რუსი ექთანის ავღანური თავგადასავალი

რუსი ექთანის ავღანური თავგადასავალი

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ტრადიციულად თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

გენერალი რომან გვენცაძე ყვებოდა: „გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, თბილისში, ერთი ჯიბგირი იყო მეტსახელად „გრძელთითა“. მაგარი ვინმე იყო, „ნა ხადუ“ ჩალიჩობდა“. მოქალაქეებს ქუჩაში, მოძრაობისას აცლიდა ჯიბეებიდან და ჩანთებიდან საფულეებს და თავის უზარმაზარ გამოწვრთნილ ბულდოგს ატანდა საიდუმლო სამალავში. ბულდოგს სხეულზე ტყავის ჩანთა ჰქონდა მიმაგრებული და პარტნიორები (ძაღლი და „გრძელთითა“) ისე შეთანხმებულად მუშაობდნენ, რომ მოხელთებას ვერ ვახერხებდით.

ერთ დღეს ახალგაზრდა ოპერები საქმიან შემოვლაზე ვართ პლეხანოვზე და უცებ „გრძელთითა“ გამოჩნდა თავის უზარმაზარ ბულდოგთან ერთად. ჩვენ „ჩასავლებად“ მოვემზადეთ, მაგრამ მან ისე უცებ ამოაცალა ვიღაც კაცს საფულე და შემდეგ ბულდოგს ჩაუდო, რომ რეაგირება ვერ მოვასწარით. ბულდოგმა კი მოკურცხლა და უკვე ყველა იმედი გადაგვეწურა. თუმცა მოხდა კურიოზი. ბულდოგი ათიოდე მეტრში „დატორმუზდა“ და თავისი ჯიშის დედალს დაეტაკა, რომელიც ერთ მშვენიერ გოგონას მოჰყავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქურდის „პაძელნიკი“ ბულდოგი ერთობლივი ძალებით გავკოჭეთ და მას მოპარული საფულე ჩამოვართვით. ავიყვანეთ „გრძელთითაც“ და მოპარულ საფულეზე ამოსული ანაბეჭდებით ეს მოუხელთებელი ჯიბგირი „გავსროკეთ“. სამი წლის მერე, როცა „გრძელთითა“ ციხიდან გათავისუფლდა, მან იმ გოგონაზე იქორწინა, რომლის ძუკნამაც მას „პაძელნიკი“ გადაურია“.

ბატონი რომანი კიდევ ერთი „შემთხვევის“ შესახებ მოგვიყვება.

„ეს ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და მისი მონაწილეები ცნობილი წყვილია, რომელთა ვინაობას არ დავასახელებ და პირობითად მათ აბესალომი და ეთერი ვუწოდოთ...

მოკლედ, ზაფხულის ერთ საღამოს 20 წლის ეთერი ლექციებიდან ფეხით ბრუნდებოდა სახლში და გზად საბურთალოს სასაფლაო უნდა გაევლო. გზაში მას აბესალომი წამოეწია, რომელიც ასევე, საღამოს ლექციებიდან ბრუნდებოდა და გაცილება შესთავაზა. სასაფლაო რომ ჩაათავეს, ეთერმა აბესალომს უთხრა:

– რა კარგი ბიჭი ხარ, რომ გამომაცილე, თორემ მარტო რომ მევლო, შიშისგან, ალბათ, გული გამისკდებოდაო.

აბესალომი საკმაოდ ოხუნჯი ვინმე გამოდგა და ეთერს ხუმრობით უთხრა:

– ასეთია ჩემი ბედი. მარტოხელა გოგონას რომ ვხედავ, ვდგები და ვაცილებ. სიცოცხლეში კი უფრო სხვანაირი ბიჭი ვიყავიო...

გოგონამ იფიქრა, ზომბს ველაპარაკებიო, შიშისგან შოკში ჩავარდა და გული წაუვიდა. ბიჭმა გულწასული ეთერი რესპუბლიკურ საავადმოყოფში წაიყვანა და გოგონა ძლივს მოასულიერეს. გამოგვიძახეს ჩვენც (მაშინ მილიციის რაიონულ განყოფილებაში ვმუშაობდი). ბიჭი თავს იკლავდა – ჩემი ბრალია ყველაფერი და დამხვრიტეთო.. ერთი სიტყვით, ეთერი სამი დღე გააჩერეს საავადმყოფოში და აბესალომი მის სასთუმალს არ მოშორებია, ღამეებს უთევდა. სამი თვის მერე კი წყვილი დაქორწინდა და დღეს მათ მთელი საქართველო იცნობს...

