„ჩვენ ვიცით ვინ ზის კომპიუტერებთან, საიდანაც ჩვენს წინააღმდეგ იმართება დიდი შეტევა სოციალურ მედიაში“

„ჩვენ ვიცით ვინ ზის კომპიუტერებთან, საიდანაც ჩვენს წინააღმდეგ იმართება დიდი შეტევა სოციალურ მედიაში“

მამუკა ხაზარაძისა და და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის დაკითხვას გეგმავს. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც საქმესთან შემხებლობაშია. „თიბისი ბანკის“ საქმეზე უახლოეს მომავალში პროკურატურა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს და ასევე მის წინამორბედს, დავით ამაღლობელს დაკითხავს.

ქადაგიძესთან და ამაღლობელთან პროკურატურას კითხვები აქვს, ამ პერიოდში რატომ ვერ აღმოაჩინა ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკში“ განხორციელებული საეჭვო ტრანზაქცია, მაშინ, როცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სავალდებულო მონიტორინგი 2 წელიწადში ერთხელ ევალება.

დილიდან, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ხმაურიან სხდომას, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შანტაჟში დაადანაშაულა, თავად კობა გვენეტაძე არ ესწრება. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მას კატეგორიულად დაუსვა საკითხი, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყვნენ. მისი თქმით, კობა გვენეტაძისგან მოითხოვა მიეღო ისეთი წერილი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბანკში კრიმინალური არაფერი მომხდარა, რაც არ მოხდა.

გარდა ამისა, როგორც მამუკა ხაზარაძემ განცხადა, არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო შს მინისტრისგან. წერილში გიორგი გახარია პირდაპირი მუქარით ეუბნებოდა, რომ მათ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს.

„წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ.

პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება, რაც მოხდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერ შეტევა იმ ოფისებიდან განხორციელდა, საიდანაც ე.წ. ბოტები იმართება.

„საეჭვოდ დაემთხვა 4 უწყების შემოსვლას „თიბისი ბანკზე“ ივლისის თვეში განხორციელებული კიბერ შეტევა. მინდა გითხრათ, რომ „თიბისი ბანკი“ გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენ ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც მარტო ფოკუსირებულია საინფორმაციო უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე.

ჩვენ არა მხოლოდ დავიცავით ბანკი ამ კიბერშეტევისაგან და არა მხოლოდ დავიჭირეთ ეს სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის კომპიუტერთან. თბილისში, ცენტრალურ გამზირზე. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები, საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება და ასე ვთქვათ, ასეთი დიდი შეტევა ჩვენს მიმართ იქიდან მოდის“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამის მერე ხუთი წერილი მისწერა შს მინისტრს კითხვით, თუ სად დგას გამოძიება.

„ერთი კვირის წინ, მივიღეთ ვიღაც გამომძიებლის პასუხი, რომ თურმე კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე. კიდევ ვიმეორებთ, ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ვინ ზის ამ კომპიუტერებთან. სავარაუდოდ, აქედანვე იმართება და მოდის ის დიდი შეტევა სოციალურ მედიაში, რომელიც ჩვენს მიმართ განხორციელდა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა „თიბისი ბანკის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის განცხადებით, პორტს უკვე ძალიან დიდი ზიანი მიადგა იმ რამდენიმე განცხადებით, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

„რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება კერძო–საჯარო პარტნიორობის გარეშე. ეს შეუძლებელია. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი პროექტი. ჩვენ დღეისათვის, ვფიქრობ, რომ კარგი ტემპით მივდივართ, უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა ასეთი ტიპის დაპირისპირება და ასეთი ტიპის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობა, გინდა თუ არ გინდა, დიდ ზიანს აყენებს თავად პროცესს.

ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარი თანხის მოზიდვაზე, ამიტონ მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც ანაკლიის ბედი აღელვებს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადაიდგას, რომელიც ძალიან ფაქიზ და უმნიშვნელოვანეს ე.წ. ფანდრაიზინგის პროცესს ზიანს მიაყენებს. თუმცა რამდენიმე განცხადებით, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ძალიან დიდი ზიანი უკვე მიადგა პროექტს. ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ის კორპორაცია და მხარდაჭერა, რომელიც გვჭირდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხმაურიან სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ბევრი რამ თქვა და როგორც ამბობს, კიდევ ბევრს იტყვის. ხაზარაძე მოითხოვს დადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე მოითხოვს შეიქმნას სპეციალური კომისიაც. ხაზარაძის სკანდალურ განცხადებებზე პასუხი არ აქვთ მმართველ გუნდში.

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ შეთქმულებების თეორიებს ვერ აყვება. როგორც კოვზანაძე ამბობს, არსებობს ბანკის დამფუძნებლებისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ხელშეკრულება, სადაც ბანკის აქციონერებმა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტეს და გაწერეს სამოქმედო გეგმასთან ერთად ვალდებულებები.

„შეიყვანონ დამოუკიდებელი დირექტორები სამეთვალყურეო საბჭოში, ეს არის უმნიშვნელოვანესი. მათ გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები „თიბისი ბანკის“ განვითარებისთვის და ამას აღიარებს ეროვნული ბანკიც. მე შეთქმულების თეორიას ვერ ავყვები. ვხედავ, იმ ერთობლივ წერილს, რაც ჩემს წინ არის. ეს არის ერთობლივი წერილი, ეროვნული ბანკის და „თიბისი ბანკის“, რომ მათ უნდა განავითარონ მართვა, თიბისიმ უნდა გადაიხადოს ჯარიმა – ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი ფინანსური მდგრადობისა“, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.