ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი, ასევე ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები დაურიგეს, რასაც რაიონის გამგეობაში შესაბამისი თანამდებობის პირებმა 1991 და 2008 წლების მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების მოტივით ახსნეს. დახმარება ჭიათურის ყველა სოფელში დარიგდა. ამ ფაქტმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაღიზიანება გამოიწვია. თითოეული მათგანი ამას დახმარებას კი არა, მოსყიდვას მიაწერს. ჩვენ შევეცდებით ამომწურავად მოგახსენოთ აღნიშნული პარტიების პოზიცია და ქმედებები, ამ შემწეობასთან დაკავშირებით.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა მალევე მოახდინეს რეაგირება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ წერეთელმა რამდენჯერმე მიმართა წერილით ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვა მათგან მიეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, ტერიტორიულ ერთეულებში შემავალი სოფლების მიხედვით დახმარების მიმღებ პირთა სია, დახმარების ოდენობა, რომელსაც ღებულობს დახმარების მიმღები თითოეული პირი (როგორც ფულადი, ისე ნატურალურ ღირებულებაში) და ა.შ.
მათ ასევე მიმართეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო სადამკვირებლო მისიებს, რათა დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით და შესაბამისად ემოქმედათ. პარტიის წევრებმა სიტყვით მიმართეს რაიონის მოსახლეობასაც და სთხოვეს, რომ ნუ გაყიდიან ხმებს, საკუთარ მომავალს და სამშობლოს. „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დახმარება რიგდება იმ სოფლებშიც, სადაც მიწისძვრა არ მომხდარა და მოსახლეობა არ დაზარალებულა (მაგალითად, სოფელი გეზრული). ამასთან ერთად, ეს დახმარება ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს – ეხმარებიან მას, ვინც ხელისუფლების მომხრეა, რაც იწვევს მოსახლეობის ორად გახლეჩას და ხდება ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი და ძალიან ბევრი კითხვა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ცალკე თემად განიხილავს საკითხს, რომ 1991 წლის მიწისძვრით განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებში (ონი, საჩხერე) დაზარალებულთათვის ასეთი დახმარება არ არის გათვალისწინებული. ანუ მათი დასკვნა ასეთია - ეს არის არა დახმარება, არამედ წინასაარჩევნოდ ადამიანთა მოსყიდვა. მალხაზ წერეთელმა რამდენჯერმე მიმართა შეკითხვით მუნიციპალიტეტის გამგეობას. კერძოდ კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს იასონ (ნუკრი) ჭუმბურიძეს და “ნაციონალური მოძრაობიდან“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პროკოფი (გოგი) ჩიკვილაძეს. თუმცა მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიუღია.
მალხაზ წერეთელს საკრებულოდან ასეთი შინაარსის წერილი მოუვიდა:
“ჭიათურის მუნიციპალიტეტს გამოეყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N895 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში 1991 და 2008 წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად პირველი და მეორე კატეგორიების დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური დახმარების გასაწევად 20000 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის N972 განკარგულებით 5570 ათასი ლარი (მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის მისაცემად), ხოლო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 2012 წლის 13 ივლისის N13/07/06 განკარგულებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად 7900 ათასი ლარი, 2012 წლის 18 ივლისის N18/07/04 განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 3000 ათასი ლარი და 2012 წლის 26 მაისის N26/07/08 განკარგულებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად 2000 ათასი ლარი.
რაც შეეხება პროდუქტისა და სამშენებლო მასალების მოსახლეობისთვის გადაცემას, მას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა. ამდენად, საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით უნდა მიმართოთ მუნიციპალიტეტის გამგეობას“.
როგორც ვხედავთ, პასუხი აშკარად არადამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას იწვევს.
რაც შეეხება პარტია „თავისუფალ საქართველოს“ - მისი წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჯაფარიძე ამ ფაქტს მოსყიდვად აფასებენ, მაგრამ ამ ფაქტზე რეაგირებას არ აპირებენ, რადგან ამაში ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავენ. ფიქრობენ რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მაინც არაფერი შეიცვლება. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი გამგეობისთვის არ მოუთხოვიათ.
სიტყვასიტყვით გადმოგცემთ იმ განცხადებას, რომელიც ამასთან დაკავშირებით ბატონმა ჯაფარიძემ გააკეთა:
„ქალაქ ჭიათურაში არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ მსჯელობა აბსურდია. მოგეხსენებათ რაიონში დაიწყეს ფქვილის, შაქრისა და ზეთის დარიგება, რომელსაც აძლევენ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, რამაც ხალხში ძალიან ცუდი რეაქცია გამოიწვია. ჩემი სოფლის, ხრეითის მაგალითზე გეტყვით. უბანში, სადაც მე ვცხოვრობ განაცხადეს, რომ იქაურებს არ დაეხმარებიან, რადგან მათი უბნის მცხოვრები (ანუ მე) კენჭს იყრის და თქვენ ხმას მაინც მას მისცემთო. რა თქმა უნდა ეს წინასაარჩევნო ქრთამია. ასევე მოგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს სოფელ საფარის დასახლებაში დარიგდა სამწვადე და სხვა პროდუქტები, ღვინოსთან ერთად, სადაც მთელი უბნის მოსახლეობა აქეიფეს. გარდა ამისა სოფლებში დადიან ეკლესიის მსახურები და ეწევიან აგიტაციას. მაგალითად 5 და 6 სექტემბერს სოფელ ხრეითში მოდის ეკლესიის მსახურთა ბრიგადები, რომლებიც ეწევიან აგიტაციას “ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოოდ, აკურთხებენ სახლებს და ნათლავენ მოუნათლავ ბავშვებს. ამ ყველაფერს კი აწერენ დღევანდელ ხელისუფლებას. სხვა სოფლებშიც გრაფიკის მიხედვით ხდება ყოველივე ზემოთ ნაამბობი, რასაც არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აქცევს ყურადღებას".
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აცხადებენ, რომ ეს იყო სრულიად კანონიერი დახმარება, რომელიც გამოიყო მხოლოდ და მხოლოდ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის; ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო მუშაობა მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ძალიან დიდი მცდელობისა და შრომის შედეგად როგორც იქნა ამ ადამიანების დახმარება მოახერხეს; “ვამაყობთ, რომ ვერც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც გაუკეთა ჭიათურლებს თავისმა გამგეობამ“.
მათ სიტყვა „მოსყიდვა“ კატეგორიულად უარყვეს. აქ ამბობენ, რომ სპეციალურად ამ საქმისთვის იყო დაქირავებული აგენტთა ჯგუფი, რომელმაც სათითაოდ შეამოწმეს დაზარალებულთა სახლები, მიანიჭეს შესაბამისი კატეგორიები და ამის მიხედვით გასცეს დახმარებები.
რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი აცხადებს, რომ ეს იყო მოსყიდვა, ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს. თუმცა, არის კიდევ მესამე კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარია დაეხმარნენ, ვინ იყო ეს და რა მიზნით გამოიჩინა ქველმოქმედება, სულ ერთია, არც იციან და არც არაფერი უკითხავთ ამ მოწყალების გამღები ადამიანებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეებს ჩვენთან საუბრისას ემჩნეოდათ შიში და დაძაბულობა. განსაკუთრებით განაწყენებულია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დახმარების გარეშე დარჩა.