გენერალი თენგიზ ეპიტაშვილი იხსენებდა: „ერთხელ ავღანეთში ოთხი კამიკაძე მოჯაჰედი შევიპყარით. ისინი დინამიტით გატენილი სატვირთო მანქანით შემოვარდნენ ჩვენი ნაწილის ტერიტორიაზე, თუმცა სასწაული მოხდა და არ აფეთქდა. დაკითხვა რომ ჩავატარეთ, ოთხივე მოჯაჰედი დუმდა, რადგან „იდეინები“ იყვნენ. არადა ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდნენ. ის-ის იყო, მოჯაჰედები „ასობისტებისთვის“ უნდა გადაგვეცა, რომლებიც ქვასაც კი აალაპარაკებდნენ, რომ შტაბიდან შეგვატყობინეს, ხელი არ ახლოთ, ხვალ ჩვენს ტყვეებში უნდა გავცვალოთო. ამიტომ, ოთხივე საკანში გამოვამწყვდიეთ. „პოვარი“ გვყავდა, ერთი მეგრელი ტიტე ლატარია. ეშმაკი და საზრიანი კაცი იყო. მოვიდა და მითხრა:

– მოჯაჰედების ალაპარაკება მე მომანდე და ნება მომეცი, ვიმოქმედოო.

– იმოქმედე-მეთქი, – ვუთხარი ტიტეს.

მოკლედ, ჩვენს „სანჩასტში“ (სამედიცინო ნაწილი) 32 წლის ოთხჯერ განათხოვარი, ექთანი დუნია კვაშკინა გვყავდა. მას, რომ იტყვიან, სექსუალური ცოფი სჭირდა და მამაკაცები ვერ  აკმაყოფილებდნენ. ქმრებსაც ამის გამო გასცილდა. ტიტემ სწორედ ის ექთანი შეუშვა დაპატიმრებულ ოთხ მოჯაჰედთან. დუნიამ მთელი ღამე მათთან გაატარა, დილით გამოვიდა და ჩვენც შევედით, მთვრალმა და ნასიამოვნებმა მოჯაჰედებმა კი ყველაფერი პირწმინდად ჩაგვიკაკლეს. მოკლედ, წასვლა აღარ უნდოდათ. ლამის ძალით გავყარეთ და ჩვენებში გავცვალეთ. ზუსტად სამი დღის შემდეგ ოთხივე მოჯაჰედი უკან დაბრუნდა. ჩვენ მიერ ძებნილი საველე მეთაურიც მოიყვანეს, ჩაგვაბარეს, თავადაც ჩვენთან ჩაეწერნენ და დუნიასთან შეხვედრა გვთხოვეს. „დუნია „ბეზატკაზნი“ იყო და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.“

დღევანდელი „კრიმინალური ისტორიების“ დასასრულს ერთ „უჩვეულო“ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს თანამემამულეს შეემთხვა. გარკვეული მიზეზის გამო ამ ადამიანის ვინაობას საიდუმლოდ შევინახავთ.

„ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გახლავართ, არც არასოდეს ვყოფილვარ „ბრალიანი“ ან რამე დიდი თანამდებობის პირი, უბრალოდ, ახალგაზრდობაში, როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩხიკინი“ მიყვარდა. ჩემს ოთახში ათასი დაშლილი რადიო თუ მაგნიტოფონი მეყარა. ხან რას ვაწყობდი, ხან – რას. ჩემს დაბა შორაპანში პირველი „რადიოხულიგანი“ გახლდით.

70-იანი წლები გახსოვთ ალბათ. მაშინ ჯარში ყველა მიდიოდა და მეც მომაკითხეს. კაი სუფრით გამაცილა ოჯახმა და თავი რუსეთში ამოვყავი „სვიაზისტად“. ყველაფერი საიდუმლო იყო. მე 51-ე ვიყავი. ყველას ნომრებით ვიცნობდი. მქონდა ჩემი ოთახი და ის ადგილი, სადაც ვმუშაობდი.

ორი წლის შემდეგ უფროსმა ოფიცერმა დამიძახა და მკითხა, შვებულება არ გინდაო? როგორ არა-მეთქი, ვუპასუხე და გამოვტრიალდი. მან მკითხა, სად მიდიხარო. მეც ვუპასუხე, – ბარგის ჩასალაგებლად-მეთქი. ასე არ მითხარით, შვებულებაში გიშვებთო?! მას გაეცინა და მითხრა, შვებულებით სახლში კი არ გიშვებთ, უბრალოდ, მაღლა აგიყვანთ, გემზე, სამი კვირით. სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ, სამუშაოდან დაისვენებო. მაშინაც მკაცრად გამაფრთხილეს, ზევით კაციშვილს არ უნდა უთხრა, სად მსახურობ ან რას აკეთებო.

