რა ტრაგედია გადაიტანა თინა მახარაძის დამ და რას საქმიანობს თამარ მახარაძე

რა ტრაგედია გადაიტანა თინა მახარაძის დამ და რას საქმიანობს თამარ მახარაძე

ჩემი დის საუკეთესო სამსახიობო დებიუტი “ჩემი ცოლის დაქალებში”, – ასე გამოეხმაურა მსახიობი თინა მახარაძე უმცროსი დის, თამარ მახარაძის გამოჩენას სერიალში. თამარმა მაყურებელი გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაიყვანა, მან კატოს დედის, ახალგაზრდა ნანას როლი ითამაშა.

თამარი 27 წლისაა. მსახიობი არ არის, ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. მის ცხოვრებაში 5 წლის წინ ტრაგედია დატრიალდა, მეუღლე გარდაეცვალა. ამ დიდ ტკივილზე არ ლაპარაკობს, ორ შვილს ზრდის. უფროსი შვილი, ლუკა, 10 წლისა, ლაშა – 7 წლის.

თამარ, როგორც თქვენი და, თინა წერს, ნანას როლი თქვენი სამსახიობო დებიუტი ყოფილა. რას საქმიანობთ და სერიალში როგორ აღმოჩნდით?

– ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, საცალო სესხების უფროსი ექსპერტი ვარ. ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, წარმოუდგენლად დაკავებული ვარ. ახლაც მიკვირს, როგორ მოვახერხე გადაღებებისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება.

სამსახურში ვიყავი, როდესაც სერიალიდან დამირეკეს. სინჯის გავლის შემდეგ მითხრეს, ხვალ გადაღება გაქვსო. ფაქტობრივად, გადაწყვეტილების მიღება არც დამჭირდა, გათენდა და ნანას ცხოვრება დაიწყო.

რამდენიმე სეზონში თინას მთავარი როლი ჰქონდა და, ბუნებრივია, ამ სერიალის მაყურებელი და გულშემატკივარი იქნებოდით.

– რა თქმა უნდა, ასე იყო. ამ სერიალს ყოველთვის ვუყურებდი და მომწონდა ის, რასაც “ფორმულა კრეატივი” ქმნიდა.

აქამდე არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ გქონიათ, თუნდაც მცირე როლი რეკლამასა ან ვიდეორგოლში?

– ჩემთვის ეს პირველი გადაღება იყო და აქამდე არანაირი გამოცდილება მქონია.

მიუხედავად ამისა, ყველაფერს კარგად გაართვით თავი, ეს გამოხმაურებებსაც ეტყობა, თქვენს როლს დადებითი შეფასებები მოჰყვა.

– მაყურებელი კმაყოფილი დარჩა, დადებითი შეფასებები გაკეთდა. ამ კომენტარების წაკითხვა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.

როგორი შთაბეჭდილებები მიიღეთ გადასაღებ მოედანზე, დამღლელი ხომ არ იყო ეს ყველაფერი?

– გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობდი, ნეტა, ეს ყველაფერი ვინმეს როდესმე თუ ბეზრდება-მეთქი. თუ კიდევ მექნება შანსი, ვითამაშო, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, რომ იგივე გამოვცადო.

თინას და თქვენი ურთიერთობის შესახებ მოგვიყევით, როგორი დობა გაქვთ, ერთმანეთს რჩევებს თუ ეკითხებით.

– სამი დედმამიშვილი ვართ – თინა, მე და ჩვენი 19 წლის ძმა, გიორგი. სამივეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე და თინას ერთ ოთახში გვეძინა, ხელიხელჩაკიდებულები გავიზარდეთ. საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფსა და სკოლის ერთ კლასში ვსწავლობდით. ჩემი ძმის დაბადების შემდეგ ვცდილობდით, ერთად მიგვეღო მის გაზრდაში მონაწილეობა.

ორივე, დაც და ძმაც, ჩემი საუკეთესო მეგობრები და მრჩევლები არიან. ბავშვობიდან მოყოლებული, თუ როდესმე არ დამიჯერებია თინასთვის, მერე საშინლად მინანია. ის საუკეთესო და და მზრუნველი დეიდაა ჩემი შვილებისთვის.

თინას გარშემო მუდმივად ხმაური, სკანდალებია ხან მისი გამონათქვამების, ხან ძალიან თამამი ფოტოების გამო. მისი ამერიკაში სწავლის დაფინანსებაც განსჯის თემა გახდა. ამ ყველაფერს როგორ ხვდებით, არ განიცდით?

– მე არ მახსოვს, მისი განცხადების გამო რამე განმეცადოს.

რა ხდება ახლა თინას ცხოვრებაში, როგორ მიდის სწავლის საქმეები?

– ნიუ იორკში, ფეირსტეინის კინოს უმაღლესი სკოლის მაგისტრატურაში სწავლობს კინორეჟისურას. არანორმალურად დატვირთული გრაფიკი აქვს. დღე და ღამე კინოსტუდიაშია და უამრავ პროექტზე მუშაობს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. უკიდურესად იღლება, მაგრამ ფანატიკურად უყვარს თავისი საქმე და კინო. ჩემი აზრით, ამჟამად ცხოვრების საუკეთესო ეტაპი აქვს და არის საუკეთესო ადგილას, სადაც შეიძლება, რომ იყოს.

თქვენს პირად ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი. იქნებ ამის შესახებაც ვისაუბროთ.

– ბევრს ვერაფერს გეტყვით. მეუღლე 5 წლის წინ გარდამეცვალა, ავტოავარიაში მოყვა. მყავს ორი შვილი, რომლებიც ჩემი ძმები, უახლოესი მეგობრები და ყველაზე ჭკვიანი ბიჭები არიან.