებულად მოიქცა.

თავის დროზე, როდესაცნაციონალებისცხრაწლიანი მმართველობა ფინალს უახლოვდებოდა, ბრძოლით დასუსტებულ ოპოზიციას ბიძინამ აჯობა ფინანსებით, სახელით. იმ პერიოდში ბურჯანაძე, ინაშვილი და სხვები განზე გადგნენ დაოცნებამოვიდა ხელისუფლებაში. ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული იმპერია, თქვენებურად ბაბილონის გოდოლი, ინგრევა სწორედ საკრალური მეცხრე წელიწადის მოახლოებასთან ერთად. საინტერესოა, ვინ იხეირებს ახლა ამ პროცესით?

- ეს ძალიან რთული პროცესია, გამიჭირდება რამის თქმა, ჩვენი საზოგადოების ფუნქციაც ის არის და სწორიც იქნება ქვეყნისთვის, რომ ორივე გავუშვათ პოლიტიკიდან, ორივე ერთად გავისტუმროთ - ბიძინაც და მიშაც, რადგან ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ჩვენ ამას ვხედავთ ე.წ. ორპოლუსიანობით. ეს იქნება გამოსავალი. ამიტომ, თუ მათ ეს ქვეყანა რამედ უღირთ, ჩაჰკიდონ ხელი ერთმანეთს და თავი დაგვანებონ. დანარჩენს მერე ჩვენ თვითონ დავალაგებთ. უნდა ვეცადოთ, ასეთი გზით წავიდეთ, მაგრამ ამ სურვილისგან რა გამოვა, არ ვიცი.

თქვენ გამოსავალს ბიძინას და მიშას გასტუმრებაში ხედავთ, მაგრამნაცმოძრაობისდაბრუნების სცენარიც, ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

- სამწუხაროდ, მე ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, რადგან „მგელი მოდის“ ძახილი ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე დასრულდა.
„მიშა ჩამოვა“ და სისხლიანი 9 წლის რიტორიკა, რბილად რომ ვთქვათ, დღევანდელი „ქართული ოცნების“ მხრიდან არადამაჯერებელია. აღარავის ეშინია მგლის და ბევრი უკვე მგელს ხედავს არა მიშაში, არამედ დღევანდელ „ქართულ ოცნებაში“. ასე რომ, ეს ისტორია უკვე დასრულებულია. ამ ფონზე „ნაცმოძრაობასაც“ სერიოზული შანსები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვოს, ანუ 50%-ზე მეტი მიიღოს, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ ნამდვილად ეძლევა იმის შანსი, მომავალ ხელისუფლებაში თავისი ადგილი იპოვოს, არა მონოპოლიური, არამედ რაღაც სეგმენტი მონახოს.

ირაკლი კობახიძის პერსონაზეც მინდა გკითხოთ, მის შესახებ ამბობენ, რომ უჭირს კომუნიკაცია. სულ ახლახანს ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმაც აღნიშნეს, რომ უცნაური იყო მათი შეხვედრა კობახიძესთან, რადგან მან ფაშისტურ რეჟიმთან გააიგივა კონკრეტული მოსამართლეები და აღნიშნა, რომ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ფაშისტებიც კარგები გახდნენ.

- საერთოდ, კობახიძე დიდი გაუგებრობაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ აღარ აქვს მნიშვნელობა, კობახიძე იქნება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარია, რომ ტოტალური ნგრევის პროცესი მიმდინარეობს.

ამბობენ, ივანიშვილი თამარ ჩუგოშვილით ჩაანაცვლებს ირაკლი კობახიძეს. ის როგორი თავმჯდომარე იქნება?

- გარდამავალ ეტაპზე ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროცესს ვეღარ აჩერებს, ამით არაფერი იცვლება. არ მაქვს იმის ილუზია, ეს წავა და უკეთესი მოვა და ამით რაღაც გამოსწორდება. პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე პარლამენტშია ეს შარიშური.

შეგვიძლია თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილიც გაიხურავს კარს და ისიც წავაქართული ოცნებიდან?“

- „ქართული ოცნებიდან“ რომ „ქართული ოცნების“ გარიცხვის პროცესი მიმდინარეობს, ეს ფაქტია, მაგრამ ბიძინა ამას ვერ გააკეთებს, რადგან მისი ნებით ხდება ეს პროცესები.

სოციალისტი ეს კაცი მაგარი გაუგებრობაა. ერთი ამის ნათქვამი და გამართლებული პროგნოზი არ მახსოვს. ყველაზე მეტად ის მიკვირს რით პოაწონა თავი ემა ტუხიაშვილს, ბატონი გიას გარშე ვერც ერთ საღამოს რომ ვერ ატარებს?! )))
4 თვის უკან
გამი ბაბილონის გოდოლის რომელი სართულიდან ქადაგებს? "ძველი გვარდია ვართო", ბებიათქვენისამ, თქვენც ნაპოლეონის გვარდია ხართ, რა!!!
4 თვის უკან
გამი ბაბილონის გოდოლის რომელი სართულიდან ქადაგებს? "ძველი გვარდია ვართო", ბებიათქვენისამ, თქვენც ნაპოლეონის გვარდია ხართ, რა!!!
4 თვის უკან