ავა გარდნერი და გრეის კელიდან მერილინ მონრომდე: ფრენკ სინატრას 7 საყვარელი ქალი

ავა გარდნერი და გრეის კელიდან მერილინ მონრომდე: ფრენკ სინატრას 7 საყვარელი ქალი

ფრენკ სინატრას მომხიბვლელი, მელოდიური ბარიტონი დღესაც სასიამოვნო მოსასმენია. სიმპათიურ იტალიელს მაფიასთან კავშირსა და ლამაზმანებთან რომანებს მიაწერენ... ამბობენ, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ გამორჩეულად 7 ქალთან აკავშირებენ.

ნენსი ბარბატო

ფრენკის პირველი სიყვარული ნენსი იყო, რომელზეც 24 წლის მომღერალი დედის დაჟინებული მოთხოვნით დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა - 1940 წელს ნენსი სანდრა და 4 წლის შემდეგ ფრენკლიმ უეინი. ოჯახი ლოს-ანჯელესში დასახლდა, ჰოლივუდთან ახლოს. ფრენკი საზოგადოებაში მუდამ მარტო ჩნდებოდა. უცებ მოიპოვა სექსსიმბოლოს იმიჯი და მომენტალურად გაიკეთა კარიერა. 1942-1949 წლებში მისი ფირფიტები მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა. ყოველი მეორე სიმღერა ჰიტი იყო. ნენსიმ, რომელიც ქმრის მორჩილი ცოლი იყო, მერილინ მაქსველთან მის რომანს ვერ შეეგუა და პირველი ოჯახური სკანდალი მოუწყო. გადაწყვეტილი ჰქონდა, ქმარს გაყროდა და აბორტი გაეკეთებინა, მაგრამ წყვილი შერიგდა და მათი მესამე შვილი კრისტინა დაიბადა. თუმცა ავა გარდნერმა მათი ოჯახი დაანგრია.

ავა გარდნერი

ჰოლივუდში ავას ასე ახასიათებდნენ: "ანგელოზის სახე და ღვთაების სხეული". ფრენკის გაცნობამდე ქალი ორჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ წარუმატებლად. ერთმანეთი ფილმის "მამაკაცები უპირატესობას ქერათმიანებს ანიჭებენ" გადაღებისას გაიცნეს. ფრენკს გონების დაკარგვამდე შეუყვარდა ქალი, ცოლს განქორწინება მოსთხოვა და ავაზე დაქორწინდა. ქორწილი ფილადელფიაში გადაიხადეს, თაფლობის თვე მაიამიში გაატარეს. ისე ჩქარობდნენ, რომ ბარგი დაავიწყდათ. ავამ საქორწინო საჩუქრად წაულის ქურქი მიიღო საფირონისთვლიანი შესაკრავით, ფრენკმა - ოქროს მედალიონი ავას ფოტოთი. ერთად 6 წელი გაატარეს, დაშორდნენ, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ.

გრეის კელი

1956 წელს, ფილმის "უმაღლესი საზოგადოება" გადასაღებ მოედანზე ფრენკმა გრეის კელი დაინახა და ერთი ნახვით შეუყვარდა. ხანმოკლე რომანი დასრულდა და იმავე წელს გრეისი მონაკოს თავადს გაჰყვა ცოლად. სინატრასთვის კი ის მუდამ დარჩა "ეპოქის ყველაზე კეთილშობილ ქალად", - როგორც მას ხშირად მოიხსენიებდა.

მერილინ მონრო

ფრენკმა და მერილინმა ერთმანეთი 1954 წელს გაიცნეს. მაშინ სინატრა ავა გარდნერის ქმარი იყო, მაგრამ როცა ქალს გასცილდა, მერილინს დაუკავშირა ბედი. მათი რომანი ორ წელიწადს გაგრძელდა. ფრენკი ზრუნავდა და საჩუქრებით (წაულის მანტო, თეთრი პუდელი) ანებივრებდა მერილინს, ძვირფას რესტორნებში პატიჟებდა, კალიფორნიის სანაპიროზე დაჰყავდა დასასვენებლად. როცა სინატრამ ქალს ცოლობა სთხოვა, მერილინმა უპასუხა: "ფრენკი, არ ვარ მზად, ცოლად გამოგყვე, მე აქ დიდხანს დარჩენა არ მიწერია". ამ სიტყვების არსი მომღერალმა ორი კვირის შემდეგ გაიგო, როცა მერილინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მია ფეროუ

1966 წელს 50 წლის ფრენკ სინატრა 21 წლის მია ფეროუზე დაქორწინდა. მია დამწყები მსახიობი იყო. ერთმანეთი შოუს, "პეიტონ-პლეისის" გადაღებისას გაიცნეს. ულამაზესი მია მამაკაცების მუდმივ აღფრთოვანებას იმსახურებდა, პროდიუსერები ახალ-ახალ ფილმებში იწვევდნენ. ფრენკი კი ისე ეჭვიანობდა, რომ სამსახიობო კარიერის მიტოვება და შინაურული საქმეების მოგვარება მოსთხოვა. ორი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა. ქალს ღრმა დეპრესია დაემართა.

ჯინა ლოლობრიჯიდა

ორი იტალიელის სიყვარული ერთმანეთისადმი იმდენად მგზნებარე იყო, რომ საზოგადოების წინაშეც კი ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. ლოლობრიჯიდა მზად იყო, ფრენკის გამო დაენგრია ოჯახი (მისი ქმარი პროდიუსერი მილკო სკოფიჩი გახლდათ და წყვილს 2 წლის ვაჟი ჰყავდა), მაგრამ მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა.

ბარბარა მარკსი

ერთმანეთი შარადების კონკურსზე გაიცნეს. ქმრის გამო ქალმა კათოლიციზმი მიიღო. ყოფილი "მის სამყარო" და მსახიობი ბარბარა მარკსი და სინატრა 1976 წლის 11 ივლისს დაქორწინდნენ. ქორწილში საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ როლანდ რეიგანი, კერკ დუგლასი, გრეგორი პეკი და სხვა ვარსკვლავები. ბარბარას გვერდით სინატრამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. მსახიობი და მომღერალი 1998 წელს გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა ჰოლივუდის ერთ-ერთ ლოველასად.