მოკლედ, ის შვებულებაც და კიდევ ერთი წელი იქ ვიმსახურე. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნები ასეთი საიდუმლო სამსახურიდან სახლში დაბრუნებული, როცა ყველა ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი გეკითხება, სად იყავი, რას აკეთებდიო. მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, მით უმეტეს, რომ სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მოსკოვში პოლკოვნიკი დაგვხვდა და გაგვაფრთხილა საიდუმლოს არგამხელის შესახებ. ეს კია, რაღაც ნომერი მომცეს, თუ რამე დაგჭირდეს, ამ ნომერზე დაგვირეკე, იმ შემთხვევაში, თუ კოდური სიტყვა „ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“ ნომერი ესა და ეს“ არ გაითვალისწინესო.

ჩამოვედი თუ არა, ელემენტების ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ცოლიც მოვიყვანე, მშვიდობიანად ვცხოვრობდი ჩემთვის და არც რამე პრობლემა მქონია, რომ კოდი გამომეყენებინა. მერე ჩვენთან ახალი უბნის ინსპექტორი დანიშნეს. არ ვიცი, ვინ რა უთხრა ჩემზე, მაგრამ რატომღაც, გადამეკიდა. სადაც შემხვდებოდა, თითს მიქნევდა – დაიცა, შენ რა გიყოო.

ერთხელ „ზაკაზად“ შევხვდი. ვუთხარი, რა გინდა, ერთი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ-მეთქი. მან მიპასუხა, მე ყველაფერი ვიცი, შენი წარსულიც და აწმყოც. მოვა მაგის დრო და, ხელბორკილებს რომ დაგადებ, მერე გეტყვი, რაც მინდაო. მოკლედ, ბოლოს უკვე, რომ ჩაივლიდა და დამინახავდა, ხალხშიც მეძახდა, – შენ თუ არ დაგიჭიროო.

ბოლოს და ბოლოს, ყელში ამომივიდა, კარგად გამოვეწყვე, ზესტაფონის პოლიციის უფროსთან შევედი და ის კოდური სიტყვა ვუთხარი: „მე ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“, ეს ნომერი ვარ-მეთქი“. კაცი სავარძლიდან წამოხტა – აბა, რამ შეგაწუხათ, რა პრობლემა გაქვთო. მეც ძალა ვიგრძენი და ვუთხარი, ეს თქვენი ახალი ინსპექტორი გადამეკიდა და თქვენ თუ არ მომაშორებთ თავიდან იძულებული ვიქნები, ამ ნომერზე დავრეკო-მეთქი და ნომერიც წინ დავუდე. მილიციის უფროსი გაგიჟდა: რას ბრძანებთ, ბატონო, იქ დარეკვა რად გინდათ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებო. იმ წამს დარეკა, ახლავე მომიყვანეთ ესა და ეს ინსპექტორიო. სულ ორი წუთი მომიწია ცდა. შემოსვლისას, დამინახა თუ არა, გაეცინა და გამომძახა – ჰო ვიცოდი, მე თუ არა, სხვა მაინც მოგიყვანდა აქო. ამაზე უფროსი წამოუხტა: ვის ეუბნები მაგას! ახლავე განცხადება დაწერე და გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ინსპექტორი გაშავდა, ენა დაება, ვერც განძრევა მოახერხა, ვერც დაჯდომა. უფროსი კი ლანძღავდა – ეს უპატიოსნესი მოქალაქე როგორ გამინაწყენეო. უცებ ავდექი და უფროსს ვუთხარი, არ მინდა ამ კაცის გათავისუფლება, ოღონდ მე შემეშვას-მეთქი.

მოკლედ, ისევ მე დავტოვე სამსახურში. ამის მერე, თუ სადმე დამინახავდა, მართლაც გამეცლებოდა ხოლმე, რამდენჯერ ქუჩიდან მეორე მხარეს გადასულა. ერთხელ ქეიფში შევხვდით და, უკვე შეზარხოშებული რომ ვიყავით ყველანი, გვერდით მომიჯდა და მითხრა: ერთი ის ვიცი, რომ ვანო ხარ, შორაპანში ცხოვრობ, აქ უცხოვრია შენს გვარსა და ჯიშს, აქ გიმუშავია და, თუ რამე გიკეთებია, აქ გიკეთებია... მეტი ვინ ხარ ასეთი, ერთი ეს მითხარი, თუ ძმა ხარო. ჯერ შიშით რას ვეტყოდი, მეორეც, თვითონაც არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და მისთვის რა უნდა მეთქვა“.

სოციალისტი ამ სურათის დანახვაზე ამ ხნის კაცს გული ამიჩქროლდა! ძალიან მწყდება გული რომ ბრძენი ქართველი ერი დასავლელმა ტრაკუჩებმა ასე გაგვაბრიყვეს 1989-91 წლებში და იმის მერე ხომ პერმანენტულად გვაბრიყვებენ!
5 წლის უკან